ვიზუალური თხრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი ლიტერატურული მიმდინარეობაა, რომელსაც უკვე საქართველოშიც უვითარდება მყარი საფუძველი. სწორედ ამ კულტურული ნიშის შევსებას ისახავს მიზნად ახალი გამომცემლობა „მატარებელი“, რომელიც შემოქმედებითი ჰოლისტური დიზაინის კომპანია “ჰოლი მოტორსისა” და მწერლის, რედაქტორისა და გრაფიკული ლიტერატურის ენთუზიასტ მიხეილ ციხელაშვილის ინიციატივით შეიქმნა. გრაფიკული ლიტერატურის სამყაროს საქართველოში გაცოცხლება – ასე შეიძლება აღიწეროს „მატარებელი“ მთავარი მიზანი, რომელიც კომიქსის როლს ქართველ მკითხველში საგრძნობლად შეცვლის, მსუბუქი საკითხავიდან სიღრმისეულ ლიტერატურულ ფორმამდე. ბაზარზე გამოსასვლელად პირველი ორი გამოცემა ემზადება – გერმანელი ავტორის პოპულარული „ქინდერლენდით“ და მინდია არაბულის ინოვაციური კომიქს-პოეზია. ამრიგად, გამომცემლობა მიყვება ახალი ჟანრის პოზიციონირების სტრატეგიას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დამკვიდრებული აღქმისგან. გამომცემლობის ჩამოყალიბებაზე, ლიანდაგებზე დაყენებასა და განვითარების პერსპექტივაზე მიხეილ ციხელაშვილი და გიორგი ავალიანი გვესაუბრნენ.
M: პირველ რიგში, ვუამბოთ მკითხველს, რა არის გრაფიკული ლიტერატურა? რას უკავშირდება „მატარებელის“ შთაგონება და რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ ნიშის დაკავება?
მიხეილ ციხელაშვილი: გრაფიკული ლიტერატურა არის ლიტერატურის ის ფორმა, რომელიც ტექსტისა და ვიზუალური ფორმების მეშვეობით ქმნის ერთიან, კომპლექსურ ისტორიას. ვიზუალური თხრობის ფორმიდან გამომდინარე, მას აქვს თავისი ტექნიკური მახასიათებლები – როგორც ტექსტის, ასევე იმიჯის – მაგალითად: პანელური განლაგებები, საუბრისა და ფიქრის ღრუბლის სტრუქტურები, თხრობის ჩარჩოები და ა.შ.
საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი კლასიკური სტილის კომიქსი, მანგა გრაფიკული რომანი, კარიკატურული სკეჩებიც კი და სხვა ამდაგვარი საკითხავი სწორედ გრაფიკულ ლიტერატურას განეკუთვნება.
რაც შეეხება ნიშის დაკავებას, ეს არ ყოფილა მხოლოდ ბიზნეს-გადაწყვეტილება. ბავშვობიდან მოყოლებული, მიყვარს ლიტერატურის ეს ფორმა და ჩემს გემოვნებასა და ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამდაგვარმა საკითხავმა. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გამიკეთებია სხვა ქართულ თუ არაქართულ გამომცემლობებთან (DC-ის ქართული გამოცემები, „პერსეპოლისი“, გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“, კომიქსი „უჩინარი“ და სხვა) და ის ვნება და პატივისცემა რაც ამ ჟანრისადმი მაქვს, განსაკუთრებული სიყვარულით დაილექა ჩემში. ჰოდა, წლების წინ გადავწყვიტე, რომ რაღაც მომენტში აუცილებლად გავხდებოდი გრაფიკული ლიტერატურის გამომცემელი.

M: როგორი იქნება გამომცემლობის მუშაობის მექანიზმი – რა ტიპის პროექტებსა და სეგმენტზე იქნებით ორიენტირებულები?
მიხეილ ციხელაშვილი: გვინდა, ყველა ასაკის მკითხველს შევთავაზოთ ხარისხიანი საკითხავი. ამის საშუალებას გვაძლევს გლობალური კომიქს-ინდუსტრია. გვექნება როგორც საბავშვო და თინეიჯერული, ასევე უფროსებისთვის, მათ შორის გრაფიკული ჟურნალისტიკის პროექტები და მოვიცავთ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა მაგალითად: ომი, მარტოსულობა, კლიმატის კრიზისი, სიყვარულის რაობა თანამედროვე სამყაროში და ა.შ. კონკრეტულ შიდა-ჟანრობრივ ჩარჩოებს არ ვიწესებთ.
