in

MATTI – ქართველი პირველკურსელი სტუდენტის ხელნაკეთი ბლოკნოტების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

ხელნაკეთი ბლოკნოტების სტარტაპი MATTI 2017 წლის მარტში, „აგრარული უნივერსიტეტის” ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა – ანი ეჯიბიამ 3 მეგობართან – ირაკლი გოგრაჭაძესთან, ირაკლი ბაძაღუასთან და ანა ბოლქვაძესთან ერთად შექმნა. MATTI-ს იდეა, სხვადასხვა ქსოვილების და ქაღალდის გამოყენებით, ფერადი ბლოკნოტების შექმნას გულისმობს. ახალბედა ბიზნესი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების, ახალი და ეფექტური რეალიზების გზების ძიებაშია და განვითარებას განაგრძობს. „მატის” შექმნის მოტივის, ფუნქციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ მარკეტერს მისი შემქმნელი – ანი ეჯიბია ესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ ხელნაკეთი ბლოკნოტების სტარტაპის შექმნის იდეა, რატომ შეარქვით ბრენდს „მატი” და რა დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში?
საჩუქრის ყიდვის დროს, უპიურატესობას ხელნაკეთ ნივთებს ვანიჭებ ხოლმე. ჩემი მეგობრის დაბადების დღისთვის მომიწია საჩუქრის არჩევა და ვიცოდი, რომ ბლოკნოტები უყვარდა (ეს ჩემი სუსტი წერტილიცაა). ძებნის მიუხედავად, ჩემს კრიტერიუმებს: ხარისხს, ხელმისაწვდომ ფასსა და ორიგინალურობას – ერთად არცერთი აკმაყოფილებდა და ვიფიქრე, ჩემით გამეკეთებინა. ასე შევქმენი ჩემი პირველი ნამუშევარი, რამაც ჩემი მეგობარი ძალიან გაახარა, ამასთანავე ჩემი ინსპირაციის წყაროც გახდა. გაჩნდა MATTI-ს იდეა, იდეის განხორციელებაში კი ჩემი ახლო მეგობრები დამეხმარნენ. რაც შეეხება სახელს, როდესაც ამ თემაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში დავფიქრდი იმაზე, თუ რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავაცნობიერე, რომ დედაზე მნიშვნელოვანი არავინ მყავს. ამიტომ, მომინდა ჩემი პირველი ბიზნესი მისთვის მიმეძღვნა. ამასთან, მას გამორჩეული სახელი ქვია – მატილდა. მატი, მატისთვის, For matti, MATTI. ასე დაიბადა ჩემი სტარტაპის სახელი.

M: რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქტი?
მომხმარებელს  ვთავაზობთ გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ ბლოკნოტებს, ხელმისაწვდომ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ხელნაკეთია, გვინდოდა  დაგვეცვა სიზუსტე, რათა ჩვენი პროდუქტით, პირველ რიგში, ჩვენვე ვყოფილიყავით კმაყოფილი. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც გამოგვარჩევს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შევიძინეთ საჭრელი დაზგა. თავდაპირველად მუშაობა სახლში დავიწყეთ და როცა მიხვდვით, რომ ადგილი აღარ გვყოფნიდა, ჩემს ფარეხში გადავინაცვლეთ. 

M: რა მასალას იყენებთ პროდუქციაზე მუშაობისას და როგორია ბლოკნოტების შექმნის პროცესი?
ამ ეტაპზე, ორი სახის მასალას ვიყენებთ ბლოკნოტების გარეკანისთვის, ნაჭრებს, ვცდილობთ, რაც შეიძლება ფერადი და ხალისიანი იყოს, ასევე – ქაღალდს თემატური ყდით (გვაქვს ჰარი პოტერის, მარველის კომიქსებით გაფორმებული ბლოკნოტები). ჩვენს სახელოსნოში ვჭრით,  ვკერავთ და ვქმნით ახალ ბლოკნოტებს. 

M: რა არის „მატისთვის” პრიორიტეტი პროდუქციის შექმნისას?
ხარისხი, ხარისხი და ხარისხი. უპირატესობას ხარისხს ვანიჭებთ და ამასთან, დახვეწილ დიზაინს.

M: ბლოკნოტების მოდელები მეორდება თუ ექსკლუზიურია?
ბლოკნოტების მოდელები მეორდება, თუმცა, ძალიან მცირე ტირაჟით. გარდა ამისა, გვაქვს ინდივიდუალური შეთავაზებებიც.

M: პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ, სად შეიძლება თქვენ მიერ შექმნილი ბლოკნოტების შეძენა?
ჯერჯერობით, ჩვენი პროდუქტის შეძენა მომხმარებელს ჩვენს facebook გვერდზე, Flea Market-ზე ან „ცოდნის კაფეში” შეუძლია, თუმცა, ვეძებთ რეალიზების სხვა არხებსაც.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რა მიმართულებით გეგმავთ „მატის” განვითარებას?
ჩვენ გვინდა „მატის” პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ფასი კი ამ მოთხოვნას ყოველთვის დააკმაყოფილებს. ფასები განისაზღვრება ზომის მიხედვით და მერყეობს 8-30 ლარამდე. რაც შეეხება „მატის” განვითარების გზებს, ამ ეტაპზე, ჩვენი ჯგუფი მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი, რათა მომხმარებელს გაუმარტივდეს შეძენა.

ორი დიდი ხელი, რომელიც ვენეციას იჭერს – ხელოვნების ფესტივალისთვის შექმნილი ექსპონატი

„დაიწყე შენი აივნით“ – ჟურნალ „ინდიგოსა“ და „ლისი დეველოპმენტის“ ახალი ინიციატივა