in

მავნე ჩვევები, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ, თუკი ჯანსაღ ცხოვრებას მივდევთ

არსებობს ბევრნაირი მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს მნიშვნელოვნად აზიანებენ. თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ცდილობთ, მაშინ ამ ჩვევებზე უარი უნდა თქვათ. თუმცა, ნუ იქნებით მკაცრად კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ. ეცადეთ, ცვლილებები ნელ-ნელა ჩააინტეგრიროთ თქვენს ცხოვრებაში.

ამ სტატიაში კი გიზიარებთ იმ მავნე ჩვევებს, რომლებზეც უარი უნდა თქვათ, თუკი ჯანსაღი ცხოვრების დაწყება გსურთ:

წყლის არასაკმარისად დალევა

წყალი ჩვენი სხეულის 60 პროცენტს შეადგენს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სასმელი წყალი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დატენიანება ხელს უწყობს მეხსიერების უნარის გაძლიერებას, განწყობის სტაბილურობასა და მოტივაციის ზრდას. სითხის საჭირო რაოდენობის მიღება ხელს უწყობს თქვენს კანს ელასტიურობას, სხეულის სიცხეში გაგრილებას, კუნთებისა და სახსრების უკეთესად მუშაობას და თქვენი სხეულისგან ტოქსინების გაწმენდას თირკმელების საშუალებით.

ღამით კვება

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც უნდა დაფიქრდეთ თქვენი ვახშმის საათის გადმოწევაზე. მკვლევარები ეჭვობენ, რომ კვებებს შორის ხანგრძლივი შუალედი ორგანიზმს საშუალებას აძლევს, საკვები უფრო ეფექტურად დაამუშავოს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომ ღამით კვების აკრძალვის შემთხვევაში ადამიანი წონასაც იკლებს. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მსუბუქი კუჭი უკეთესად ძილის საშუალებას იძლევა.

არასაკმარისი ვარჯიში

ფიზიკურ დატვირთვას უამრავი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. რეგულარული ვარჯიში გეხმარებათ წონის კლებასა და ენერგიის ამაღლებაში. ასევე, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ასევე, ფიზიკური დატვირთვა ამცირებს ზოგიერთი ტიპის ქრონიკული დაავადების რისკს, მაგალითად ძუძუს კიბოს და პროსტატის კიბოს ზოგიერთ აგრესიულ ფორმას, აუმჯობესებს თქვენს ტვინში სისხლის მიმოქცევას.

არასაკმარისი ძილი

არასაკმარისმა ძილმა შეიძლება დაასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა, შეგისუსტოთ გადაწყვეტილების მიღების უნარი და ასევე, უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენი გულის ჯანმრთელობაზე. ძილის უკმარისობამ შეიძლება დეპრესიის გაძლიერება გამოიწვიოს და გაგირთულოთ წონაში დაკლება.

დესერტის აკრძალვა

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ კარგ საქმეს აკეთებთ დესერტის აკრძალვით. მაგრამ კვლევების თანახმად, არასაკმარისი კალორიების მიღებამ ან მათმა დიდი რაოდენობით ხარჯვამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ჭამა. ნებისმიერი საკვების მიღების შეზღუდვა უბრალოდ ზრდის მის მიმზიდველობას. ასე რომ, თუ რაიმე ისეთს იკრძალავთ, რაც ძალიან გსურთ, მცირე ულუფა არ დაარღვევს თქვენს დიეტას!

“ჯანქ ფუდით” კვება

პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სწრაფი კვება ცვლის ტვინის აქტივობას ისე, როგორც ამას კოკაინი და ჰეროინი აკეთებს. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირი ინტენსივობით მირთმევა უფრო ხშირად გვანდომებს მათ.

მართალია, შეუძლებელია, დაუყოვნებლივ ამოვიღოთ ჯანქ ფუდი ჩვენი რაციონიდან, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ მისი მოხმარება. მაგალითად, კოკა-კოლის ნაცვლად, აირჩიეთ ხილის წვენი და მინერალური წყალი. ბევრ ზეთში შემწვარი კარტოფილის ნაცვლად, გადადით კარტოფილის პიურეზე, სალათზე ან ბრინჯზე (დღეს ბევრი კვების ობიექტი ამის საშუალებას იძლევა). შემწვარი ხორცის ღვეზელის ნაცვლად, სცადეთ გრილზე შემწვარი ხორცი.

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ძალიან ბევრმა დალევამ – იქნება ეს ცალკეულ შემთხვევაში, თუ დროთა განმავლობაში – შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა და გამოიწვიოს: ტვინის პრობლემები, გულის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები,
პანკრეასის პრობლემები, კიბოს სხვადასხვა სახეობა.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„არ გაჩერდე, საქართველო“ – „საქართველოს ბანკის“ ვიდეორგოლი Tokyo 2020-სთვის

როგორია კარგი “ბრეინშტორმინგი”?