in

#მავერიკი – ქეთევან ხატიაშვილი

მავერიკი“ თავისუფლების მოყვარულ, ინოვატორ და მეამბოხე ადამიანს ნიშნავს, მუდმივად სიახლეებს რომ ეძებს და დროსა და მოვლენებს, წინ რამდენიმე წლით უსწრებს.

„ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი“

„მარკეტერი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას „მავერიკები“. ამჯერად, ჩვენი სტუმარია ქეთევან ხატიაშვილი: ტანმოვარჯიშე და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-3 სეზონის გამარჯვებული. დღეს უკვე საკუთარი სტუდია აქვს და მხატვრულ ტანვარჯიშს, 4 წლის ასაკიდან, ნებისმიერ მსურველს ასწავლის. თვლის, რომ მისი კარიერა შედგა, რასაც საქმის სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწია, მობილიზება და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა კი, წაგებამ ასწავლა. რუბრიკის სპონსორია შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich.

ქეთევან  ხატიაშვილი: დღეს მაქვს სტუდია „ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია“. ვცდილობთ, ყველა ასაკის ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ზოგადად, მხატვრული ტანვარჯიშის დასაწყებად საუკეთესო ასაკი 4 წელია. ამიტომ, გვაქვს ჯგუფები 4 წლიდან, 6-8 წლამდე და ჯგუფი მოყვარულებისთვის. ჩვენთან არის ვარჯიშისა და ბალეტის გაკვეთილები, მუსიკის თანხლებით კომპოზიციის აწყობა – ყველაფერი ის, რაც  აუცილებელია მხატვრული ტანვარჯიშისთვის. დიდებისთვის ვატარებთ შიდა შეჯიბრებებსაც, რადგან საქართველოში, ჯერ არ არსებობს მოყვარულთა ტურნირები. გარდა ამისა, ვარ ფიტნესის საერთაშორისო ბრენდის “World Class Georgia“ ამბასადორი, „იმედის დილაში“ წარვადგენთ სპეციალურ ვარჯიშებს და ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდებთ.

M: როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერა?  

ქ.ხ. :  4 წლის ვიყავი, დედამ მხატვრულ ტანვარჯიშზე რომ შემიყვანა. მაშინ უკრაინაში ვცხოვრობდით. ამ სპორტს 21 წლამდე გავყევი. ძალიან შრომატევადი საქმეა. დღეში, 6-7 საათი გიწევს ვარჯიში – ბალეტი, „გაწელვები“, კომპოზიციები მუსიკის თანხლებით. 21 წლისამ, ცოტა ხნით, „ტაიმ აუტი“ ავიღე,  შემდეგ კი ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, აქტიურ სპორტში აღარ დავბრუნებულვარ. პრინციპში, ზოგადადაც, 21-22 წლის ასაკში სრულდება პროფესიული კარიერა მხატვრულ ტანვარჯიშში. რაც შეეხება განათლებას, დავამთავრე „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჩემი აზრით, არ შეიძლება, პედაგოგს პროფესიული განათლება არ ჰქონდეს და ისე ასწავლიდეს  ბავშვებს. ეს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ასეა. მხატვრულ ტანვარჯიშს, როგორც პროფესიონალმა სპორტსმენმა თავი რომ დავანებე, მინდოდა, აქტიური სპორტული ცხოვრება გამეგრძელებინა. ძალიან მიზიდავდა ცეკვა. ამიტომ, თურქეთში გავიარე სამწვრთნელო კურსების ორი საფეხური – „ზუმბას“ ოფიციალური ინსტრუქტორი ვარ. ვისწავლე თანამედროვე, უფრო დახვეწილი მეთოდები.

M: თუმცა, ფართო საზოგადოებამ აბსოლუტურად სხვა საქმიანობით გაგიცნოთ . . . 

ქ.ხ. :  ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. თანაც, სრულად შევძელი რეალიზება, 100%-ით გამომივიდა. რაღაც მომენტში, გამიმართლა კიდეც. ვგულისხმობ პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები“. თუმცა, იყო პროექტები, სადაც, თითქოს, ბოლომდე დავიხარჯე, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო, მაგალითად, „იმედის დილა“. უკრაინაში გავზარდე და ცოტა ქართულად მეტყველება მიჭირდა. მართალია,  სულ ვმეცადინეობდი და ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც ვერ აეწყო. ყველა მეუბნებოდა, რომ ყველაფერს აქვს თავის დრო. მიმდინარე სეზონში, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რამდენიმე ტურია, ჟიურის წევრი ვარ. მიხვდი, რომ სწორედ ახლა იყო ამის დრო. თავის მხრივ, აკადემიაც დამეხმარა – თავისუფლად შემიძლია ვთქვა შენიშვნა. ადრეც რამდენიმეჯერ ვიყავი ამ პროექტის ჟიურის წევრი და თითქოს, მერიდებოდა, რომელიმე მონაწილისთვის შენიშვნის მიცემა.  ახლა პირიქით, რასაც ვფიქრობდი ზუსტად აღვნიშნე. რა თქმა უნდა, ზომიერად, მაგრამ გამოვხატე, რის თქმაც მინდოდა. გადაცემის პროდიუსერებმა და ჟიურის სხვა წევრებმაც მითხრეს, რომ ახლა ზუსტად ის დროა, როცა ეს უნდა ვაკეთო. პრინციპში, მეც რომ გავაანალიზე და ქეთი ხატიაშვილს გვერდიდან შევხედე, საკუთარი თავი ძალიან გაზრდილი მეჩვენა.

