11
Dec
2018

#მავერიკი ბექა გოლეთიანი: „ჩვენ მთელ საქართველოს დავაწყებინეთ სირბილი“

11 Dec 2018

მავერიკი თავისუფლების მოყვარული, ინოვატორი და მეამბოხე ადამიანია. მისთვის მიუღებელია კონფორმიზმი, მუდმივად ეძებს სიახლეებს და დროსა და მოვლენებს, როგორც წესი, წინ რამდენიმე წლით უსწრებს.

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას „მავერიკები“. ჩვენი სტუმარია „რედ ბულის“ ათლეტ მარკეტინგის მენეჯერი შუა აღმოსავლეთში, ბექა გოლეთიანი. რუბრიკის სპონსორია შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich.

ავსტრია, ქალაქი ინსბრუკი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, 192 მ-ის სიმაღლის „ევროპის ხიდი“… ბექა გოლეთიანს ბანჯი-ჯამპინგის აღჭურვილობა აცვია და ინსტრუქტორის ნიშანს ელოდება. სუნთქვა ხშირდება, გულისცემა მატულობს და რამდენიმეწამიანი გარინდების შემდეგ, თავით სივრცეში ეშვება… „რეალურად, გადმოხტომა ძალიან გეხმარება საკუთარ თავში დასარწმუნებლად… რაღაცას უმტკიცებ თავს. სად გადის შენი შესაძლებლობების საზღვრები…“ თუმცა, ბექას გადმოსახტომად სხვა მოტივიც ჰქონდა – გოგა გოლეთიანი, მისი ბიძაშვილი, რომელიც 2012 წელს, მეგობართან ერთად მაღლივის ხიდიდან თოკით გადმოხტომისას, ტრაგიკულად დაიღუპა. ბექას ნახტომი სწორედ მას ეძღვნებოდა. ამის შესახებ კი, არავინ იცოდა.

მოულოდნელ, ტრაგიკულ, ტრავმულ შემთხვევებთან გამკლავება ბევრჯერ მოუწია და პრინციპში, დღეს უკვე აღარაფერი აშინებს. თუმცა კი. შვილების გამო ეშინია… „სოხუმელი ვარ. ომის შემდეგ, ჩვენმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა და ნულიდან დავიწყეთ თბილისში ცხოვრება. მე თუ დახეული კედებით დავდიოდი, ჩემი შვილები, დღეს, დუბაიში ცხოვრობენ. კარმაა, ალბათ ეს, ცხოვრებისეული“.

კალათბურთელი უნდოდა, გამოსულიყო, უცხოეთში თამაშის მოტივაცია ჰქონდა, თუმცა რატომღაც, არასდროს გაუშვეს საზღვარგარეთ საასპარეზოდ. „17 წლამდე, აეროპორტში ვიყავი, კვირაში ერთხელ და თანაგუნდელებს ვაცილებდი ხოლმე… მაშინ ვოცნებობდი, ამ თვითმფრინავში ჩამსვა, წრე დაარტყას და მერე თუნდაც, უკან ჩამომსვან-მეთქი. ესეც კარმის ნაწილია, არა?“ – დღეს, სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, 42-ე ქვეყნიდან დაბრუნდა და მასთან საუბარი, ფრენებს შორის შუალედში, ძლივს შევძელით. კალათბურთის მიზანიც აისრულა, 3X3-ზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა, საერთაშორისო ტურნირებზეც იასპარეზა და დღეს, 3×3 კალათბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენად მიიჩნევა. 

სქაი დაივინგი

ბექა პროფესიით გეოლოგია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მისი სამუშაო გამოცდილება კი, მხოლოდ „რედ ბულს“ უკავშირდება. 2007 წლის 1 ნოემბერს, როგორც აქტიური ახალგაზრდა – კავკასიის რეგიონში, Red Bull-ის პირველი სტუდენტური მენეჯერი (SBM) გახდა. უნივერსიტეტში ბრენდს უწევდა პოპულარიზაციას. 2010 წლიდან, ივენთ სპეციალისტის პოზიციაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი, 2012 წელს, სპორტის მენეჯერი გახდა, რეგიონული მასშტაბით. ანუ, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სპორტის მიმართულებით, მას ებარა. 2015 წლის ბოლოს კი, ბაქოში გადავიდა იმიტომ, რომ „სულ მინდოდა, უცხოეთში ჩემი თავი გამომეცადა. ყოველთვის გაქვს ეჭვი, ადგილობრივი შესაძლებლობების ადამიანი ხარ, თუ უფრო მეტი შეგიძლია. ამიტომ მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა“.