„მატარებელი კომიქსი“ სიცოცხლეს ორი წიგნით იწყებს: ერთის ავტორი გერმანელია, მავილი, იგივე მარკუს ვიტსელი. მისი გრაფიკული რომანი „ქინდერლენდ“ ევროპაში სუპერპოპულარული კომიქსია. მართალია, წიგნი მე-7 კლასელი მოზარდების ყოველდღიურობაზე გვიყვება, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ნაწარმოები მკაცრად საბავშვო საკითხავში არ მოიაზრება. სიუჟეტი აღმოსავლეთ ბერლინში, კედლის დანგრევის წინა დღეებში ვითარდება და ეს წიგნი როგორც ადამიანის ისე ქვეყნის თვითგამორკვევის პროცესზე მოგვითხრობს. ძალიან ბევრ საერთოს იპოვის ქართველი მკითხველი „ქინდერლენდის“ სიუჟეტთან და გმირებთან. მეორე წიგნი კი, არ მოვერიდები ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცემაა, რაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გვინახავს: მინდია არაბულის კომიქს-პოეზია. ჟანრადაც კი თითქოს უცნაური კლასიფიცირებაა, მაგრამ მინდიას ინსტაგრამ გვერდზე „საუკუნო უკუნი“ გამოქვეყნებულმა პოეზიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ეს ლექსები ხელახლა გადაგვეხატა, ბეჭდური გამოცემისთვის შესაფერისი ფორმატისთვის მოგვერგო და მკითხველამდე მიგვეტანა. დარწმუნებული ვარ დიდ სიტყვას იტყვის ეს კრებული ჩვენს ლიტერატურაში.
გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიკული ლიტერატურის გამოცემა ძალიან დიდ მუშაობას და ფინანსებს მოითხოვს, თავიდან ბევრს ვერ გამოვცემთ, თუმცა, რაოდენობაზე მეტად ხარისხზე ვართ ორიენტირებული. „მატარებელი კომიქსის“ გუნდის თითოეულ წევრს გვჯერა, რომ ჩვენი კატალოგი ასი პროცენტით ღირებული ლიტერატურული ნაწარმოებებით იქნება სავსე და რასაც გამოვცემთ, გამოვცემთ მაღალი ხარისხის თარგმანით, დიზაინითა და პოლიგრაფიით.

M: როგორ ჩამოყალიბდა გუნდი და შედგა თანამშრომლობა?
მიხეილ ციხელაშვილი: მე და გიორგი ავალიანი მართალია წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ამდაგვარ თანამშრომლობაზე ასე პირდაპირ არასოდეს გაგვჩენია იდეა. ჩვენი საერთო მეგობარი და აწ უკვე „მატარებელი კომიქსის“ სტრატეგი, გიორგი კარანაძე მიხვდა პირველი, რომ სწორედ „ჰოლი მოტორსთან“ უნდა გადაკვეთილიყო მატარებლის გზები (თუ ლაინდაგები?!) რომ იდეალური ბირთვი შეკრულიყო.
ამ ეტაპზე, გამოცემლობის საქმიანობაში რვა ადამიანია ჩართული, თუმცა, სიმართლე გითხრათ ჯერ ყველაფერს ენთუზიასტებივით ვეკიდებით. ყველანი სხვადასხვა საქმეებსაც ვაკეთებთ პარალელურად, მაგრამ იმედია ერთ დღესაც, ჯერ ეს საწყისი გუნდი გახდება „მატარებელი კომიქსის“ full-time გუნდი, მერე კი სხვებიც შემოგვემატებიან.
გიორგი ავალიანი: ვიზუალური კულტურა ჩვენი პროფესიული საქმიანობის განუყრელი ნაწილია ჰოლი მოტორსში და მივხვდით, რომ გრაფიკული ლიტერატურის გამომცემლობა ზუსტად ისაა, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. მიხეილთან ამ ჟანრის საერთო სიყვარულით დავმეგობრდით და გამიხარდება, თუ ბევრ ადამიანს გავუზიარებთ ჩვენს გულწრფელ აღფრთოვანებას. ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობასთან ერთად დიდი სიამოვნებაა თავად ნოველების „გადმოქართულებაზე“ ფიქრი, სადაც ავტორის ხელწერა ამბის გადმოცემის ყველაზე ეფექტური იარაღია. წინ ბევრი საინტერესო ქართველი ავტორი გვაქვს აღმოსაჩენი და ჩვენი თავგადასავლის ყველაზე საინტერესო თავი ალბათ ეგ არის. მთლიანობაში „მატარებელი“ იდეალურად ჯდება ჩვენს განზრახვაში, ვიყოთ ჰოლისტური დიზაინის კომპანია – ვიმუშავოთ ბრენდებისა და საზოგადოების სასარგებლოდ, ვიზუალური კულტურის გასამდიდრებლად და არტისტებს შორის ახალი ხიდების ასაშენებლად.