„როდესაც მუდმივად ვვითარდები, ჩემთვის ეს არის წარმატება“

M: რა მოგცათ ამ პროექტებმა?

ქ.ხ. :  „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მე-13 მონაწილედ, როგორც ხალხის რჩეული, ისე ჩავერთე. რომ გავიმარჯვე, სულ თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. სპორტული სამყარო კი მიცნობდა, მაგრამ საზოგადოება – ნაკლებად. იმ 4 თვეში ბევრი ცვლილება მოხდა. ქუჩაში მაჩერებდა ხალხი, ეს ძალიან უცხო იყო. როგორც კი პროექტი დასრულდა, ტელევიზიაში მიმიწვიეს სამუშაოდ, გავხდი რამდენიმე სერიოზული კომპანიის სახე. ძალიან გავიზარდე პროფესიულად და პიროვნულად. თუ ვიღაცის ცხოვრებაში ამდენი რამ 20 წლის განმავლობაში ხდება, მე 2-3 წელში გამოვიარე. ვეცადე, რომ ყველა ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და არაფერი გამომეტოვებინა.

M: ამდენი განსხვავებული საქმის შეთავსება რთული არ არის?

ქ.ხ. :  საერთოდ არ მიჭირს. პირიქით, მომწონს განსხვავებული საქმეების შეთავსება, ყველგან სხვადასხვა კუთხით ვიხარჯები. თითოეულისგან ვიღებ რაღაცას, რაც მავსებს და მზრდის. საერთოდ, არ მიყვარს ერთფეროვნება. კიდევ რომ მითხრან, სულ სხვანაირი საქმე წამოიწყეო, დავთანხმდები. კოლაბორაცია კარგად გამომდის. თუ გულით ვგრძნობ, რომ გამომივა, აუცილებლად ვთანხმდები იმ პროექტს. სადღაც წინათგრძნობაც მაქვს – ვიცი, რა გამომივა და რა – არა. თუ გული მიმდის, იდეებიც მომივა და კარგ შედეგსაც აუცილებლად მივაღწევ .

M: მაშინ რა ხდება, როცა შედეგს ვერ აღწევთ? რა არის თქვენთვის მარცხი?

ქ.ხ. :  დამარცხება ძალიან მიჭირს. ზოგჯერ, მეტირება კიდეც. მარტივად ნამდვილად ვერ გადამაქვს. მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ხელი არ უნდა ჩავიქნიო. სულ ვამბობ, მაგალითად, თუ ვერ გაიმარჯვე და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დგახარ, ჩამოხვალ თუ არა, ყველაფერი თავიდან იწყება. ნულიდან დაწყება კიდევ ერთი ახალი შანსია, სადაც შეგიძლია, გაითვალისწინო ძველი შეცდომები და ყველაფერი თავიდან, უფრო კარგად და სწორად გავაკეთო. თუ ადრე ხელს ჩავიქნევდი, ახლა მარცხი მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ხვალიდან ახალი შემართებით დავიწყო ყველაფერი.

M: იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი შეცდომა, რომლის შემდეგაც ძალების მოკრება გაგიჭირდათ, ან პირიქით, ბევრი რამ გასწავლათ?

ქ.ხ. :  იყო რაღაცები, ზუსტად აკადემიის გახსნისას. ისეთ წინაღობებს წავაწყდი, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ესეც მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, ყველა მაფრთხილებდა, მაგრამ შეცდომა მაინც დავუშვი, ვენდე ისეთ ადამიანს, ვინც არ იმსახურებდა. სამაგიეროდ, ამ გაკვეთილის დამსახურებით, მსგავსი რამ აღარასოდეს დამემართება.

„მთავარია, საქმეში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული და ვისთვისაც რა გაქვს სათქმელი, პირდაპირ უთხრა.
დღეს ვისწავლე პრობლემების გადაჭრა, სიმტკიცის გამოჩენა“

M: რა არის წარმატება?

ქ.ხ. :  წარმატებაში მოვიაზრებ შემდგარ „მე“-ს. მაგრამ ამის საზღვარი არ მაქვს. მინდა, სულ უფრო განვვითარდე. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ამას. ჩემ გარშემო რაც უფრო ბევრი კმაყოფილი სახეა, მეტ ძალას ვგრძნობ, ახალი იდეები მომდის. მთავარია, აქტიური ვიყო, ბევრი რამ ვაკეთო ერთდროულად. ასეთ რეჟიმში რომ ვარ, საქმეც უფრო კარგად გამომდის. როდესაც მუდმივად ვვითარდები, ჩემთვის ეს არის წარმატება. მაგრამ წარმატება ცოტა სახიფათოა. რთულია, შემდეგ მობილიზება. არა და, ეს აუცილებელია. გამარჯვებული ხარ მხოლოდ იმ წამს, როცა კვარცხლბეკზე დგახარ. შემდეგ კი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო ყველაფერი.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებისთვის საჭირო?

ქ.ხ. :  პირველ რიგში, გულით უნდა გიყვარდეს შენი საქმე. თუ ასე არ არის, არ მგონია, დიდ წარმატებას მიაღწიო. აუცილებელია, იპოვო ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია.  მაგალითად, მე ძილშიც ტანვარჯიშზე, სტუდიის ბავშვებზე, კოსტიუმებზე, კომპოზიციებზე ვფიქრობ. მაგრამ სიყვარულის გარდა, ძალიან ბევრი უნდა იშრომო. არანაირი ენერგია, რესურსი არ  უნდა დაიშურო შენი საქმისთვის. ძალიან თვითკრიტიკული და მომთხოვნი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. სულ ვამბობ, რომ სხეულს უნდა უსმინო – შეიძლება, ერთ დღეს მეტი დატვირთვა უნდა, მეორე დღეს – ნაკლები. ანალოგიურად ვარ საქმეშიც – ვგრძნობ, რა გამომდის კარგად, რა – არა. რას მეტი ყურადღება უნდა დაუთმო, რას – ნაკლები. მაგალითად, „ცეკვავენ ვარსკვლავების“  ჟიურიში რომ დავჯექი, ჩემი თავი, ერთი კვირის მერე უკეთესი მომეჩვენა მეც და სხვებსაც. ტურიდან ტურამდე, ჩანაწერს ვახვევდი, ვუსმენდი, ვაანალიზებდი.

M: დღეს როგორ აფასებთ საკუთარ წარმატებას?

ქ.ხ. :  თავიდან, აკადემიას რომ ქმნიდით, ვფიქრობდით, იდეალური იქნებოდა, რომ 60 ბავშვი მაინც მოსულიყო. ზუსტად 5 დღეში 90 მოსწავლე გვყავდა, ისე რომ რეკლამაც არ გაგვიშვია. უკვე 2 ფილიალი გვაქვს და ყველაფერი კარგად მიდის. რაც დღეს ჩემს თავს ხდება, კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ წელიწადნახევარში ეს საკმაოდ სერიოზული წარმატებაა. რასაც დღეს წარმოვადგენ, ყველაფერს, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობით მივაღწიე. მთავარია, საქმეში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული და ვისთვისაც რა გაქვს სათქმელი, პირდაპირ უთხრა. საქმეში მეგობრობა და ნათესაობა არ გამოდის. თუ ვინმესთვის შენიშვნა უნდა მიმეცა, ადრე ძალიან მერიდებოდა, მკერავი იქნებოდა, მასწავლებელი თუ სხვა. დღეს ვისწავლე პრობლემების გადაჭრა, სიმტკიცის გამოჩენა.

M: დღევანდელი გადმოსახედიდან , როგორ  ფიქრობთ, არის ქეთევან ხატიაშვილი მავერიკი ?

ქ.ხ. :  ალბათ, კი, მაგრამ მეტი მინდა. დარწმუნებული ვარ, ერთ წელიწადში ამას უფრო თამადად ვიტყვი.

M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

ქ.ხ. : მომავალი წლის თებერვალში, თბილისში, კიდევ ერთი სტუდიის გახსნას ვაპირებთ. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რეგიონებში გავიდეთ, ამაზე ბევრი ადამიანი გვწერს და ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, საქართველოს სხვა ქალაქები მოვიცვათ. 2018 წლის მარტში, მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი ჩავატარეთ. 200-მდე მონაწილე იყო, 7 სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოში, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. ამიტომ, გვინდა, ყოველწლიურ ღონისძიებად ვაქციოთ და 2019 წლის მარტშიც ვუმასპინძლოთ ამ ტურნირს. ცხადია, უფრო ფართო მასშტაბებით. გარდა ამისა, ჩემი და ზოგადად, ჩვენი ყველას თვითმიზანია აკადემიის შიდა გუნდის პროფესიული ზრდა, აუცილებლად უნდა განვვითარდეთ. კიდევ ერთი სამომავლო გეგმა ტელევიზიას უკავშირდება. ველოდები კონკრეტულ შემოთავაზებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

არავერბალური კომუნიკაციის 3 ფორმა, რომელიც სიტყვებზე მეტს ნიშნავს

სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში – ვიდეორგოლი