16
Nov
2018

#მავერიკი ქეთევან მაისაია

16 Nov 2018

მავერიკი თავისუფლების მოყვარული, ინოვატორი და მეამბოხე ადამიანია. მისთვის მიუღებელია კონფორმიზმი, მუდმივად ეძებს სიახლეებს და დროსა და მოვლენებს, როგორც წესი, წინ რამდენიმე წლით უსწრებს.

ფოტო: ანა ციციშვილი

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას “მავერიკები”. ჩვენი სტუმარია მოდის დიზაინერი ქეთევან მაისაია, რომელიც საუკუნოვან ესპანურ ბრენდთან Loewe თანამშრომლობს და ექსკლუზიური დიზაინის აქსესუარებს ქმნის. რუბრიკის სპონსორია შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich.

კარიერა მოდის სახლში Hermes მუშაობით დაიწყო, დღეს კი თვლის რომ დიზაინერობა ყველაზე სწორი პროფესიული არჩევანია, – ეს ქეთევან მაისაიაა. ოცდათორმეტი წლის დიზაინერი, ამჟამად, მოდის სახლთან Loewe თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარ პროდუქციასაც აწარმოებს საქართველოში. “დიზაინერს არ უნდა ეშინოდეს სხვისი აზრისა და კრიტიკის მოსმენის. ბოლომდე საკუთარ თავს და იდეებს უნდა ენდოს და განახორციელოს ის რისიც სჯერა” – ამბობს ქეთევან მაისაია და თვლის, რომ შეუძლებელია ამოხსნა, რა განაპირობებს დიზაინერის წარმატებას ან მარცხს – წლების მანძილზე წარმატებულის ნამუშევრების მიმართაც კი შეიძლება მოულოდნელად დაიკარგოს ინტერესი. თუმცა, მიაჩნია, რომ თუ დამარცხდი, ამ დროს ყველაზე მეტს სწავლობ, ამიტომ მარცხის გადატანაც ერთგვარი წარმატებაა. ქეთევან მაისაიას შემოქმედების შთაგონების წყარო მისი შვილია, ასევე, “მშობლები, მეგობრები, ახალი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები, კინო, მუსიკა, არქიტექტურა, მხატვრობა და საერთოდ ხელოვნება, ბუნება, საქართველო”…

M: ბავშობიდანვე გქონდათ მიდრეკილება მოდის სფეროს მიმართ?

დიახ, ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული მოდის სფეროთი, მიყვარდა ხატვა, კერვა, ქსოვა, ქარგვადედა მხატვარი, მამა კი არქიტექტორია, შესაბამისად, ალბათ გენეტიკამაც იქონია გავლენა და არტისტულმა გარემომაცასევე, დიდი სტიმული მომცა იმან, რომ ჩემმა ოჯახის წევრებმა მხარი დამიჭირეს ჩემს გადაწყვეტილებაში. ვხედავდი, რომ სჯეროდათ ჩემი, უხაროდათ და მაქებდნენ, როდესაც რაიმე საინტერესოს შევქმნიდი. ეს კი, მოტივაციას მაძლევდა, რომ მეტი მეშრომა. გარდა მაგისა, ჩემი პროფესია და სწავლის პერიოდი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

ფოტო: ანა ციციშვილი

M: როგორ ფიქრობთ, სწორი პროფესიული გადაწყვეტილება მიიღეთ?

მართალი გითხრათ, არამგონია არსებობდეს სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება, პროფესიასთან დაკავშირებით. ნებისმიერი გამოცდილებიდან, თუნდაც ცუდიდან, შეიძლება ბევრი რამის სწავლა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანს არჩევანის საშუალება ჰქონდეს. თუნდაც არასწორი იყოს, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. რაც შემეხება მე, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და კარგად ვგრძნობ თავს ამ სისტემაში. თუმცა უნდა ავღნიშნო რომ უმძიმესი პროფესიაა, მოითხოვს თავდაუზოგავ შრომასა და გამძლეობას.

M: რა არის თქვენთვის მოდა? რამდენად რთულია ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება?

