in

მატოგრაფი – მენტორობის პროგრამები გუნდის ლიდერებისა და HR მენეჯერებისთვის

„მატოგრაფი ადამიანების მენტორი და მეგობარია, მოსწონს მათზე ზრუნვა და თვლის, რომ მენტორობა მის ხასიათს ყველაზე სწორად გამოხატავს“, – ამბობს მატოგრაფის დამფუძნებელი თამარ სალაძე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის სივრცე, სადაც არაფორმალურ გარემოში, მსურველებს მენტორობის პროგრამების გავლა შეუძლიათ. „მენტორობა თანამშრომლებთან დაკავშირებული ოპერაციების სამართავად“ და „მენტორობა წარმატებული ლიდერობისთვის“ – ჯერ მხოლოდ ეს ორი პროგრამა აქვთ. პირველი HR მენეჯერებისთვისაა, მეორე კი გუნდის ლიდერებისთვის. მატოგრაფის მენტორი თავად თამარ სალაძეა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს:

მენტორობა თანამშრომლებთან დაკავშირებული ოპერაციების სამართავად – პროგრამა საინტერესოა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს HR მენეჯმენტის მიმართულებით. ის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, გამოიმუშაონ უნარები და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ თავი გაართვან HR მენეჯერის პასუხისმგებლობებს – დაეხმარონ ორგანიზაციას დამსაქმებლის ძლიერი და პოზიტიური ბრენდის შექმნაში; მართონ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკები; შეარჩიონ თანამშრომლები და განავითარონ ისეთი სამუშაო კულტურა, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება მიზნების მიღწევაში.

მენტორობა წარმატებული ლიდერობისთვის – პროგრამა საინტერესოა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს უკეთესად მართოს გუნდი და მიაღწიოს სასურველ შედეგებს. ის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, უკეთესად შეძლონ ამოცანების პრიორიტეტიზაცია და მოიყვანონ საქმიანობა ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისობაში; განავითარონ სასიამოვნო სამუშაო კულტურა და შექმნან შედეგზე ორიენტირებული გუნდები“, – ამბობს თამარ სალაძე.

მისი თქმით, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ორგანიზაციის ისტორიის შექმნა შთამბეჭდავი მომენტებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურა და ურთიერთობები. ამიტომ პროგრამები, საწყის ეტაპზე, სწორედ ამ მიმართულებების გასაძლიერებლად შექმნა.  მომავალში კი მატოგრაფს სხვა მენტორებსა და პროგრამებს დაამატებს.

რატომ გადაწყვიტეთ მატოგრაფის შექმნა?

თამარ სალაძე: ძირითადად სიახლის, ცოტაც განსხვავებულობის და ამავდროულად, ღირებულის შექმნის სურვილმა მიმიყვანა მატოგრაფამდე. მენტორობა ძალიან კარგი საშუალებაა, დაეხმარო ადამიანს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტაში. გადასცე მისთვის სასარგებლო ინფორმაცია, გაუზიარო გამოცდილება, ისე, რომ მისცე თავისუფლება თავად შეასრულოს ამოცანები და თან, შენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ეს პროცესი იმ უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს, რომლებიც ეხმარება ადამიანს სამომავლოდ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად გაართვას თავი საქმიანობას. საქართველოს ბაზრისთვის სიახლეა აღნიშნული მიმართულებით და ფორმატით მენტორობის შეთავაზება კომპანიებისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის.

რა გზა გაიარა მატოგრაფის იდეამ პროგრამების გაშვებამდე?

მატოგრაფი კარანტინის იდეების “love story”-ია. თუმცა, ყველაფერი თითქოს, უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო. რამდენიმე წლის წინ, „სფოთლაითის“ ღონისძიების სლოგანმა Your Time is Now საკმაოდ ემოციური გავლენა მოახდინა ჩემზე და ექოსავით გაგრძელდა ჩემში. ბიძგი იყო, შემექმნა რაღაც ახალი და ღირებული. ჩემთან ერთად იმოძრავა, სამყაროს იმ აჩქარებულ ტემპში, გაჩერების საშუალებას რომ არ გაძლევს. დრო და დრო ახალი ინსპირაციებიც ემატებოდა, ჰოდა სწორედ მაშინ ყველაფერი რომ გაჩერდა, იდეები ახმაურდნენ კართან და შემოვუშვი. ბოლოს ორი მათგანი ჩემს პიროვნულ და პროფესიულ გამოცდილებაზე კონცენტრირდა და მნიშვნელოვანი წერტილების შეერთება დაიწყეს. პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას შეუდგნენ, რაც ძირითადად შედეგების და შრომითი ურთიერთობების მართვას ეხება. პრობლემების რეალური მოგვარების მეთოდებზე იმსჯელეს, ღირებულება მენტორობის პროცესებში იპოვეს, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ  და სიყვარულით შვეს მატოგრაფი. იდეიდან მის გაშვებამდე საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა – უსმინა მეგობრების მოსაზრებებს, კრიტიკას, შეფასებას, გაიზიარა ზოგიერთი რჩევა, მოწესრიგდა, დაიხვეწა, ვებგვერდი „ჩაიცვა“, სოციალური ქსელები აითვისა. ახლა კი „მატოგრაფი“ იწყებს რეალურ სამყაროში მშვიდად დამკვიდრებას.