M: რა პოტენციალი აქვს გრაფიკულ ლიტერატურას საქართველოში?
მიხეილ ციხელაშვილი: მჯერა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თანამედროვე სამყაროში სადაც ვიზუალური თხრობა ასეთი დაწინაურებული ფორმაა ამბის მოყოლის, არც ლიტერატურაა ამაში გამონაკლისი. თანაც გრაფიკული ლიტერატურა უკვე საკმაოდ დაფასებული მიმართულებაა იმ ქვეყნებში, სადაც საგამომცემლო ინდუსტრია ძალიან დიდი და ძლიერია.
ჩვენთან პრობლემური გამოწვევა უპირველესად ისაა, რომ შესაცვლელია მკითხველის დამოკიდებულება ჟანრისადმი; კომიქსი დღემდე განიხილება როგორც რაღაც კომერციული, საღლიცინო საკითხავი, რომელსაც ორ წუთში ზერელედ წაიკითხავ და მეორე დღეს ეს წაკითხული აღარ გემახსოვრება. არადა მსოფლიოში უკვე ათასობით მშვენიერი კომიქს-ნამუშევარია შექმნილი, რომელიც თვალის ამხელი ნაწარმოები გამომდგარა ამა თუ იმ ქვეყანაში! ჩვენი მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა – გავამდიდროთ ქართველი მკითხველის ლიტერატურული ცნობიერება. რაც მთავარია, გვჯერა იმის, რომ ქართველ მკითხველს შეუძლია ასეთ წამოწყებაზე აყოლა.
ეს რწმენა კი ჰაერიდან არ მოდის. მახსოვს ჯერაც თინეიჯერი ვიყავი, როცა „პერსეპოლისი“ ვთარგმნე და მისი გამოცემა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული – 10-დან 9 ადამიანი ჩავარდნილ პროექტად წინსწრებით მიიჩნევდა. მაგრამ ამ წიგნზე თაობა გაიზარდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ქართველი მწერლებისგანაც მსმენია რომ „პერსეპოლისმა“ ტექნიკურადაც კი გაუფართოვა თვალსაწიერი და არაერთ ქართველ ავტორს უნდა მოჰყვეს ისტორია ამდაგვარად.
M: რას უკავშირდება სახელწოდება „მატარებელი”?
მიხეილ ციხელაშვილი: იმდენ რამეს უკავშირდება, რომ სრულად რომ გავყვეთ, ცალკე ინტერვიუს მასალა შეგროვდება. წლების განმავლობაში ვფიქრობდი თუ რა უნდა რქმეოდა გამომცემლობას და როგორც კი „მატარებელს“ მივაგენი მივხვდი, ეგ იყო!
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს სახელწოდება შევარჩიე ისაა, რომ მატარებლის ვაგონი ფორმით ძალიან ჰგავს კომიქსს. თითქოს ვაგონი ერთი საკითხავი მწკრივია, რომელიც თავისი ფანჯრებით სხვადასხვა პანელებად არის დაყოფილი.
M: როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს გრაფიკული ლიტერატურის განვითარება ქართულ კულტურაზე?
მიხეილ ციხელაშვილი: გვწამს, რომ „მატარებელი კომიქსი“ სწორედ ის კულტურული სიახლეა, რომელსაც ელოდა ქართველი მკითხველიც, მწერალიცა და მხატვარი აუდიტორიაც. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კომიქსის სხვა გამომცემლებიც არიან საქართველოში – დიდებიც და პატარებიც – და ამ ერთიანი ველი გამდიდრება, რა თქმა უნდა, დაემჩნევა სალიტერატურო სივრცესაც და ზოგადად ქვეყნის კულტურულ პროცესებსაც. გაგვიხარდება თუ ამ მხრივ ლოკომოტივის როლს შევასრულებთ და შემოვიკრებთ გარშემო ამ ჟანრის მოყვარულ აუდიტორიას – შემოქმედებსაც და მკითხველებსაც.
ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ის არის, რომ ამდაგვარი კომუნალური ერთობა შედგეს და ამ ერთობაში არტისტმა იცოდეს, რომ როდესაც მაგალითად კომიქსის შექმნა სურს, მას დამატებით საგამომცემლო ბიუროკრატიაზე აღარ ჰქონდეს ტვინი საჭყლეტი. გვინდა, დროთა განმავლობაში შევქმნათ გარემო, სადაც არტისტის სადარდებელი მხოლოდ და მხოლოდ ის იქნება თუ რა მოუყვეს მკითხველს. დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.













