არსებობენ მასწავლებლები, რომელთა საქმიანობაც კლასის კედლებს სცდება და მათი ხმა ბევრად უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს. დღეს გვინდა სწორედ ასეთი ადამიანი გაგაცნოთ, რომელიც თოთხმეტი წელია სკოლაში ინგლისურს ასწავლის, მაგრამ მისი ყოველდღიურობა მხოლოდ გაკვეთილის გამოკითხვა და შემაჯამებლები ნამდვილად არ არის. ინგა მდივანი ორჯერ იქნა მიწვეული ნობელის პრემიის მასწავლებელთა სამიტზე ევროპაში, ცოტა ხნის წინ კი აშშ-დან, კერძოდ, Fulbright-ის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამიდან დაბრუნდა, სადაც რთული კონკურსის გავლის შედეგად მოხვდა და ამ სტატიაში, რომელსაც გზამკვლევის ფუნქციაც ექნება, მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა, რა გამოცდილება მიიღო და როგორ აქცია მასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად, რომელსაც საზღვრები არ აქვს.
ეს არ არის უბრალოდ ამბავი ერთი ადამიანის წარმატებაზე – ამ ინტერვიუს მიზანია, ახალბედა პედაგოგებს ვაჩვენოთ, რეალურად, რამდენი პერსპექტივა არსებობს, რომლებზე ინფორმაციაც ხშირად მასშტაბურად არ ვრცელდება.

საგნის სწავლება სხვადასხვა დისციპლინასთან ინტეგრაციით
ინგა მდივანი:
„სკოლაში მუშაობის დაწყების პირველივე წელს გამიჩნდა სურვილი, ჩემი მოსწავლეების ცოდნა, უნარები და მუშაობის შედეგი წლის შემაჯამებელი ღონისძიებით აღმენიშნა, სადაც შემფასებლები თვითონ, თავიანთი მშობლები და სტუმრები იქნებოდნენ.
ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, რომ საკლასო სივრცის გარდა, მოსწავლეების შესაძლებლობები უფრო ფართოდ დამენახა. მათში სულ ვეძებდი და ვპოულობდი რაიმე უნარს/ნიჭს, რომელიც პირდაპირ ჩემს საგანს არ უკავშირდებოდა, მაგრამ შემეძლო ენის, ნასწავლის ინტეგრირება სხვადასხვა მიმართულებასთან, იქნებოდა ეს სიმღერა თუ საჯარო მეტყველება. ერთხელ სასამართლო პროცესიც კი დავდგით, ინგლისურად წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით, სადაც ნაფიცი მსაჯულებიც გვყავდა და საპროცესო წესებიც მაქსიმალურად დავიცავით წინასწარ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედარებით დაბალ კლასებთან კი წაკითხულ ლიტერატურას სპექტაკლებსა და მიუზიკლებში ვაცოცხლებდით.
ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მჯერა, მხოლოდ საგნის სწავლება საკმარისი არაა, თუ მართლა გინდა, რომ შენი მოსწავლე საკლასო ოთახის გარეთ, რეალურ სამყაროში იყოს წარმატებული და იმ ცოდნის გამოყენება შეძლოს, რასაც გაკვეთილზე აძლევ. ვფიქრობ, ენის მასწავლებლებს ამ მხრივ ბევრი საშუალება გვაქვს, რადგან შეგვიძლია სხვადასხვა კონტექსტში ვასწავლოთ საგანი, სხვადასხვა სფეროს ინტეგრირება მოხდეს ენის გაკვეთილებში.
დღეს, როცა ტექნოლოგიებმა ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა, როცა თაობაც ბევრად განსხვავებულია – თავისუფალია აზრის დაფიქსირებაში, კარგად ფლობს ციფრულ ხელსაწყოებს და უფრო კრიტიკულად მოაზროვნეა, მასწავლებელი არ უნდა ჩამორჩეს ამ სწრაფ განვითარებას და გამოიყენოს ყველა ეს რესურსი – როგორც საკუთარი, ისე მოსწავლეების განვითარებისთვის”.
