ბათუმიდან, გეზი მთიანი აჭარისკენ, კერძოდ კი, მაჭახელის ხეობისკენ ავიღეთ. ქვედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ერთი აჭარული ოჯახი ჩვენს სტუმრობას ელოდა. გზა ხეობას მიუყვება და მნახველს ჩანჩქერებით, ისტორიული ადგილებითა და მთების მაღალ კალთებზე შეფენილი სახლებით აოცებს. საკვირველია, რომ ტურისტებით დატვირთული ზღვისპირა ქალაქიდან ასე ახლოს, ოცდაათიოდე კილომეტრში, ჯერ კიდევ საიდუმლოებით სავსე ულამაზესი ხეობაა, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცოდით… არც ის ვიცოდით, რომ მთიან აჭარაში ტურისტულ ნაკადს თანდათან შეჩვევიან. აქა-იქ, გასაყიდად გამოტანილ თაფლს, სათევზაო სერვისს, საპიკნიკე ეგზოტიკურ ადგილებს და ზიპლაინსაც შეხვდებით. მაჭახელის ხეობაში, ტურისტების ქართული სტუმართმოყვარეობისადმი დიდი ინტერესისთვისაც აუღიათ ალღო, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს აქაური სტუმარმასპინძლობით აღაფრთოვანებენ და ამგვარად ირჩენენ თავს. ჩვენი ტურის ფარგლებში, უკრაინელ ტურისტებთან ერთად, მალაყმაძეების სტუმართმოყვარე ოჯახს ვეწვიეთ, მაჭახელის ხეობის, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში.
ცირა და ემზარ მალაყმაძეები, ოჯახთან ერთად, აჭარულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები დაგვხვდნენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, ის, რასაც ჩვენ ტურისტულ Experience-ს (ინგ. “გამოცდილება”) ვუწოდებთ და ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ამ ადამიანებს თანდაყოლილად აქვთ. ხეობამოვლილ მგზავრებს დიდ ვერანდაზე შეგვიძღვნენ, სადაც რამდენიმე მაგიდას უკვე მისხდომოდნენ სხვა ტურისტები უკრაინიდან, ბელორუსიდან, ესტონეთიდან, ისრალიდან და რუსეთიდან. სახლი ციცაბო ფერდობზეა ნაშენი, ვერანდიდან კი, მაჭახელის ხეობის ხედი იშლება.
მალაყმაძეების ოჯახი ქვედა ჩხუტუნეთში ბათუმიდან ექვსი წლის წინ გადმოსახლდა.
განაახლეს საუკუნოვანი სახლი, რომელიც 25 წლის მანძილზე იყო დაკეტილი. ცირა და ემზარი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები არიან. მაჭახელის ხეობაში გადმოსვლის თავდაპირველი მიზანი, ადგილობრივი ცეკვის ანსამბლის დაარსება იყო. თავიდან, საქმეს ლევან ქოქოლაძის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით უძღვებოდნენ, თუმცა, გარკვეული პრობლემების გამო, ანსამბლის დაფინანსება ვეღარ მოხერხდა, საქმის გაგრძელება დამოუკიდებლად მოუწიათ და 40 ბავშვიანი ანსამბლის მომზადება, სრულიად უსასყიდლოდ, მაინც განაგრძეს.
“სამი წლის განმავლობაში, უფასოდ ვიმუშავეთ ადგილობრივ ბავშვებთან. დაგვყავდა სხვადასხვა ადგილობრივ კონკურსზე, ხან გასტროლებზე – თურქეთში. ერთხელ, გიორგი დონაძეც იყო ჩვენთან ჩამოსული (საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა ფოლკლორში ჩაბმულ ადამიანებს. გვიპოვნა, მიგვიწვია კიდეც თბილისში. იქ აჭარული პოპური შევასრულეთ და ლაურეატის წოდებაც მოგვანიჭეს, მთელ ოჯახს.”
