26
Oct
2018

#მავერიკი – გიორგი ქოჩიაშვილი

26 Oct 2018

მავერიკი თავისუფლების მოყვარული, ინოვატორი და მეამბოხე ადამიანია. მისთვის მიუღებელია კონფორმიზმი, მუდმივად ეძებს სიახლეებს და დროსა და მოვლენებს, როგორც წესი, წინ რამდენიმე წლით უსწრებს.

ფოტო: ანა ციციშვილი

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას “მავერიკები”. ჩვენი სტუმარია მხატვარი გიორგი ქოჩიაშვილი. რუბრიკის სპონსორია შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich.

ვინ იცის, რომ არა სპორტული ტრავმა, მსოფლიო ვერასოდეს გაიცნობდა გიორგი ქოჩიაშვილს. მხატვარი, რომელმაც არ იცის, რა არის შემოქმედებითი კრიზისი, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, პროფესიონალური რაგბით იყო დაკავებული. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა ამ საქმით სერიოზულად სამიოდე წლის წინ დაკავდა. ამ დროს ამოტივტივდა ბავშვობის მოგონებები, არქიტექტორი ბაბუის მიერ მოყოლილი ამბები და შთაგონებასაც მიეცა გასაქანი. ტროპიკული მცენარეებისა და აფრიკელი პერსონაჟების სიჭარბესაც, მის ნახატებში, ნოსტალგიური დატვირთვა აქვს – ამბობს, რომ ასე “დაკარგული სამოთხის” ტილოზე ასახვას ცდილობს. დღეს, 26 წლის მხატვრის ნამუშევრებს ისეთ დიდ ქალაქებში ეცნობიან, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ვენა და ა.შ.

ფოტო: ანა ციციშვილი

M: რა გზა გამოიარე აქამდე მოსასვლელად?

რთულია, ამ ეტაპზე ვთქვა, რომ აქამდე მოსასვლელად მე დიდი გზა გამოვიარე. თუმცა, ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა გამოცდილება მაქვს მიღებული. ჩემი ნამუშევრების თემატიკაზე და იმ ფაქტზე, რომ ხშირად შავკანიანებს ვხატავ, ბევრი კომენტარი მომისმენია. ხატვა მას მერე დავიწყე, რაც პროფესიონალური რაგბის თამაშისას, ტრავმა მივიღე და თამაში ვეღარ გავაგრძელე.

გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პერიოდი იყო და საკმაოდ გამიჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან ეს თამაში და სპორტი ჩემი სერიოზული გატაცება და საქმე იყო. რაგბის მერე, ხატვის დაწყებაში ჩემი მეგობარი დამეხმარა. ხელოვანია, ჩემი ნიჭი დაინახა და დაიჯერა.გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში მოვიდა, როდესაც მხატვრობა შემოსავლის წყაროდ იქცა. მას მერე მომეცა საშუალება, რომ მეტი დრო დამეთმო ჩემი ნახატებისთვის. პირველი ნამუშევრების სერიაში ის შავკანიანები გამოჩნდნენ, რომლებიც რაგბის თამაშის პერიოდში, სამხრეთ აფრიკაში გავიცანი და ვნახე.

გაგრაში დავიბადე და ჩვენი ოჯახი აფზაზეთის ომის შემდეგ, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. გაგრა არ მახსოვს, ბაბუაჩემი ხშირად მიყვებოდა აფხაზეთზე და წარმოსახვით ძალიან მივამსგავსე იქაური ბუნება სამხრეთ აფრიკულს. ერთგვარი პარალელი გავავლე ჩვენსა (ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ დევნილებს) და შავკანიანებს შორის და ბევრი მსგავსება აღმოვაჩნე. ეს ინფორმაცია ნელ-ნელა დაილექა ჩემს ცნობიერებაში და ახლა, როდესაც ვცდილობ გავაანალიზო, რატომ ვხატავ ამ ტროპიკულ მცენარეებს, რაღაცნაირად ყველაფერს ბაბუაჩემის ნათქვამს ვუკავშირებ. ეს ის “დაკარგული სამოთხეა,” რომელზეც ბაბუაჩემი საუბრობდა.

ფოტო: ანა ციციშვილი

M: ვინ /რა ახდებს შენზე დიდ ზეგავლენას?

ჩემზე ყველაფერი მოქმედებს, უბრალოდ, სხვადასხვა იმპულსურობით, ამინდიდან დაწყებული, არც კი ვიცი, რით დავამთავრო. უფრო ვიტყოდი, რომ მიმღებლობა მაქვს გახსნილი უფრო შემოქმედი ადამიანებისადმი და გარემოსადმიც. ამ ეტაპზე, დაკვირვების ზეგავლენის ქვეშ ვარ.