1.9 წლიანი გამოწვევის შემდეგ, 2017 წელს, დუბაიში, ათლეტ მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარკეტში, კიდევ უფრო დიდი გამოცდის ჩასაბარებლად გადაბარგდა. „ვფიქრობდი, გადავიდე, არ გადავიდე. თავიდან უნდა მემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. ბაქოსა და კავკასიაში ყველაფერი აწყობილი მქონდა და დასამტკიცებელიც არაფერი მქონდა, თუმცა ეს საერთაშორისო შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. 3 თვეში მომაბარეს მთელი რეგიონი, რაც ნიშნავს, რომ სპორტის საკითხებში, აქ გადაწყვეტილების მიმღები მე ვარ და მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული რეგიონი მაბარია“.

სულ სად ვხვდები, იცი, წარმატების მომენტებს, როცა რაღაც ძალიან მეზარება და მაინც ვაკეთებ. არგაკეთებული საქმე დაკარგული შესაძლებლობაა.

ასე შესრულდა Red Bull-ში მუშაობის 11 წელი, შეიყვარა პროფესიონალიზმი და ამ დროში, ბრენდს თავადვე დაემსგავსა: „ჩვენთვის, Red Bull-ის ასოციაცია შენ ხარო, ბევრს უთქვამს. ბრენდი ხომ პოზიციონირებს, როგორც სულ გამარჯვებული, სულ მოძრაობაში, ისეთი, ცხოვრებით რომ ტკბება“.

M:
 ბექა, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევთ? რა გაძლევთ მუდმივი მოძრაობის მოტივაციას? არსებობს ამის რეცეპტი?
ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ჩემი პასუხი ასეთია: შენ რომ რაღაც გულით გინდა და ფიქრობ, ეს ენერგია, ქვეცნობიერად, გროვდება და მას სწორედ იქ მიჰყავხარ, სადაც უნდა აღმოჩნდე. საქართველოში რაღაცებით უკმაყოფილო რომ ვიყავი, მივედი ჩვენს HR-თან და ღიად დავუფიქსირე, რომ ცვლილების დრო იყო. ან პოზიცია უნდა შემეცვალა, ან სადმე სხვა ქვეყანაში უნდა გადავსულიყავი. თუ გინდა კარიერული წინსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზად იყო ცვლილებებისთვის. ნუ, რა თქმა უნდა, რაღაც დათმობებზე წასვლა მოგიწევს.

დუბაის შემთხვევაშიც ასე იყო. აპლიკაციებს, ათლეტ მენეჯერის პოზიციაზე, მთელი მსოფლიოდან აგზავნიდნენ. თუმცა, ვერავინ რომ ვერ შეარჩიეს, მეგობარმა დახმარება მთხოვა, იქნებ, შენ იცოდე ვინმე შესაფერისიო. რამდენიმე ადამიანზე რომ ვუთხარი, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვიყავი, შემეძლო, დუბაიში მეცხოვრა და საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროში, დუბაიში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, „ვახ, რა მაგარია!“ – ასეთი საამაყო, მსოფლიო დონის, ჯერ კიდევ წინ მაქვს.

ყოველდღიური, პატარ-პატარა გამარჯვებები, საკუთარ თავში დასარწმუნებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. ასე იქმნება საფუძველი რაღაც ძალიან დიდისა და მასშტაბურის გასაკეთებლად.

M: გვიამბეთ თქვენს გამორჩეულ პროექტებზე…
2009 წელს, თავისუფლების მოედანზე, მფრინავი მოტოციკლების შოუ გავმართეთ. 85 000 ადამიანი მოვიდა და ასეთი მასშტაბურობა, „რედ ბულის“ ისტორიაში, რეკორდად მიიჩნიეს. ეს იყო ჩემი პირველი დიდი პროექტი ღონისძიებების სფეროში. ასევე, თავისუფლების მოედანზე იყო, დამოუკიდებლობის დღეს, სკაიდაივერების დაშვება საქართველოს დროშით… ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება და ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საამაყო პროექტია.ბაქოში იყო Formula 1, 2012 წელს. მაშინ ეს ქალაქი მასშტაბური ღონისძიებების მხრივ, ძალიან უკან იყო. ამ პირობებში, იქაური „რუსთაველი“ გადავკეტეთ, რასაც მოჰყვა ის, რომ დღემდე, „ფორმულა 1-ის“ გრან-პრის შეჯიბრებას მასპინძლობს ეს ქალაქი.