ტურიზმით სამი წლის წინ დაინტერესდნენ. გამოცდილმა გიდებმა ურჩიეს, რასაც ყოველდღიურად ისედაც აკეთებდნენ, შესაძლოა, შემოსავლის წყარო გამხდარიყო. მიხვდნენ, რომ შეეძლოთ ტურისტებისთვის გაეზიარებინათ ის, რითაც ამაყობენ: ქართული კულინარია, ტრადიციები და ფოლკლორი. დავიწყოთ ყველაზე გემრიელით – კულინარიით:
“სუფრისთვის აჭარული კერძები შევარჩიეთ, რაც ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი კერძებია კვერცხის სოუსი – ჩირბული, აჯაფსანდალი, სინორი, თავიდან ბორანოც გვქონდა, ძალიან მოსწონდათ, მაგრამ იმდენად მსუყეა, შემდეგ სხვა კერძებს ვერ მიირთმევდნენ და ამოვიღეთ მენიუდან. გვაქვს იახრი, ქათმის ხორცითა და ნიგვზით კეთდება. ვაკეთებთ მწვანე ლობიოს, შავ ლობიოს, აჩმას… მდინარის თევზი გვაქვს – ხეკი, ძალიან გემრიელია – აუზის თევზს არ აქვს ასეთი გემო. გვქონდა მწვადი და ხინკალიც, თუმცა დავაკვირდით, რომ მათი მირთმევა ტურისტებს ნებისმიერ რესტორანში შეუძლიათ, ამიტომ მათთვის უფრო უცხო კერძები დავტოვეთ,” – გვიამბო ცირა მალაყმაძემ.
სადილის პარალელურად, ემზარ მალაყმაძე თამადის როლს ირგებს და სტუმრებს სადღეგრძელოების კულტურას აცნობს. დროდადრო, ყურადღებას სცენაზე მოცეკვავე და მოშაირე ოჯახის წევრები იპყრობენ, რომლების სხვადასხვა საკრავზე უკრავენ. თუმცა, ღონისძიების არანაკლებ დასამახსოვრებელი ნაწილი იყო, როდესაც ცირა მალაყმაძემ ოცდაათიოდე ტურისტი ერთ ოთახში მოათავსა, სულ რამდენიმე წუთში ასწავლა აჭარული ცეკვის ილეთები, შემდეგ კი, ეროვნულ სამოსში გამოაწყო და სტუმრების წინ აცეკვა.
პროგრამა როგორ შეადგინეთ-მეთქი, ვკითხე. ემზარ მალაყმაძემ მითხრა, ამას რა შედგენა უნდოდა, ყველაფერი იქიდანაა, რაც ისედაც ვიცით, კერძების დამზადებაც ვიცოდით, სადღეგრძელოც ვიცოდით და ცეკვა-სიმღერაცო. თუმცა, ვისაც ივენთ მენეჯმენტთან ჰქონია შეხება, კარგად უწყის, რა სირთულესთანაა დაკავშირებული ღონისძიების ფორმატის მოფიქრება, შემდეგ ორგანიზება, ბოლოს კი, პროცესის მართვა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
ბიზნეს პროცესების თავისებურებანი მალაყმაძეებში
ოჯახი მთელ წელიწადს ქვედა ჩხუტუნეთში ატარებს. სტუმრებს ოთსავე სეზონზე ღებულობენ. წინასწარ იციან, მომდევნო დღეს რამდენ ტურისტს უნდა უმასპინძლონ და შესაბამისადაც ემზადებიან. თვალს ადევნებენ, რა უფრო მოსწონთ ტურისტებს, ითვალისწინებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და ამის მიხედვით აუმჯობესებენ მასპინძლობის სერვისს. მიაჩნიათ, რომ ამ ბიზნესის წარმატება ფოლკლორმა და ხელოვნებამ განაპირობა, თუმცა, ყველაფერი ოჯახური ძალისხმევის შედეგია. მთელი ოჯახი ერთ გუნდად არის შეკრული და ერთად მასპინძლობს სტუმრებს.
გაერო, პირველი რეკლამა და ჩვენებურად რომ იტყვიან, საკომუნიკაციო არხები
როგორც უკვე ვახსენეთ, სახლი მთის მაღალ კალთაზე მდებარეობს. სტუმრებისთვის მოსვლა რომ გაეადვილებინათ, მალაყმაძეებმა პირველი რეკლამა პატარა საინფორმაციო დაფის სახით დაამაგრეს თავიანთი სოფლის ცენტრში. სულ მალე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ტურიზმის ეროვნულმა კონსულტანტმა, ნატა ბახტაძემ მიაგნო:
“პატარა აბრა გავაკეთეთ ჩვენი სახლის ამოსახვევთან, რომ მოგნება გაადვილებოდათ. ზედ ეწერა “ქართული კულინარია და ფოლკლორი”. თურმე, გაეროს წარმომადგენლები ოთხი წლის განმავლობაში დადიოდნენ ჩვენს ხეობაში და ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთხელად, როდესაც ნატა ბახტაძემ ჩაუარა ამ აბრას, ტელეფონის ნომერი დაინახა და დაგვირეკა. გვითხრა, ოთხნი ვართ და თქვენთან გვინდა მოსვლაო. თავიდან ვერც მივხვდით, ვინ იყვნენ. ჩვეულებრივად, ტურისტები გვეგონა. როგორც ტურისტებს ვხვდებით ხოლმე, მათაც ისე დავხვდით. ვაჩვენეთ ჩვენი ფოლკლორი, სამზარეულო… ქალბატონმა ნატამ მაშინვე დარეკა და ზუსტად ერთ საათში გადაწყდა ჩვენი მანიშნებლების გაკეთების ამბავი, რომ ჩვენამდე მოსასვლელი გზა გაეადვილებინათ ტურისტებისთვის.”
მოგვიანებით, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ, გაეროს პროგრამის ფარგლებში, ბროშურაც გამოუშვა “გაიცანი ჩვენი მწვანე სამყარო”, სადაც მაჭახელის ხეობის ვრცელ ისტორიასთან, მარშრუტებთან და ტურისტულ ბილიკებთან ერთად, მალაყმაძეების ოჯახზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ.
რეკლამა კი მალაყმაძეებს არასოდეს განუთავსებიათ იმ საკომუნიკაციო არხებში, რასაც მარკეტინგის სფეროში ყველაზე პოპულარულად მივიჩნევთ. მათ შესახებ ინფორმაცია ხელიდან ხელში გადაეცემა გიდების, ტურისტული კომპანიებისა და თავად სტუმარი ტურისტების საშუალებით.
ბოლოს ვკითხე, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული მათთვის სტუმარმასპინძლობის ეს ბიზნესი. პასუხად ველოდი, რომ მაგალითად, ბიზნეს სესხების დაფარვა უძნელდებათ, ყველაფრის საკუთარი რესურსით კეთება ან ხელშეწყობის ნაკლებობა. თუმცა, ემზარ მალაყმაძემ ძალიან დამაჯერებლად მითხრა: “დალევა, ჩემო ქალბატონო. ძალიან ბევრის დალევა მიწევს და ხანდახან ვიპარავ, რა ვქნა. ძალიან ხშირად მამოწმებენ ხოლმე სტუმრები, თუ სვამს ნამდვილადო”.
შეხვედრის დასასრულს, გულთბილად გამოგვაცილეს, საერთო ფოტოებითა და ჩახუტებებით. ალბათ, ახლა ყველაფერს რომ აალაგებენ, მეორე დღის სამზადისს შეუდგებიან და ხვალ კიდევ ათობით ადამიანს დაამახსოვრებენ თავს. ჩვენ კი, ქალაქს დაბრუნებულნი, მივეცემით ფიქრს, მართლაც, რა არის საჭირო სტუმარმასპინძლობისა და ტურისტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად? როგორ შეიძლება ადამიანების წახალისება, დაუბრუნდნენ მიტოვებულ სოფლებს და ის, რაც სისხლში ისედაც აქვთ (სტუმარმასპინძლობა), თავიანთი შემოსავლის წყაროდ აქციონ? იქნებ, სტუმართმოყვარეობის სწორედ ეს ჩვეულება მიგვიყვანს ტურისტულ წარმატებამდე?
ავტორი: თამარ მეფარიშვილი