M: როგორია შენი სამუშაო გარემო?

ამჯერად, სახლში ვმუშაობ, თუმცა ძალიან მინდა, რომ დიდი სახელოსნო მქონდეს. ნამუშევრების ბოლო სერია რაჭაში დავხატე, იქ მქონდა დიდი სივრცე და ვმუშაობდი. ამჟამად, სხვადასხვა რეზიდენციაში ვაგზავნი ჩემს პორტფოლიოს, რადგან სხვა გარემოში მინდა ვიმუშაო და შევქმნა ნამუშევრები.

ფოტო: ანა ციციშვილი

M: თუ გქონია შემოქმედებითი კრიზისი ან როგორ უმკლავდები ?

არ ვიცი, შემოქმედებითი კრიზისი როგორია. შეიძლება სხვისი გადმოსახედიდან შემოქმედებითი კრიზისი მქონდეს, თუმცა მე ამას ვერ ვგრძნობ. უფრო, პროდუქტიულობისა და არაპროდუქტიულობის პერიოდები მაქვს. ამიტომ, ეს უფრო დროა, როდესაც რაღაც ახალს ეძებ და შეიძლება ეს კრიზისად ჩანდეს გვერდიდან. ასე რომ, არ მქონია კრიზისი შემოქმედებაში.

M: ხატვა როგორც თვითგამოხატულების საშუალება თუ ბიზნესი ?

ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ორივე შეთავსებადია. 

M: როდის შეიძლება ჩაითვალოს მხატვარი წარმატებულად?

ძალიან ინდივიდუალურია. ზოგადად, წარმატება ცოცხალი ორგანიზმივითაა, შეიძლება გაყიდვადიც იყო, ცნობილიც, მაგრამ ხვდებოდე, რომ ეს ის არაა. შემოსავალი უფრო მშვიდ გარემოს გიქმნის და გაძლევს მეტი განვითარების საშუალებას. მეტი რესურსი, მეტი დრო გაქვს საფიქრელად და ამიტომაც ვფიქრობ, რომ შემოსავალი წარმატების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

M: რა აკლია დღეს ქართულ მხატვრობას?

ამაზე პასუხი არ მაქვს, რამდენადაც ჩემი შემოქმედება ძალიან განსხვავდება, სხვა ქართველი თანამედროვე ხელოვანებისგან, თემატურად, ფერთა გამითა და ვიზუალურადაც. მე დიდი პატივს ვცემ და მომწონს ბევრი ჩემი თანამედროვე ხელოვანი, მაგალითად, ეთერ ჭკადუა, ანდრო ვეკუა, ქეთი კაპანაძე და სხვები. ჩემი ნახატები შეიძლება იმიტომ განსხვავდება, რომ მე აქ არ მისწავლია და აკადემიური ცოდნა არ მიმიღია. ჩემი შემოქმედება ქართველ აუდიტორიას ირინა პოპიაშვილმა გააცნო. მან ორი წლის წინ ნახა ჩემი ნახატები ფაბრიკაში, Black Dog Shop-ში და იქიდან დამიკავშირდა. აქაურ გალერეებში გამოფენა არ მქონია და ძირითადად, ინსტაგრამიდან აჩვენებდა და აცნობდა ირინა ჩემს ნამუშევრებს საერთაშორისო კოლექციონერებს. ჩემი ნახატები შეიძინეს გერმანელმა და ამერიკელმა კოლექციონერებმა. 2017-ში, Popiashvili Gvaberidze Window Project-ის სახელით, ირინამ, სხვა ხელოვანებთან ერთად, ჩემი ნამუშევრები გამოფინა ViennaContemporary-ის არტ ბაზრობაზე, სადაც ნახატები უცხოელმა კოლექციონერმა შეიძინა. 

M: ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, როგორ ხედავ მხატვრობის განვითარებას?

მხატვრობა ჩემთვის მემატიანესავითაა, ფერწერას ვგულისხმობ და მგონია, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ისიც ვითარდება და მუდმივ განვითარებაში იქნება… რა თქმა უნდა, ტექნოლოგიამაც შეაღწია არტში და ახალი მიმდინარეობებიც შეიქმნა, თითქოს, საზღვრები მოანგრია და უკვე შესაძლებელია, რომ ყველაფერი ხელოვნებად, მხატვრობად აღვიქვათ. ამ რეალობაში, ერთი მეორის გარეშე უკვე წარმოუდგენელიცაა.

M: სამომავლო გეგმები…
ამ ეტაპზე, ვმუშაობ Miami Art Fair-ის გამოფენისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

განხილვა