დიახ, მეგობარო, დღევანდელი დღე ნამდვილად შეიძლება იყოს ისეთი მაგარი, როგორიც გსურთ. თქვენს მომავალს თქვენ განსაზღვრავთ. შესაბამისად, თავად წყვეტთ, რამდენად დაიხარჯებით დღეს. იმის ნაცვლად, რომ თქვათ: “ვნახოთ, რა მოხდება დღეს”, თამამად განაცხადეთ: “დღეს ეს გამომივა”.
როდესაც სპორტდარბაზში მიდიხართ, თავად ირჩევთ, რამდენად გულმოდგინედ ივარჯიშებთ. თუმცა, ერთი რამ უსათუოა – თუკი ჩვეულზე 30-60 წუთით მეტს დაუთმობთ ამ საქმეს, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
მიდგომა იგივეა, ზოგადად, ცხოვრების მიმართ. სინამდვილეში, უფრო ადვილია იმუშაოთ, ვიდრე არაფერი აკეთოთ. ასეთ დროს, შინაგან კონფლიქტსა და თავის მართლებას იმხელა ენერგია მიაქვს, სჯობს, უბრალოდ, საქმით დაკავდეთ. სტივენ პრესფილდმა თქვა: “უმრავლესობა ჩვენგანს აქვს ორი ცხოვრება: ის, რომლითაც ვცხოვრობთ და ის, რომელიც ჩვენშია. ამ ორს შორის კი, წინააღმდეგობაა”.
თუკი თქვენი ცხოვრება ბალანსისგან შორსაა, დიდი ალბათობით, თავს არიდებთ იმას, რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ. არადა, მხოლოდ მოქმედებებით თუ მიაღწევთ ბალანსსა და სიმშვიდეს.
უხილავი სხვაობა, როდესაც მართლა ცხოვრობთ
დაკვირვებიხართ? როცა მთლიანად იხარჯებით, სულ სხვა ადამიანი ხართ. უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს. სამყაროც უფრო ლამაზი და სავსეა. სხვა ადამიანები გიღიმიან, როდესაც ქუჩაში მიდიხართ. მეტიც, იმ დღეებში, როდესაც მიზანზე ხართ ორიენტირებული, სამუშაო ადგილს ორგანიზებული და ენერგიით სავსე ტოვებთ. როდესაც სახლის კარს შეაღებთ, შვილებიც სხვა განწყობით შემოგეგებებიან… ყველაფერს სულ სხვა გემო და განწყობა ექნება.
პირიქითაც ასეა, როდესაც საქმეს არასრულყოფილად აკეთებთ, ოფისს დანაშაულის გრძნობით ტოვებთ. გრჩებათ განცდა, რომ მოიტყუეთ. რასაკვირველია, ოჯახს მაინც ეყვარებით, მაგრამ თუ დააკვირდებით, ასეთ დღეებში თავად შეიძლება გაგიჭირდეთ ძვირფასი ადამიანებისთვის იმ სიყვარულის გაზიარება, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ესაა ენერგეტიკული ველის გავლენა. თქვენ მას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არსებობს.
თქვენ შეგიძლიათ დაძრათ გაჩერებული დრო
ნაცნობი გრძნობაა, იყო იმპულსის გარეშე, თითქოს დრო გაჩერდა? ასეთ დროს, უძლურების განცდა მძაფრდება და თითქოს სრულიად არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ ცხოვრება და არსებული გარემოება. მაგრამ ეს ტყუილია. მიუხედავად იმისა, რამდენადაც არ უნდა ჰგავდეს ჭეშმარიტებას, ამ მოსაზრებას არაფერი აქვს სიმართლესთან საერთო. დაკარგულ დროს დანაშაულის გრძნობით ვერ დააბრუნებთ. ამიტომ, ერთადერთი გზა წინსვლაა. თუკი სამომავლო მიდგომებს შეცვლით, გასაკვირად გააუმჯობესებთ აღქმას სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ. როდესაც თქვენი შეხედულება იცვლება, უმჯობესდება ყველაფერი თქვენ გარშემო. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით:
I. ყოველდღე განიხილეთ და დაგეგმეთ.
როგორც ჯონ ვუდენი იტყოდა, “თამაშის მოგებული ან წაგებული, ჯერ კიდევ, მის დაწყებამდეა”. კვირაში ერთ დღეს, 10-40 წუთის განმავლობაში, განიხილეთ, როგორ ჩაიარა გასულმა ექვსმა დღემ? სცადეთ ჰკითხოთ საკუთარ თავს: რატომ არ შევხვდი იმ ადამიანებს ამ კვირაში, ვინც უნდა მენახა? რა არ გავაკეთე? რა გამომრჩა? რა უნდა მოვიმოქმედო? ამ კითხვების მიზანი თვითგანსჯა არ არის. არამედ, გაცნობიერება, თუ რა არის გასაკეთებელი. გაცნობიერება ცვლილებების შესაძლებლობებს გვაძლევს. გასული კვირის განხილვის შემდეგ, დაგეგმეთ მომდევნო კვირა და ეცადეთ, უფრო ეფექტურად გამოგივიდეთ. ამას ცოტა დრო სჭირდება. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განრიგს.