TEDx-ის ლიცენზია და მოსწავლეები, როგორც მომხსენებლები
„TED არის საჯარო მეტყველების ცნობილი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ადამიანები აზიარებენ ინოვაციურ ან სხვა ისეთ იდეებს, რომლებმაც შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, დააფიქროს, შთააგონოს ან უბიძგოს კეთილი საქმეებისკენ. ახალგაზრდა თაობისთვის არსებობს ღონისძიება TEDx Youth და მიხარია, რომ ჩემს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩვენი სკოლის ლიცენზიის წყალობით, რომლის მოპოვებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, მონაწილეობა მიიღონ TEDx-ის ადგილობრივ კონფერენციებში და თავიანთი სათქმელი საზოგადოებას გაუზიარონ.
ღონისძიებას ყოველწლიურად ვატარებთ ინგლისურ ენაზე, რაც დამატებითი გამოწვევაა მონაწილეებისთვის. შემდეგ ჩანაწერი ოფიციალურად ქვეყნდება TED-ის იუთუბგვერდზე. ლიცენზიის განახლება ყოველწლიურად ხდება შესაბამისი აპლიკაციის საფუძველზე. ღონისძიების თემის იდეა კი აქტუალობის მიხედვით და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩევა. მაგალითისთვის, გვქონდა თემები: What if, Every Drop Counts, Voices of Change და სხვა”.
საერთაშორისო გამოცდილება – ნობელის პრემიის მასწავლებელთა სამიტი

„პირველად ნობელის პრემიის მასწავლებელთა სამიტში მივიღე მონაწილეობა სტოკჰოლმში, სადაც შევხვდი 300-ამდე მასწავლებელს სხვადასხვა ქვეყნიდან. სამიტის თემა იყო „გლობალური პრობლემები და მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის”, ამ თემაზე ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით. ამ ვიზიტისას, ასევე, ვმონაწილეობდი პროგრამაში, რომლითაც გავეცანი შვედურ საგანმანათლებლო სისტემას, დავესწარი გაკვეთილებს, შევხვდი ადგილობრივ სკოლის მასწავლებლებს, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი ხედვა და მეთოდები არა მარტო სწავლების, არამედ მოსწავლეებთან ურთიერთობის ჭრილშიც. შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, საკუთარი თვალით დამენახა მათი საგაკვეთილო პროცესი, ბავშვების აქტივობები შესვენებაზე; დავკვირვებოდი ისეთ ნიუანსებს, როგორ მიმართავდნენ დირექტორს და ა.შ., ამის მიხედვით კი გამეკეთებინა საკუთარი დასკვნები, შემედარებინა ჩვენს სისტემასთან.
ორი წლის შემდეგ მეორედაც მივიღე სრული დაფინანსება და ისევ მოვხვდი ამ სამიტზე, სადაც მთავარი თემა იყო „დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა, ადამიანთა უფლებები და ზოგადად, განათლების მნიშვნელობა გლობალური პრობლემების მოგვარებისთვის”.
პანდემია არა როგორც გამოწვევა, არამედ შესაძლებლობა
„ჩემს საერთაშორისო პრაქტიკაზე პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ამ დროს ინტერნეტი მთავარი ატრიბუტი გახდა საკომუნიკაციოდაც და ინფორმაციის მოსაძიებლადაც. სწორედ ამ პერიოდში გავწევრიანდი „მასწავლებელთა ონლაინსაზოგადოებაში”, რამაც შესაძლებლობა მომცა, მეკონტაქტა პედაგოგებთან მსოფლიოს ყველა კუთხეში როგორც ლაივსესიების, ისე სადისკუსიო ფორუმების რეჟიმში.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემი კვლევაში ჩართვა, რის შედეგადაც გავხდი მენტორი და ვიმუშავე არა მხოლოდ ქართველ, არამედ ყაზახ მასწავლებლებთან ერთად – ვეხმარებოდი პედაგოგიური კვლევის ჩატარებაში. ამავე პროექტის წყალობით მიმიწვიეს ბრიტანეთის საბჭოს ვებინარებისა და ონლაინკონფერენციების პრეზენტატორად, რამაც შემძინა მეტი თავდაჯერებულობა და მზადყოფნა, რომ უკვე ფიზიკურადაც მიმეღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში”.
