ხშირად ოჯახებში ერთი და იგივე ისტორია თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. ძველი ფოტოები ალბომებში ინახება, ვიდეოები სხვადასხვა მოწყობილობაზე იკარგება, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები კი მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად ქრება, ვისაც მათი მოყოლა შეეძლო.
სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს ქართული სტარტაპი „მატიანი“ – პლატფორმა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ახლობლების ფოტოები, ვიდეოები, ისტორიები და ხმოვანი მოგონებები ერთ სივრცეში გააერთიანონ და მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ.
პროექტის ავტორი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი, 20 წლის გიორგი ღვინჯილიაა. როგორც თავად ამბობს, „მატიანი“ მამისგან მიღებული ოჯახური ფასეულობებისა და საკუთარი ტექნოლოგიური გამოცდილების შერწყმის შედეგად შეიქმნა. მან დამოუკიდებლად იმუშავა პლატფორმაზე, თუმცა ტექნიკურ სირთულეზე მეტად მისთვის გამოწვევა ის უფროა, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას, რატომ შეიქმნა „მატიანი” და რა ემოცია დგას მის უკან.
პროექტის შესახებ უფრო დეტალურად თავად გიორგი ღვინჯილია გვესაუბრა:
M: როგორ გაჩნდა „მატიანის“ იდეა? იყო თუ არა ერთი კონკრეტული ისტორია, რომელმაც ამ პროექტის შექმნა გადაგაწყვეტინათ?
„მატიანის“ იდეა მამის წარსულის, ჩვენი ოჯახის ისტორიისა და წინაპრებისადმი სიყვარულით დაიბადა. შეიძლება ითქვას, ეს ორი თაობის გამოცდილების შერწყმაა – მამისგან მიღებული დამოკიდებულება ოჯახის ისტორიის მიმართ და ჩემი თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნა.
პროექტის ყველა ნაწილი დამოუკიდებლად შევქმენი: ტექნიკური განვითარება, პროგრამირება, დიზაინი, ლოგო, ვიზუალური იდენტობა და ფუნქციონალი მთლიანად ჩემი გაკეთებულია.
M: დღეს ადამიანები ათასობით ფოტოსა და ვიდეოს ინახავენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები ხშირად მაინც იკარგება. რა პრობლემას წყვეტს „მატიანი“?
დღეს თითქმის ყველამ ციფრულ ფორმატზე გადავინაცვლეთ, თუმცა ტექნოლოგიებს თავისი რისკებიც აქვს – ტელეფონის დაკარგვის, დაზიანების ან შეცვლისას ხშირად წლების განმავლობაში დაგროვებული მასალაც ქრება.
„მატიანი“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში შეაგროვონ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების ტელეფონებში შემორჩენილი ფოტოები, ვიდეოები და მოგონებები.
ამასთან, პლატფორმა მხოლოდ უკვე არსებული მასალის შენახვას არ ემსახურება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტექსტურად ან ხმოვანი ჩანაწერით საკუთარი მოგონება დაამატოს. ასე იქმნება ახალი ისტორია, რომელიც მომავალ თაობებსაც შემორჩება.
M: როგორ მუშაობს პლატფორმა?
პლატფორმა მაქსიმალურად მარტივი გავხადე, რათა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო.
რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი ქმნის გარდაცვლილი ახლობლის მემორიალურ გვერდს, სადაც შეუძლია დაამატოს ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები და ხმოვანი მოგონებები.
თითოეულ გვერდს ავტომატურად ენიჭება QR-კოდი, რომლის განთავსებაც შესაძლებელია საფლავზეც. მისი სკანირების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მემორიალური გვერდის ნახვა და სურვილის შემთხვევაში საკუთარი მოგონების დამატების მოთხოვნის გაგზავნა, რომელსაც გვერდის მფლობელი ამოწმებს და ამტკიცებს.

M: თქვენ ამბობთ, რომ „მატიანი“ ტექნოლოგიასა და ემოციებს აერთიანებს. როგორ ცდილობთ, რომ ის უბრალოდ ციფრული არქივი არ იყოს?
არ მინდა, მომხმარებელმა „მატიანი“ მხოლოდ ვებგვერდად ან ონლაინსერვისად აღიქვას. ჩემი მთავარი მიზანია, პროექტსა და ადამიანებს შორის ემოციური კავშირი შეიქმნას.
ოჯახი, წინაპრების პატივისცემა, გარდაცვლილის ხსოვნა და თაობებს შორის კავშირი ქართველი ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თემებია. ამიტომაც მსურს, „მატიანმა“ ადამიანებს გაუღვივოს ის შინაგანი განცდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართულ ოჯახებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
ჩემთვის წარმატება მხოლოდ მომხმარებლების რაოდენობა არ არის. ბევრად მნიშვნელოვანია, ქართველმა საზოგადოებამ ეს იდეა სწორად გაიგოს და შეიყვაროს.
M: პლატფორმა ჯერ ფართო აუდიტორიისთვის არ გაგიცვნიათ. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სტარტი?
ამ ეტაპზე აქტიური მომხმარებლები ჯერ არ გვყავს, რადგან მსურს, პროექტის ოფიციალურ დაწყებამდე საზოგადოებას სწორი ფორმით გავაცნო.
არ მინდა, პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ რეკლამა ან ფუნქციების ჩამონათვალი იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ჯერ პროექტის იდეა გაიგონ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მისი ნაწილი გახდნენ.
M: როგორია „მატიანის“ განვითარების გრძელვადიანი ხედვა?
ამ ეტაპზე მინდა, მომხმარებელმა არსებული ვერსია კარგად გაიცნოს, თუმცა მომავალში არაერთი ახალი ფუნქციის დამატებას ვგეგმავ.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენეალოგიური ხეა, რომელიც ადამიანებს საკუთარი ოჯახის ისტორიისა და თაობებს შორის კავშირების ნახვის შესაძლებლობას მისცემს.
ასევე ვფიქრობ გარდაცვლილის მოხსენიების შეხსენების ფუნქციასა და საფლავის მოვლის სერვისის ინტეგრაციაზეც, რაც განსაკუთრებით ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.
ჩემი საბოლოო მიზანია, „მატიანი“ მხოლოდ მემორიალური გვერდების პლატფორმა არ იყოს. მინდა, ის გადაიქცეს სივრცედ, რომელიც ქართულ ოჯახებს, მათ ისტორიებსა და თაობებს ერთმანეთთან დააკავშირებს და დაეხმარება ადამიანებს, საკუთარი ფესვები მომავალშიც შეინარჩუნონ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











