in

დღეიდან, „მავერიკები“ დაგვიძახეთ! – 4MEDIA-ს დიდი ტრანსფორმაცია

ჩვენ, KPI-ზე ორიენტირებული, „გაზომვადი არტისტები“ ვართ“

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მათ 4MEDIA-ს სახელით იცნობენ. ცოტა ხნის წინ, სააგენტომ ახალ განზომილებაში შეაბიჯა – შეიცვალა სახელი, სტრატეგია, ვიზუალური ბრენდინგი, პოზიციონირება და სრულიად ახალ მასშტაბებზე გადაინაცვლა. ამიერიდან, მისი გუნდის წევრები საკუთარ თავს „მავერიკებად“ მოიხსენიებენ და მზად არიან ურთულეს ბრიფებთან გასამკლავებლად. 4MEDIA-ს „მავერიკად“ ტრანსფორმაციაზე სააგენტოს დირექტორი გიორგი მგელაძე გვესაუბრა.

BOG
BOG
გიორგი მგელაძე

M: რამ განაპირობა სააგენტოს რებრენდინგი?

ციფრული სააგენტო 4MEDIA 2014 წელს დაიბადა. წლების განმავლობაში ხალხმა გაგვიცნო, როგორც ყოჩაღი სააგენტო, რომელიც კონტენტს თლიდა და ფიდში აწყობდა. მერე დროც აჩქარდა, ჩვენც განვვითარდით, გუნდში ბევრი ნიჭიერი ადამიანი დავიმატეთ, სერვისებიც გავამრავალფეროვნეთ და მივხვდით, რომ უკვე გავუსწარით იმ მოცემულობას, რაც საკუთარ თავს დავუწესეთ. ახლა, სრული ციფრული სერვისის მომწოდებელ კრეატიულ სააგენტოდ ვიქეცით.

M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ახალ სახელს?

„მავერიკებს“ თანაბარი წარმატებით დაგვესმის 2 კითხვა: ვინ? და როგორი?

თანაბარი წარმატებით ვატარებთ როგორც არსებითი, ასევე, ზედსართავი სახელის თვისებებს, შესაბამისად, ახალი მიწების აღმომჩენი, ცოტა ჯიუტი შემოქმედები ვართ, რომელიც ამბობს:

„რა უნდა იყოს, რომ მე ვერ გავაკეთო?“

და აუცილებლად გაიკვლევს გზას ახალი აღმოჩენისკენ ბასრი იდეებით.

M: როგორი იქნება, ამიერიდან, თქვენი პოზიციონირება?

„მავერიკის“ არსენალი ციფრული კრეატიული სააგენტოს სერვისებს სრულად მოიცავს, დაწყებული ნეიმინგითა და ბრენდის იდენტობით, გაგრძელებული ბასრი კონტენტის შექმნითა და მახვილი რეკლამირებით.

ასეთი მანტრა გვაქვს:

ჩვენს შემოქმედებით კონტენტს შედეგი მოაქვს.

M: ვინ არიან “მავერიკები” და რას ველოდოთ მათგან განსხვავებულს?

„მავერიკები“ KPI-ზე ორიენტირებული, „გაზომვადი არტისტები“ ვართ. საქმეზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც ციფრულ ლიმიტებში ატევს უსაზღვრო შემოქმედებით რესურსს.

უნდა ელოდოთ იდეებს ყოველთვის სწორი მიმართულებით, შურიკენივით ვისვრით და ამიტომაც ხვდება მიზანში. თან, ისე მოხდა, რომ ყველა პლატფორმასთან, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, გვაქვს ოფიციალური პარტნიორობა, იქნება ეს Google, Mailchimp, Monday.com, Eskimi თუ სხვა.

კომუნიკაციის ყველა ფორმა, ჩვენთვის ნდობაზე და პარტნიორობაზეა მიბმული, ამიტომაცაა, რომ დამკვეთისათვის ყოველთვის გვაქვს ექსტრა ბენეფიტები.

M: ორგანიზაციული და სტრატეგიული კუთხით რა შეიცვალა?

„მავერიკში“ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავს ჩვენით ვუწესებთ. რაც მთავარია, ამოცანები ყოველთვის კომპეტენციის შესაბამისია. კონტენტ კრეატორი არასდროს გააგზავნის ხელშეკრულებას და ექაუნთ მენეჯერი არასდროს დაწერს ქოფის.

გუნდში მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვირჩევთ, ვისაც ვენდობით. ზუსტად ამიტომ გვაქვს თავისუფალი გარემო. ლაღ გარემოში ჯანსაღი იდეები მოდის, თავისუფლებას კი სტრუქტურიზირებული მუშაობა ქმნის. მუდმივად გვაქვს ტრენინგები ციფრულ განახლებებს თუ შემოქმედებით გამოწვევებს პოზიციის შესაბამისად რომ ვუპასუხოთ.

M: რა გეგმები და მიზნები გაქვთ?

ამ ეტაპზე, სააგენტოში 40-მდე მავერიკი ვმუშაობთ და თითოეულმა ზუსტად ვიცით: არ არსებობს სიტყვა, რომელსაც ვერ ვიტყვით, ვიზუალი რომელსაც ვერ შევქმნით და ამოცანა, რომელსაც ვერ შევასრულებთ!

ჩვენი მიზანია, ყველაფერი, რასაც შექვმნით, ასოცირდებოდეს მავერიკულ ღირებულებებთან.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ლევან ლეფსვერიძე Eurobest 2021-ის ჟიურიშია!

„გამწვანებული სკვერი, ჯანსაღი გარემოსთვის“ – ფარმადეპოს ახალი პროექტი