ვისთვის არის მატოგრაფის პროგრამები?

ადამიანებისთვის, ვისაც სურს გაძლიერება პროფესიული მიმართულებით  და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც თავისივე გუნდში სურთ გააძლიერონ ლიდერები, უკეთესად მართონ შედეგები და ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას. საწყის ეტაპზე, პროგრამები შექმნილია მენეჯერებისთვის – გუნდის და შედეგების უკეთესად სამართვად, ასევე – HR მენეჯერების გასაძლიერებლად.

რას აძლევს მატოგრაფი ამ ადამიანებს, ორგანიზაციებს?

ზრდის შესაძლებლობას – გაიუმჯობესონ ის უნარები, რომლებიც დაეხმარებათ საქმიანობის ეფექტიანად შესრულებაში. მატოგრაფთან მეგობრობა ნიშნავს სწრაფი გზის არჩევას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. მენტორობის პროცესით ხდება მიმდინარე გამოწვევების გარდაქმნა სასურველ შედეგებად. მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა და საქმიანობაზე დაფუძნებული სწავლა. პარტნიორთან ერთად, მისაღწევი შედეგების განსაზღვრის და მიზნებად ჩამოყალიბების შემდეგ, იწყება პრაქტიკული სამუშაოები კონკრეტულ ამოცანებზე.

მატოფრაფი რითია გამორჩეული?  რას სთავაზობთ მენეჯერებსა და კომპანიებს, რასაც სხვა პროგრამები ვერ მისცემენ?

ინდივიდუალური პროგრამები, რომელიც მიმდინარეობს არაფორმალურ გარემოში, შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, მიიღოს მხოლოდ მისთვის საჭირო ინფორმაცია, პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე და მენტორობის პროცესშივე გადაჭრას არსებული გამოწვევები.

რა შეგიძლიათ გვითხრათ, მატოგრაფზე, როგორც ბრენდზე?

უშუალოა, მეგობრული, სულ ცდილობს, იყოს ობიექტური. პატივს სცემს ადამიანებს, აფასებს გულწრფელობას და ინდივიდუალიზმს. საქმიანობისას უპირატესობას ანიჭებს მაღალ ხარისხს და არ უყვარს ზედაპირულობა. თვლის, რომ სიტყვა „კადრები“ კინოს და ფოტოგრაფიას ყველაზე მეტად უხდება და სწორედ ასეთი „კადრებით“ ქმნიან ადამიანები კომპანიის ისტორიას.

და ეს „კადრები“ გახდა მატოგრაგის საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი თემაც . . . 

ის, რომ თანამშრომელს ჰქვია კადრი, თავად HRM სფეროს წარმომადგენლებისთვისაც აქტუალური თემაა. არ არსებობს ერთიანი მიდგომა ალტერნატიულ სახელებთან დაკავშირებით. რეალურად, თანამშრომელთან მიმართებაში სიტყვა „კადრი“ ძველი დროის გადმონაშთი უფროა და თითქოს, ის დამოკიდებულებები მოჰყვება, სადაც თავისუფლების ხარისხი დაბალია. პრობლემა სიტყვაში იმდენად არა, რამდენადაც ამგვარ დამოკიდებულებაშია და ამისგან ვცდილობთ აღნიშნული სფეროს გათავისუფლებას სწორი სახელების შერჩევით. მით უმეტეს, თუკი ცვლილებები ავითარებს, მაშინ რატომ ისევ „კადრი“? რადგან ადამიანებს ეხება ეს ყველაფერი, გადავწყვიტე, მათთვის მეთხოვა მოსაზრებების გაზიარება.

 

სამომავლოდ რას გეგმავთ?

ჯერ არსებული მიმართულებების გაძლიერებას და შემდგომ, დროის და საჭიროების შესაბამისად, განვითარებას ახალი მიმართულებებით – სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების მენტორებად შემოერთებას და ერთად მეტი ღირებული პროექტების შექმნას. შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანისთვის რეალურ შესაძლებლობას პროფესიული მიმართულებით გასაძლიერებლად.

ფონტი, რომელიც სიძულვილის ენას თავაზიანად ებრძვის – The Polite Type

ჩვენ გვქმნის ის, რისკენაც მივილტვით – Montblanc-ის კამპანია