მოდა არის მექანიზმი, რომელიც გარკვეული წესით მუშაობს, გარკვეული დროის განრიგით, იერარქიით, ბიზნეს ინტერესებით. დიზაინერი უნდა მოერგოს ამ მექანიზმს და რომელიმე მოდის სახლის შიგნით, წლების მანძილზე, განვითარდეს საფეხურეობრივად და დაუზოგავად იშრომოს. ხშირად, დაუფასებლად. კონკურენცია ძალიან დიდია, ანაზღაურება – დაბალი. ამ ურთულესი წლების მანძილზე, დიზაინერმა უნდა მოიპოვოს გარკვეული სტატუსი.

არის მეორე გზა, რომ თავისი ბრენდი შექმნას. მაგრამ, დღევანდელი მოდის ინდუსტრია საერთოდ არ უწყობს ხელს პატარა ბრენდების არსებობას, და თუ ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია არ გააჩნია, მხოლოდ ნიჭითა და შრომით ვერაფერს გახდება.

M: როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

სწავლა რომ დავამთავრე, Hermes-ში ვიმუშავე ერთი წელი, შემდეგ Maison Martin Margiela-ში, ჩანთების დიზაინერად. შემდეგ, საკუთარი ბრენდი Le Mocassin Zippe დავაარსე. ძალიან მინდოდა ჩემი იდეები განმეხორციელებინა საქართველოში, მაგრამ მივხვდი, რომ საკუთარი ბრენდით ვერ ვიარსებებდიასევე, ძაან დამაკლდა და მომენატრა კოლეგების ყოლა და ჯგუფური მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან სახალისოა. ამიტომ, Loewe- ჩანთების დიზაინერად დავიწყე მუშაობა, სადაც დღესაც ვმუშაობთან, ჩემი ბრენდის ფეხსაცმელების წარმოებასაც ვაგრძელებ საქართველოში.

M: როგორია ბრენდი „ქეთევან მაისაია“?

ჩემი შექმნილი დიზაინი ხშირად კლასიკურია, ადვილად მოსარგები და მოსახმარი, თუმცა ყოველთვის რაიმე ისეთი დეტალი აქვს, რაც კლასიკურისგან გამოაჩევს.

M: როგორ უმკლავდებით პროფესიულ სირთულეებს?

უბრალოდ იდეა თუ მაქვს, ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო და განვახორციელო, რომც გამიჭირდეს მაინც არ მოვეშვა. ეს არის თვითგანვითარების ერთ-ერთი გზა. იმ გზაზე, რასაც გადიხარ, როდესაც გინდა სისრულეში მოიყვანო რაიმე ჩანაფიქრი, ყოველთვის ახალ პრობლემებს ხვდები და მათი გადაჭრისას ბევრ რამეს სწავლობ. ეს გზრდის და გაძლიერებს.

M: რისი დამსახურებაა ის, რამაც დღემდე მოგიყვანათ?

ბევრი რამის, ოჯახის წევრების თანადგომის, ჩემი ჟინიანი ხასიათის, ამბიციების, მოუსვენრობის, ასევე ბავშვობაში განცდილი ემოციებისა თუ ესთეტიკის , რაც მაშინ აღიბეჭდა ჩემში. ვფიქრობ, რომ ბავშობა, მთელი ცხოვრება თან დაჰყვება ადამიანს. შეცვლით არაფერს შევცვლიდი. იმ მომენტში კი როდესაც რაიმეს ვქმნი და მომწონს, შეიძლება სიხარულისა და დაკმაყოფილების ხანმოკლე გრძნობა გამიჩნდეს. რაც ალბათ ძაან მალე, შეუმჩნევლად ქრება, რადგან ვხვდები რომ ყოველ ჯერზე გასაკეთებელი ისევ ბევრია.

M: როგორია საკუთარ თავთან, ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებული თქვენი სამომავლო ხედვები?

როდესაც მომავალზე ვფიქრობ მახსენდება ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც არის დღეს მსოფლიოში, ვფიქრობ, მოდა მომავალში უნდა აუცილებლად ითვალისწინებდეს ბუნების სისუფთავის დაცვასა და ნაკლები რესურსების გამოყენებას. მეც ვცდილობ ჩემი ბრენდი მაქეთ წავიყვანო და ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალები გამოვიყენო.

განხილვა