ამერიკული განათლება – გზა Fulbright-ამდე

„სხვადასხვა დროს მქონდა საშუალება, ამერიკის საელჩოს ინგლისური პროგრამების კოორდინატორის ნომინაციით, გამევლო ინტენსიური კურსები: Tesol methodology Global Online Course, Professional Development for Teacher Trainers Global Online Course და OPEN MOOC-ის თითქმის ყველა კურსი. ორივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოთავაზებულია და სრულიად უფასოა.
წელს კი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება ავისრულე, ეს არის Fulbright-ის მასწავლებლის დახელოვნების პროგრამა – გამოცდილება, რომლის აღსაწერადაც სიტყვები არასოდეს მეყოფა. მას სრულად აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გადიან ინტენსიურ, სპეციალურად მათთვის შექმნილ კურსს, რომელიც მოიცავს სემინარებს, ვორკშოპებს, კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებს ექვსი კვირის განმავლობაში”.
როგორ გავხდი Fulbright-ელი
„ამერიკელებისთვის ძალიან პრესტიჟულად ითვლება ფულბრაიტელობა, ამიტომ იქაურ პროფესორებსაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ ყველა მონაწილე ქვეყნიდან საუკეთესო მასწავლებელი იქნებოდა შერჩეული. შესაბამისად, შერჩევა ხდება მაღალკონკურენტული კონკურსის საფუძველზე, რაც რამდენიმე თვესა და ეტაპს მოიცავს.
- დეტალური აპლიკაციის შევსება, სადაც ჩანს შენი გამოცდილება, მოტივაცია და სამომავლო გეგმები;
- აპლიკაციიდან შერჩევის მერე – გასაუბრება, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე;
- TOEFL-ის გამოცდის ჩაბარება ენის ცოდნის დასადასტურებლად.
ამ მესამე ეტაპის შემდეგ დიდხანს ელოდები შედეგებს, თუმცა ჩემს შემთხვევაში სასურველი პასუხი მოვიდა და სრული დაფინანსებით გავემგზავრე აშშ-ში”.
ქართველი მასწავლებლის ამერიკული გამოცდილება

„ჯორჯიის შტატში, ატლანტაში მდებარე Georgia State University-ში გამანაწილეს. პროგრამა, ზოგადი განათლების სემინარებსა და ვორკშოპებთან ერთად, მოიცავდა საგნობრივ აქტივობებს. ჩემს შემთხვევაში – ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკულ სესიებს, ვორკშოპებს ტექნოლოგიების განათლებაში გამოყენების, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების შესახებ. თითო სესია 2-3 საათს გრძელდებოდა და გვქონდა დავალებები, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, პრეზენტაციები.
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა დატვირთული იყო კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობებით, ასევე გასვლითი ღონისძიებებით, მაგალითად, მუზეუმებში, ქალაქის მერიაში და სხვა, რასაც ასევე საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო მოხალისეობრივი საქმიანობა – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეგროვებული პროდუქტის გადახარისხება და დაფასოება, რაც ჩვენთვის, სამწუხაროდ, არაა ხშირი აქტივობა, აშშ-ში კი ჩვეულებრივი მოვლენაა და ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ.