M: თქვენ და თქვენმა გუნდმა შეძელით და 2014 წლიდან, სრულიად ერს, სირბილი დააწყებინეთ… როგორ დაიწყო World Run-ის ისტორია საქართველოში?
“World Run“ 2013 წელს, მადრიდიდან ჩამოვიტანე. თითქმის ყველა, ჩვენს გუნდში, ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებდა. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრებიც კი, მეუბნებოდნენ, როგორ წარმოგიდგენია, ვირბინო და თან ამაში ფული გადავიხადოო. თუმცა, მე ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს CSR (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა) პროექტი გაამართლებდა. დავიწყეთ კარდაკარ სიარული. პირველ წელს, ძალიან დიდი კამპანია ჩავატარეთ, სხვადასხვა ორგანიზაციას დავუკავშირდით და ვარწმუნებდით, რომ ეს პროექტი გაამართლებდა. ჩავდიოდით ქალაქებში, უნივერსიტეტებში სტუდენტებს ვხვდებოდით… თავი პარლამენტარი მეგონა. და მოხდა ისე, რომ პროექტი შედგა. მე-6 წელია, უკვე იმართება და ამით ძალიან ვამაყობ. M: რა შეცვალეთ ამ პროექტით?
სირბილის კულტურა საქართველოში არ არსებობდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის დამკვიდრება შევძელით. პირველ წელს, ჯინსებითა და კედებით ბევრი დარბოდა. თუმცა, ბოლო წლებია, ხალხი უკვე ელოდება „მსოფლიო რბენას“ და ფიზიკურად მომზადებული მოდის. ასევე, გაიზარდა სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ სფეროში. საქართველოს რბენის პირდაპირი ტრანსლაცია ხდება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გვიკავია. აქვე მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო ინსტიტუტებს გვერდში დგომისა და ამ პროექტის პატრონაჟისთვის.

M: ოჯახი, სამსახური და მოგზაურობა – თქვენი ცხოვრების სამი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია… პრიორიტეტებს როგორ ანაწილებთ?
ბავშვებთან ყოფნა მსიამოვნებს ყველაზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რეჟიმი მაქვს, მთელი დღე რომ საგიჟეთი მქონდეს, სახლში რომ მოვალ, 90%-ით შემიძლია, ვთქვა, რომ საღამოს პარკში გავისეირნებთ. ვცდილობ, რომ დავაბალანსო ცხოვრება. შვილებმა პრიორიტეტები შემიცვალეს. ეს დრო მარტო ჩემი აღარაა და ვზრუნავ იმაზე, რომ მათთან, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. უფროსი – ბიჭი 6 წლისაა და გოგოები იანვარში ხდებიან 3-ისა და 2-ის. ვამაყობ ჩემი ოჯახით. ოჯახში ყველაზე მაგარი ჩემი დაა – ქეთა გოლეთიანი, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი ჩემი, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში დედაჩემმა – ლელა ჯაფარიძემ შეიტანა!

ხანდახან, პარასკევს, დილას ან შაბათს, შეიძლება 6-7 საათზე მოტოციკლით, მეგობრებთან ერთად უდაბნოში სეირნობისთვის გამოვყო დრო. ამას „დედთაიმს“ ვეძახი, როცა ჩემებს ჯერ კიდევ სძინავთ.

რაც შეეხება მოგზაურობას, აქაც, ჩემს თავს მიზანი დავუსახე – 100+ ქვეყანაში უნდა ვიმოგზაურო და მგონია, რომ ამას აუცილებლად შევძლებ.

M: როგორია თქვენი კარიერული გეგმები… გინდათ საქართველოში დაბრუნება?
ზუსტად ვიცი, რაღაც პერიოდის მერე დავბრუნდები და ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას საქართველოს მოვახმარ. მეტი გადახვეწა არ მინდა. რაც არ უნდა შემომთავაზონ, ამერიკაში არ წავალ. მგონია, რომ მერე დაბრუნება ძნელი იქნება. ზაფხულობით, ბავშვებს საქართველოში ვუშვებ. დუბაიში ყველაფერია მათთვის, ახალი თაობის ბავშვებისთვის, ალბათ, საოცნებო ადგილია, რაც რეალური არ არის და მინდა, იცოდნენ, საიდან მოვდივართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩემი ბიზნესიც მაქვს – სასტუმრო გავხსენით ძველ ქალაქში მეგობრებმა – „მეფე გორგასალი“ და გეგმებში კიდევ ბევრი რამე გვაქვს.

M: თქვენს, ამ ეტაპზე, ყველაზე შორეულ ოცნებაზე რას გვეტყვით?
მინდა, ჩემი რომელიმე შვილის მენეჯერი ვიყო პროფესიული სპორტის მიმართულებით.

ახლო მომავალში კი, ისეთი რამის გაკეთებას ვგეგმავ, მთელ მსოფლიოს რომ აალაპარაკებს!

განხილვა