მავერიკი თავისუფლების მოყვარული, ინოვატორი და მეამბოხე ადამიანია. მისთვის მიუღებელია კონფორმიზმი, მუდმივად ეძებს სიახლეებს და დროსა და მოვლენებს, როგორც წესი, წინ რამდენიმე წლით უსწრებს.

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას “მავერიკები”. ჩვენი სტუმრები არიან კომპანიის UK Bridge დამფუძნებლები ანა ვეცკო და ნუცა ქურიძე. რუბრიკის სპონსორია შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich.
ნუცა ქურიძემ და ანა ვეცკომ საკუთარი პროექტი ათი წლის წინ შექმნეს. თუმცა, იქამდე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციაში, იმავე სფეროში, რასაც ახლა აკეთებენ. საკუთარი ბიზნესის წამოწყება ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ გადაწყვიტეს. სურდათ შეექმნათ ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. კომპანიის დაარსებიდან დღემდე, მათი დახმარებით, საზღვარგარეთ სასწავლებლად 3500 ადამიანი გაემგზავრა.
M: საიმედო პარტნიორის პოვნა ადვილი არ არის…
ექვსი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. ერთმანეთი უკვე გამოცდილი გვყავდა საქმეში. ეს დაგვეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. თავის დროზე, ძალიან დიდ რისკზე წავედით. უარი ვთქვით საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობაზე და ახალი საქმე დავიწყეთ. თუმცა, ეს გაგვაბედინა იმან, რომ უკვე გვქონდა გამოცდილება, კონტაქტები და ვერკვეოდით საქმეში.

M: როგორ ანაწილებთ საქმეში თქვენს ძლიერ მხარეებს?
ა.ვ: ძალიან ბუნებრივად გადანაწილდა ჩვენი ძლიერი მხარეები, ვის რა უკეთ შეუძლია. განსხვავებული ძლიერი მხარეები გვაქვს ჩვენ ორს. ნუცას იდეალურად გამოსდის მარკეტინგი, ხალხთან ურთიერთობა, მათი დარწმუნება და ძალიან დამაჯერებელია.
ნ.ქ: ანას ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები გამოსდის კარგად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
M: გქონდათ შიში, რომლის გადალახვაც მოგიწიათ ბიზნესის დასაწყებად?
ნ.ქ: იმდენად ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა, იმდენად მკაფიო სურათი გვქონდა წარმოდგენილი, რასთან შეჭიდებასაც ვაპირებდით, რომ შიში არ მახსენდება. დღეს, ალბათ, იმავე გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდებოდა, მაშინ ახალგაზრდული ენერგია გვქონდა, სტაბილური შემოსავალი, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო და ახლა ძალიან თავისუფლად ვგრძნობთ თავს.
ა.ვ: ახლა რა თავისუფლებაც მაქვს, ამას არაფერში გავცვლი…

