in

ცვლილება Maverik-ში: სააგენტოს მარიამ მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს

მავერიკის ახალი CEO მარიამ მაღლაკელიძეა. ის ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძეს შეცვლის, რომელიც სააგენტოს უძრავი ქონების სერვისებს ჩაუდგება სათავეში.

მენეჯმენტში ეს ცვლილება სააგენტოს განვითარების ახალ ეტაპს ემთხვევა – გუნდი გაიზარდა, დაემატა ვებდეველოპმენტის მიმართულება და შექმნა საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტი (Development 360) – ინოვაციური CRM-სისტემა უძრავი ქონების სექტორისთვის.

ახალი მასშტაბები ახალ მიდგომებს ითხოვს. როგორც მარიამი აღნიშნავს, ბოლო წლებში ნახტომისებურმა ზრდამ სააგენტოს შიგნით ერთგვარი ორგანიზებული ქაოსი შექმნა:

„ქაოსის რომანტიზება კრეატიულ სააგენტოში რამდენადაც გარდაუვალი, იმდენად საფრთხილო რამეა. ფაქტია, რომ აუცილებელი გახდა პროცესების გაუმჯობესების, რესურსებისა და პასუხისმგებლობების უკეთ განაწილება“.

მარიამი „მავერიკში“ გაზრდილი ლიდერია. მან კარიერა კონტენტის შექმნით დაიწყო, მუშაობდა ედვერთაიზინგის გუნდში, იყო ექაუნთმენეჯერი და ექაუნთდირექტორი.

„სააგენტოში თითოეული მიმართულების მუშაობის სპეციფიკა შიგნიდან ვიცი. ეს პასუხისმგებლობას მიორმაგებს იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც ჩემი პროფესიული გამოცდილების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. ახლა მინდა, ეს ცოდნა გუნდს უკან დავუბრუნო და სააგენტოს ახალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – ამბობს მარიამ მაღლაკელიძე.

ახალი ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა მზარდი ტემპის სწორედ ორგანიზება და  გამართულ პროცესებს, ხარისხიან შედეგებსა და გუნდის კმაყოფილებას შორის ოქროს შუალედის პოვნაა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „მავერიკის“ მთავარ ორიენტირად სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანა რჩება:

„გლობალურ პროექტებზე აქამდეც გვიმუშავია, თუმცა მიზნად ვისახავთ, რომ უახლოეს წლებში ჩვენს პარტნიორებში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოთამაშე გამოჩნდეს“.

თორმეტი საათი თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე

ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი Liquid I.V.-ის ახალ რეკლამაში გამოჩნდნენ