II. ყოველი დღის ბოლოს, შეადგინეთ ხვალინდელი დღის გეგმა.
“არასოდეს დაიწყოთ დღე გეგმის გარეშე” – ჯიმ რონი.
თუკი გეგმის გარეშე იღვიძებთ, საქმიდან საქმეზე ისე გადაერთვებით, რომ საერთო ჯამში, არაფერს გააკეთებთ. არც კონცენტრირებული იქნებით და არც მიზანმიმართულად იმოქმედებთ. გაიღვიძო კონკრეტული მიზნით, ნიშნავს, გქონდეს ენერგია მის მისაღწევად. ავტომატურად გამონახავთ ძალას საწოლიდან ასადგომად და ბალიშთან განშორებაც არ გაგიჭირდებათ. მომდევნო დღის გეგმის დასაწერად სულ ორიოდე წუთია საჭირო, შედეგი კი ნამდვილად გაგახარებთ. იგივე პრინციპი მუშაობს შემოქმედებით ამოცანებთან მუშაობისასაც. მხოლოდ 5 წუთია საჭირო წიგნის, სტატიის, გეგმის ან სხვა ამოცანის აუტლაინის დასაწერად, რაც საათებს დაგაზოგინებთ.
III. ფოკუსირდი დღევანდელ დღეზე
“არ იფიქრო ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელ დღეს საკუთარი საზრუნავი აქვს” – მათე 6:34
დღის განმავლობაში, არაფერზე იღელვო, რაც ამ დღეს არ ეხება. მიყევი საკუთარ გეგმას. იცხოვრე სრულად დღევანდელი დღით და იყავი ის პიროვნება, რომლისკენაც მიიღწვი. ამის შემდეგ, დღის დასასრულს, დაგეგმე ხვალინდელი. შემდეგ კი, დილამდე დაივიწყე ყველაფერი და გამოიძინეთ.
IV. ენერგიის სამთვიანი ციკლი
როდესაც საქმე თქვენს მომავალს ეხება, სამი უპირატესობა გაქვთ.
თქვენი ხედვა10-25 წელზე.
თქვენი გრძელვადიანი მიზნები – 36 თვეზე.
ამჟამინდელი მიზნები – მომდევნო სამ თვეზე.
მე-20 საუკუნეში, მიღებული იყო, გქონოდათ მიზნები მომავალ ხუთ წელზე. მაშინ ყველაფერი გაცილებით უფრო სტაბილური იყო. დღეს კი, საკმაოდ მკვეთრ ცვლილებებთან გვაქვს ყოველდღიურად შეხება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს 5 წლიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
თქვენი მიზნების ფორმირება, მომავალ სამ თვეზე, მკაფიო და რეალისტურ მომავლის ხედვას მოგცემთ. არ დაგავიწყდეთ, ამავე პრინციპით, შეაფასოთ და დაგეგმოთ ყოველი თვეც.
V. მობილიზდით
“ბედნიერებაა ბაღის გაშენება” – ვოლტერი
მობილიზდით. მოაცილეთ სარეველები თქვენს ბაღს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დროს წაიღებს ეს პროცესი. ბაღის მოვლის პროცესი მნიშვნელოვნად გამოგაცოცხლებთ. თანაც, ყოველთვის იქნება რაღაც საქმე საკეთებელი. მაგრამ ყოველკვირეულად და ყოველწლიურად, თქვენი ბაღი სულ უფრო დამშვენდება და მეტ ნაყოფსაც მოგცემთ.
მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსები. მოაწესრიგეთ დროის მენეჯმენტი. მოაწესრიგეთ ურთიერთობები და მოუარეთ ბაღს. სულ მცირედით. ყოველდღიურად.
დასკვნა
როდესაც დღეს დილას გაიღვიძეთ, როგორ გრძნობდით თავს? გირჩევთ, ხვალ ამ აზრით ადგეთ: “დღევანდელი დღე იქნება ისეთი, როგორიც მე მინდა”. ეს შეგრძნება თავად უნდა გამოიწვიოთ საკუთარ თავში. საკუთარი თავის ამგვარად “მოწყობა” კი, არც ისე რთულია. ეს ისეთივე ადვილია, როგორც დღის გეგმის დაწერა, რომელსაც ორ წუთს ანდომებთ.
რაც უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ გაქვთ უამრავი მიზეზი, იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით. შესაძლოა, ზუსტად არც იცოდეთ, რა მიზეზებია ეს, მაგრამ მათ მოქმედების დაწყებისთანავე ამოიცნობთ. მიხვდებით, რომ ცხოვრება გაცილებით მშვენიერია, ვიდრე აქამდე გეგონათ.
წყარო: inc