აუცილებლად აღსანიშნავია ამერიკულ სკოლაში მიღებული გამოცდილება, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. განაწილებული ვიყავი North Atlanta High School-ში, სადაც დავესწარი International Baccalaureate IB ლიტერატურისა და უცხო ენის სწავლების გაკვეთილებს მე-10, 11, 12 კლასებში. პარტნიორ მასწავლებელთან ერთად მეც ჩავატარე რამდენიმე გაკვეთილი სხვადასხვა კლასში და ამერიკელ მოსწავლეებს ვესაუბრე საქართველოს შესახებ. მათგან დიდი პატივისცემა და ინტერესი იგრძნობოდა, დამისვეს ბევრი შეკითხვა. ერთ-ერთ გაკვეთილზე კი ჩემი ქართველი მოსწავლეების სპეციალურად ამერიკელი ბავშვებისთვის ჩაწერილი ვიდეო ვაჩვენე, სადაც გააცნეს საკუთარი სკოლა და ყოველდღიური ცხოვრება, ინტერესები. ამერიკელი მოსწავლეები აღფრთოვანდნენ ჩვენი მოზარდების ინგლისური ენის დონით. შემდეგ თვითონაც მოინდომეს ვიდეოს ჩაწერა, რომელშიც ისაუბრეს ამერიკული სკოლისა და ამერიკელი მოსწავლეების ცხოვრების თავისებურებებზე. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო ჩამოსვლითანავე გავუზიარე ჩემს მოსწავლეებს, რაც მათთვის ძალიან სასიამოვნო ჟესტი აღმოჩნდა. მეტიც, უკვე დავგეგმეთ ვირტუალური შეხვედრა ამერიკელ თანატოლებთან, რომელსაც მოუთმენლად ველით მეც და ბავშვებიც.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ყველა ამერიკელმა კოლეგამ ძალიან თბილად და მეგობრულად მიმიღო, გულუხვად გამიზიარეს საკუთარი რესურსები. თუმცა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ ადგილობრივ პედაგოგებთან, არამედ ჩემსავით პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაც. ჩემს ჯგუფში 22 მასწავლებელი ვიყავით 19 ქვეყნიდან. თითოეული სრულიად უნიკალური ადამიანია, განსხვავებული ტრადიციებითა და გამოცდილებით. მათთან ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია ჩემს შეხედულებებზე, ღირებულებებზე, საკუთარ თავზე დამაფიქრა და შემცვალა.
ზოგადად, ამ პროგრამაში მონაწილეობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება იყო. რთულია სრულად გადმოვცე, რამდენი რამ ვისწავლე და რამდენად გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. მოსწავლის როლში ყოფნამ კარგად დამანახა, რას შეიძლება გრძნობდეს ჩემი მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში, რა იქნება მისთვის მოსაბეზრებელი და რა – საინტერესო”.

სამომავლო გეგმები – შვეიცარია, პორტუგალია…და ისევ აშშ
„მთავარი ოცნება, Fulbright-ის პროგრამა, ახდენილია და ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ვცდილობ, მიღებული საერთაშორისო გამოცდილება საქართველოში შემოვიტანო და ჩემს მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები შევთავაზო – მივცე მეტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, არჩევანის საშუალება, რომ საკუთარი ცოდნა თუ შესაძლებლობები სასურველი გზით წარმოაჩინონ. ჩემი გაკვეთილები მოსწავლეზეა ორიენტირებული და მიმართულია იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც მხოლოდ გამოცდებს კი არ ჩააბარებინებს, არამედ ცხოვრებაშიც გამოადგება. ამასთან, ჩემი მიზანია, სხვა მასწავლებლებისთვისაც ვიყო სასარგებლო, ჩავუტარო ვორკშოპები და გავუზიარო ის გზა, რაც მე გავიარე. განსაკუთრებით იმ სეგმენტზე ვარ ფოკუსირებული, რომლისთვისაც ეს რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომია.
9 მაისს TEDx Youth-ის კიდევ ერთი ღონისძიებისთვის ვემზადებით მე და ჩემი მოსწავლეები. პარალელურად, დაგეგმილი მაქვს ვიზიტები: აპრილის ბოლოს – შვეიცარიაში, მაისში პორტუგალიაში, ხოლო ზაფხულში ისევ აშშ-ში, სადაც სამდღიან კონფერენციას დავესწრები და 15 უნივერსიტეტს მოვინახულებ, რათა ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეების საერთაშორისო განათლების ხელშესაწყობად გამოვიყენო და თავადაც განვვითარდე, როგორც საუნივერსიტეტო მრჩეველი.
ჩემი საერთაშორისო გამოცდილება მეხმარება, მოსწავლეები დავარწმუნო, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, არ დაკმაყოფილდნენ მინიმუმით და დიდი ოცნებები დაისახონ; ვაჩვენო რეალური მაგალითი, რომ თუ მოვინდომებთ და ბევრს ვიშრომებთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი















