in

როგორ ეხმარება მათემატიკა მეცნიერებს ალცჰაიმერთან ბრძოლაში

შეიძლება თუ არა მათემატიკა ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის ახალი გზების აღმოჩენაში დაგვეხმაროს? მისისიპის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარი ზუსტად ამ მიზნით მათემატიკურ მოდელებს იყენებს. ის სწავლობს, თუ რა გავლენას ახდენს გავრცელებული ლითონები ალცჰაიმერთან დაკავშირებული ცილების დაგროვებაზე და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება.

M2
M2

მისისიპის შტატის უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის ასოცირებული პროფესორის, შანტია იარაჰმადიანის კვლევა მიზნად ისახავს ალცჰაიმერის თანმდევი რთული ბიოლოგიური პროცესები მათემატიკის ენაზე თარგმნოს და ამით დაავადების ბუნება უკეთ აგვიხსნას.

რატომ მათემატიკა?

მათემატიკური მოდელირება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ურთულესი ბიოლოგიური პროცესები განტოლებებისა და სიმულაციების სახით წარმოადგინონ. ამ გზით ისინი ამოწმებენ, თუ რა მოხდება გარკვეული პირობების ცვლილებისას, ისე, რომ ყოველი ახალი ჰიპოთეზისთვის ხანგრძლივი ლაბორატორიული ცდების ჩატარება არ დასჭირდეთ.

ნებისმიერი ბიოლოგიური მოვლენა ფიზიკურ სამყაროში – სივრცესა და დროში – მიმდინარეობს და ფორმის, რაოდენობისა თუ მატერიის ცვლილებას გულისხმობს. თავისი აბსტრაქტული ბუნების წყალობით, მათემატიკა გვეხმარება ისეთი კანონზომიერებების დანახვასა და პროგნოზების გაკეთებაში, რასაც მხოლოდ დაკვირვებით ვერ შევძლებდით. ის არ ანაცვლებს ლაბორატორიულ თუ კლინიკურ კვლევებს, პირიქით – ავსებს მათ, გვეხმარება საერთო სურათის დანახვასა და მომავალი ექსპერიმენტების სწორად დაგეგმვაში.

ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალცჰაიმერის შესასწავლად, რადგან დაავადება უამრავ ისეთ ურთიერთდაკავშირებულ პროცესს მოიცავს, რომელთა ცალ-ცალკე შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სპილენძის, თუთიისა და ცილების კავშირი

იმის გასაგებად, თუ როგორ ყალიბდება ალცჰაიმერის ფლაქები, იარაჰმადიანმა შექმნა მოდელი, რომელიც სპილენძისა და თუთიის ბეტა-ამილოიდთან ურთიერთქმედებისას მიმდინარე ქიმიური რეაქციების სიმულაციას ახდენს.

ბეტა-ამილოიდის ცილები ხშირად ერთმანეთს ეკვრის – ამ პროცესს აგრეგაცია ეწოდება. დროთა განმავლობაში ეს გროვები ფლაქებად იქცევა. მათემატიკური მოდელი სწორედ იმას აკვრდება, თუ როგორ უწყობენ ხელს ლითონის იონები ცილების ამგვარ დაგროვებას და რა თერაპიული ჩარევით შეიძლება ამ პროცესის შეფერხება.

მხოლოდ ლაბორატორიაზე დაყრდნობის ნაცვლად, მეცნიერებს ახლა შეუძლიათ სიმულაციების დახმარებით წინასწარ განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედებს პროცესში შეტანილი ცვლილებები ფლაქების ფორმირებაზე.

მათემატიკა და ლაბორატორია ერთმანეთს ემთხვევა

მათემატიკური მოდელი მხოლოდ მაშინ არის სანდო, თუ მისი პროგნოზები რეალობას ასახავს. თავისი თეორიის შესამოწმებლად მკვლევართა გუნდმა მოდელის შედეგები შეადარა ლაბორატორიულ მონაცმებს, რომლებიც ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპიით იყო მიღებული. ეს მიკროსკოპი იმდენად ზუსტია, რომ ცილების უმცირესი კლასტერების შესწავლის საშუალებას იძლევა.

აღმოჩნდა, რომ მათემატიკურმა მოდელმა ზუსტად გაიმეორა ის სურათი, რაც ექსპერიმენტებისას რეალურად დაფიქსირდა. ეს ადასტურებს, რომ მოდელი ბეტა-ამილოიდური ცილების ქცევას სწორად აღწერს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ალცჰაიმერის მზა წამალს არ გვთავაზობს, ის მეცნიერებს აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს, რათა მომავალში წამლის შექმნის პროცესი გაცილებით მიზანმიმართული და ეფექტიანი გახდეს.

წყარო: Sciencedaily

2026 წლის „შეკრების“ გამომსვლელთა ვინაობა ცნობილია

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები – პროგრამებზე მიღება დაიწყო