მატჩა უდავოდ პოპულარულ სასმელად იქცა. სოციალურ მედიაში თითქმის შეუძლებელია სქროლოთ ისე, რომ არ შეგხვდეთ ამ მწვანე სასმლის კადრები, მინის ან წასაღებ ჭიქებში. საინტერესოა, რომ იაპონიაში მატჩას ინდუსტრია მზარდ მოთხოვნასთან გამკლავებას ვერ ახერხებს.
„POV: გოგოებმა იაპონიაში მატჩას დეფიციტი გამოიწვიეს,“ – გვამცნობს ერთ-ერთი ვირუსული TikTok პოსტი. ვიდეოში ნაჩვენებია წარწერა იაპონურ ჩაის მაღაზიაში: „ამჟამად, მატჩას შეძენა გართულებულია“. წარწერაში განმარტებულია, რომ ზაფხულში მაღალი გაყიდვების გამო, მაღაზიას სასმელის დასამზადებლად საჭირო ნედლეული გამოელია. „მატჩას ერთ ნაწილაკსაც კი არ ვკარგავ მას შემდეგ, რაც იაპონიაში მატჩას დეფიციტის შესახებ გავიგე,“ – დაწერა ერთმა TikTok მომხმარებელმა. სასმელი პოპულარული გახდა აშშ-შიც, სადაც მატჩას გაყიდვებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჰეშთეგს #MatchaTok TikTok-ზე 40,000-ზე მეტი პოსტი აქვს. მისი დახმარებით, მატჩას მოყვარულები აზიარებენ თავიანთ დილის მატჩას რუტინას, დიზაინსა და რეცეპტებს.
მატჩას ისტორია მე-8 საუკუნის ჩინეთიდან იწყება. ის მზადდება ჩრდილში გაზრდილი ჩაის ფოთლებისგან, რომელსაც ტენჩა ეწოდება და ამჟამად, ძირითადად, იაპონიის ქალაქ კიოტოში იწარმოება. უმაღლესი ხარისხის ტენჩას ფოთლების მოსავალს წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე იღებენ..
როგორც Eater ამცნობს ინტერნეტმომხმარებლებს, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ამ პროდუქტზე უწყვეტად მზარდ მოთხოვნას ინდუსტრიაზე დომინოს ეფექტი აქვს. ონლაინ ვირუსული პოპულარობის წყალობით, მატჩას ბრენდმა Marukya Koyamaen-მა ექვსი თვის გაყიდვები ერთ თვეზე ნაკლებ დროში განახორციელა, Eater-ის ცნობით. სხვა პოპულარულ ბრენდებს შორისაა Ippodo Tea, Yamamasa Koyamaen და Rocky’s Matcha, რომელთა პროდუქციაც მარაგის შევსებისთანავე იყიდება. სეზონური მოსავლისა და კლიმატის ცვლილების მიზეზით, მიწოდება ძალიან ჩამორჩება მზარდ მოთხოვნას.
ამ დეფიციტმა #MatchaTok საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია. „POV: შენ ხარ მატჩას მოყვარული და იაპონიაში წახვედი,“ – წერია TikTok პოსტში. ის გვაჩვენებს ფხვნილებისა და მატჩასთან დაკავშირებული პროდუქტების დიდ რაოდენობას, რომლის სახლში წამოსაღებადაც დიდი ჩემოდანი და ხელბარგი გახდა საჭირო.
წყარო: fastcompany