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება?
ნ.ქ.: საკუთარი საქმის ქონა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენ ხარ პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ემსახურები. ძალიან დიდი პრობლემა გვქონია და ბევრი გამოწვევაც ყოფილა ამ ათი წლის მანძილზე, რადგან არ ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. მაგრამ ეს ყველაფერი გიღირს იმის გამო, რომ ხარ თავისუფალი, შენზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება.
ა.ვ.: პასუხისმგებლობის გრძნობა მძაფრად გვაქვს ორივეს. ასეთ პარტნიორთან ძალიან საიმედოა მუშაობა. სწრაფად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის თავზე უკვე გვქონდა საკუთარი კომპანია.
M: რა კავშირშია ეს საქმიანობა თქვენს პროფესიასთან?
ა.ვ.: მე პროფესიით მსახიობი ვარ. ახლა რომ ვუკვირდები, ეს პროფესია არასდროს ყოფილა ჩემი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა. ყოველთვის მიყვარდა მათემატიკა, თვლა, კარგად გამომდიოდა მენეჯმენტი და ასე მოვხვდი ჯერ ჩვეულებრივ სამსახურში, შემდეგ კი, ბიზნესში.
ნ.ქ.: ჩვენი საქმიანობა უკავშირდება იმ სამუშაო გამოცდილებას, რომელიც 6 წლის განმავლობაში მივიღეთ ბრიტანეთის საბჭოში და არა პროფესიულ არჩევანს. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ. ვფიქრობ, ეს ადამიანის მიდრეკილებაზეა დამოკიდებული, რა შეუძლია, რა მოსწონს…
ჩვენს კლიენტებსაც ვურჩევთ, ბაკალავრიატის შემდეგ, პირდაპირ მაგისტრატურაზე არ ჩააბარონ. უმჯობესია, ჯერ გაერკვნენ, რა არის მათი ძლიერი მხარე, რა აინტერესებთ, რომ უფრო ვიწყო სპეციალობას დაეუფლონ მაგისტრატურაზე. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა პროფესია გიყვარს და საყვარელ სფერო აკეთებ.
M: გამოწვევები…
ა.ვ.: ჩვენს ხელში 3500-მდე ადამიანმა გაიარა. უამრავნაირი ტიპის ადამიანი მოდის ყოველდღიურად. მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ სწავლა ძვირია და როდესაც ადამიანი დიდ თანხას იხდის, მოლოდინიც დიდი აქვს. შესაბამისად, მისი მოლოდინი რომ არ გამართლდეს, ამაზე პასუხის გაცემა მოგვიწევს, რასაკვირველია. ეს არ არის ადვილი.
ნ.ქ.: პრობლემები, ძირითადად, უკავშირდებოდა საიმიგრაციო საკითხებს. დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება საკმაოდ რთული პროცესია, რაც ამ ათი წლის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა. რთულია, როცა დამოკიდებული ხარ სხვაზე და ამ დროს პასუხისმგებლობა გაქვს კლიენტთან, რომ მოუწესრიგო ყველაფერი და მათი მოლოდინი გაამართლო.
M: როგორ ახერხებთ კარიერის შეთავსებას ოჯახთან?
ა.ვ.: როცა რაღაც გინდა, ახერხებ. მახსოვს, ჩემი ერთი შვილი შვიდი წლის იყო, მეორე ოთხის, მესამე – ახალდაბადებული, ჩემი მეუღლე სხვა ქალაქში მუშაობდა, მე მარტო ვცხოვრობდი და მაშინაც კი ვახერხებდი მუშაობას. შესვენებაზე სახლში გავდიოდი, რომ ბავშვისთვის მეჭმია. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი, ახლა ვერ წარმომიდგენია ასეთი რეჟიმი. ერთი სფეროს გამო, მეორეს დათმობა არასოდეს დაგვჭირვებია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახლშიც ვიყო, ოჯახს მივხედო. საბედნიეროდ, ვნახულობ დროს ყველაფრისთვის. ცხრიდან ცხრამდე მუშაობის მითისაც არ მჯერა. გონებას ფიზიკურად არ შეუძლია ამდენ ხანს მუშაობა.
ნ.ქ.: ყველაზე რთული თვეები ჩვენს საქმეში არის მაისი-ივნისი. მახსოვს, ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვს დღედღეზე ველოდებოდი და მაინც ვერ გავდიოდი ოფისიდან. იმიტომ კი არა, რომ ანა ვერ გაუმკლავდებოდა, უბრალოდ, უსაქმოდ არ შემეძლო სახლში ჯდომა. ეს ის დრო იყო, ყველაფერი ჩვენ რომ უნდა გვეკეთებინა. ახლა გვყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, რომლებიც დამოუკიდებლადაც ძალიან კარგად გაუძღვებიან საქმეს. ამ ათი წლის მანძილზე, ძალიან იშვიათად დავრჩენილვართ ოფისში ექვსი საათის შემდეგ. კი, შეიძლება სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაცია გაგრძელდეს, მაგრამ დრო გვაქვს. რაც მეტს აკეთებ, მით მეტს ასწრებ.
M: თქვენ მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე…
ა.ვ.: ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საერთაშორისო განათლების გამოფენა გააკეთა თბილისში. ეს იყო 8 წლის წინ. გამოფენის ფარგლებში, ჩამოგვყავს პარტნიორი უნივერსიტეტები, სკოლა-პანსიონები ევროპიდან, ამერიკიდან… ვისაც აინტერესებს სწავლა საზღვარგარეთ, პირდაპირ ამ სასწავლებლების წარმომადგენელს ხვდება, შეუძლია დაუსვას კითხვები. ხშირად ისე ხდება, რომ გამოფენაზევე ახერხებენ სასურველი სასწავლებლის შერჩევას.
ნ.ქ.: ვფიქრობ, ამ გამოფენებმა გაზარდა ცნობადობა. საზოგადოებამ გაიგო, რომ საზღვარგარეთ სწავლა ხელმისაწვდომია. ადრე საზღვარგარეთ სწავლა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ჩვენ ჩამოგვყავს წარმომადგენლები როგორც ძვირადღირებული, ისე ხელმისაწვდომი სასწავლებლებიდან, სადაც სწავლა იგივე თანხა ჯდება, რაც აქ კერძო უნივერსიტეტში.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ იცვლებოდა ტენდენცია ამ ათი წლის განმავლობაშიც. ინტერნეტთან წვდომა ძალიან ცოტას ჰქონდა და როდესაც მშობელი საზღვარგარეთ უშვებდა შვილს სკოლა-პანსიონში, არც ჰქონდათ ამდენი ინფორმაცია, ვერც ვებგვერდზე შედიოდნენ, ერთი პატარა ბროშურა იყო, საიდანაც იღებდნენ ინფორმაციას. უბრალოდ, გვენდობოდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მეორე ენა ინგლისურია, მაინც დგას უცხო ენის ცოდნის პრობლემა. ხშირად არის, რომ ადამიანი, რომელიც ფინანსურად მზადაა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ენის ცოდნის დონე არ აძლევს ამის საშუალებას. სწორედ ამიტომ, UK Bridge-ის დაფუძნებიდან ათი წლის შემდეგ, გავხსენით ინგლისური ენის ცენტრი, სადაც ამ პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით. ესეც სპონტანური გადაწყვეტილება იყო. ისეთივე სპონტანური, როგორც თავის დროზე, ამ ორგანიზაციის დაფუძნება. ისიც საინტერესოა, რომ იმდენად დიდი იყო ჩვენდამი ნდობა, პირველსავე დღეებში კურსზე ორმოცდაათი ადამიანი ჩაეწერა. ამდენად, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ მხოლოდ სასწავლებლად კი არ ვუშვებთ სტუდენტს, არამედ წასასვლელადაც ვამზადებთ.