შვილის შეძენის შემდეგ მშობლების ცხოვრება გარკვეულწილად იცვლება. მათ უწევთ, მთელი ყოველდღიურობა ახალი სახით დაინახონ და რაღაც მხრივ, გარდაქმნან. ერთ-ერთ ასეთ ცვლილებას წარმოადგენს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა, რაც საკმაოდ “ფაქიზი” საკითხია და ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
შემთხვევა, როცა ახალნამშობიარები დედა იმედგაცრუებული რჩება.
წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნება დაგეუფლებათ, დეკრეტულ შვებულებაში მყოფს, თანამშრომელმა რომ დაგირეკოთ და გკითხოთ რატომ აღარ ბრუნდებით სამსახურში, რაც თქვენს პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის მეშვეობით შეიტყო. ალბათ, თვალწინ წარმოგიდგებათ დამსხვრეული მიზნები, რომლებიც სამსახურთან დაკავშირებით გქონდათ… იგრძნობთ იმედგაცრუებას, რადგან თქვენი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩამნაცვლებლის ძიება.
შემდეგ კი, ბუნებრივია, დაიწყებთ წარსულზე ფიქრს, შეცდომების პოვნის მიზნით – დაფიქრდებით, რა გააკეთეთ არასწორად და რა ვერ შეასრულეთ სათანადოდ კარგად. გაიხსენებთ მომენტებს, როცა ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ბოლო პერიოდი ვერ ახერხებდით შეხვედრებზე სიარულს.
ფიქრის შედეგად კი, მიხვალთ ერთ დასკვნამდე, დეკრეტული შვებულება ერთია, ახალბედა დედების მხარდაჭერა კი სულ სხვა საკითხია, რომელიც მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს.
აშა სანტოსის თქმით, რომელიც აშშ-ს კომპანიების ხელმძღვანელებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა შეინარჩუნონ თანამშრომელთა პატივისცემა, “ის, თუ როგორ ექცევიან ქალს დეკრეტულ შვებულებამდე, შვებულების დროს და სამსახურში დაბრუნების შემდეგ, განსაზღვრავს, რამდენად შეინარჩუნებს კომპანია თანამშრომელს.”
რა თქმა უნდა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი დრო საკმარისი არ არის და ორგანიზაციებმა უფრო ფართო ეკოსისტემა უნდა შექმნან, ახალბედა მშობლების დასახმარებლად.
აქ კი მოცემულია ხუთი კითხვა, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ახალი მშობლების, განსაკუთრებით დედების შენარჩუნების, განვითარების და პოპულარიზაციისთვის:
ვინ შეასრულებს მის სამუშაოს?
ასეთ დროს ერთ-ერთ საუკეთესო და ეფექტურ გზას წარმოადგენს ყოფილი თანამშრომლის დროებით დასაქმება, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს. თუ ამას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, თქვენს თანამშრომლებს სთხოვოთ საქმის განაწილება, რაც ფინანსურ მხარეზეც აისახება.
როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას?
იმ შემთხვევაში, თუ არ მოგწონთ მის მიერ შესრულებული საქმე, ნუ იქნებით უხეში და რადიკალური. ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ იქამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე თანამშრომელი დეკრეტულ შვებულებაში გავა. საჭიროა, წინასწარ მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დაახლოებით როგორ იმოქმედებს მისი არ ყოფნა საქმეებზე და პირად, მომავალ მიზნებზე. დაპირდით, რომ თუ კომპანიის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, აუცილებლად შეატყობინებთ. თანაც, ზოგიერთი პიროვნება შვებულების დროს მუდმივ კონტაქტს ამჯობინებს.
რა არის მისი კარიერული მისწრაფებები?
მართალია, უკვე აღვნიშნეთ, რომ ბავშვის ყოლა, რაღაც მხრივ, ცვლის მშობლების ყოველდღიურობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში იცვლება მათი კარიერული მიზნები და ოცნებები. ნუ ეტყვით მას უარს საზღვარგარეთელ პარტნიორებთან სტუმრობაზე, რადგან მისი შვილი მეტისმეტად პატარაა და ვერ დატოვებს რამდენიმე დღით. ნუ ჩათვლით, რომ ახალბედა დედებს სურთ, მხოლოდ დედის ამპლუა მოირგონ და დაივიწყონ პროფესიული წინსვლა. ამის ნაცვლად, ჰკითხეთ და გაიგეთ, რა სურს თქვენს თანამშრომელს, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავის განვითარება თქვენი კომპანიის ფარგლებში.
კიდევ რა შეგიძლიათ ახალბედა დედების მხარდასაჭერად?
სამსახურში, მშობიარობის შემდეგ ახალდაბრუნებული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი სივრცის მოწყობა, რომელიც მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს. დარწმუნდით, რომ გაქვთ დედების ოთახი, სადაც შეეძლება საკუთარი პირადი ნივთების მოთავსება. ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოსახერხებელი დივანი, მაცივარი და ა.შ.
როგორ განსაზღვრავთ, მიაღწიეთ თუ არა წარმატებას?
წარმატების ნათელი შედეგი თქვენს თვალწინ იქნება… დააკვირდით, რამდენი თანამშრომელი დაუბრუნდება თქვენს კომპანიას დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ (არ იგულისხმება დედების ის ნაწილი, რომელმაც უარი თქვა ზოგადად მუშაობის გაგრძელებაზე).
და ბოლოს, აუცილებლად დასვით კითხვა – რა სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს გარდა იმ ყველაფრისა, რასაც უკვე აკეთებთ?
წყარო: HBR