მალხაზ გორგილაძის მარანი, იგივე “მახოს მარანი” ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელმაც სოფელ ვაიოში ტურისტების მიღება დაიწყო. ის დღეს, ტურისტული მარშრუტ „ღვინის გზაშია” შეტანილი. მრავალწლიანი შრომისა და განვითარების შედეგად, დღესდღეობით ტურისტებს მახოს მარანში აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, ნატურალური ღვინო, მონაწილეობა მიიღონ ამ კერძების დამზადებაში, ჩაერთონ რთველში.. მახოს მარანს აქვს ნომრებიც, სადაც სტუმრებს ღამის გათევაც შეუძლიათ. უფრო დაწვრილებით ამ საქმიანობის შესახებ მალხაზ გორგილაძეს გავესაუბრეთ:

M: რამ გიბიძგათ ჩართულიყავით სტუმარ-მასპინძლობის სფეროში?
მანამ, სანამ ჩვენს საქმიანობას ბიზნესად ვაქცევდით, სტუმარ-მასპინძლობა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წეს-ჩვეულებას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებდით ახლობლებს, ნაცნობებს, ყოველთვის გვიყვარდა მაგიდასთან მოლხენა, სიმღერა, ცეკვა.. ფაქტობრივად, ეს ჩვენთვის ტრადიცია იყო. როდესაც გავაკეთეთ მარანი და დავიწყეთ ვიზიტორების მიღება, ცხოვრებას სხვანაირი ხალისი მიეცა, მას მერე სულ სტუმრების მოლოდინში ვართ.
M: როდის დაიწყეთ მახოს მარანზე მუშაობა და როგორ განვითარდა მოვლენები?
მარანის შექმნის იდეა ახლობელმა მომაწოდა 2011 წლის დასაწყისში, დავიწყეთ მშენებლობა და უკვე 2012 წლის მარტი-აპრილისთვის შევძელით პირველი სტუმრების მიღება. ცნობადობის მოსახვეჭად დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა, 2015 წლიდან კი ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღემდე ჩვენს სასტუმროს მიღებული ჰყავს სტუმრები ათეულობით ქვეყნიდან, წელიწადში 3000-4000 სტუმარს ვღებულობთ საშუალოდ, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დღესდღეობით მათი რაოდენობა, რასაკვირველია, შემცირებულია.

M: რას სთავაზობს მახოს მარანი დღესდღეობით ვიზიტორებს?
როდესაც ჩვენთან მოდის სტუმარი, პირველ რიგში, ვათვალიერებინებთ ჩვენს გარემოს, რომელიც მოიცავს ბოსტანს, ვენახებს, მარანს. შემდეგ უკვე ვსხდებით მაგიდასთან და ვუმასპინძლდებით ადგილობრივი სამზარეულოს კერძებითა და ნატურალური ღვინის სხვადასხვა სახეობით. ჩვენს ერთ-ერთ სერვისს წარმოადგენს აჭარული კერძების მასტერკლასი, გარდა ამისა სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ რთველშიც. რაც შეეხება სანახაობებს – თუკი ტურისტები დარჩენით არიან, ვცდილობთ დავათვალიერებინოთ აქ არსებული საინტერესო ადგილები, იქნება ეს ჩანჩქერი, ეკლესია, ტყეები თუ სხვა. ვმასპინძლობთ როგორც 2-3 კაციან, ისე 10-15 კაციან ჯგუფებს და, ძირითად, შემთხვევებში მათგან საკმაოდ დადებით და აღფრთოვანებულ რეაქციებს ვიღებთ ხოლმე. უფრო მეტად ამ აღფრთოვანებას მათში აქაური ბუნება იწვევს.
მალხაზ გორგილაძის პროექტი გახდა ევროკავშირის მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღნიშნული პროექტის საქმიანობები ხორციელდება ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, LAG-ის წევრები აქტიურად ეხმარებიან ბენეფიციარებს პროექტის მიზნების მიღწევაში.

M: როგორ დაგეხმარათ პროექტი “ქედა-ლიდერი” თქვენი საქმიანობის განვითარებაში?
თავდაპირველად ეზოში მხოლოდ ოთხკაციანი კოტეჯი გვქონდა, თუმცა, როდესაც მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი და ნომრების დამატებაზე უნდა გვეზრუნა. ამისათვის მივმართე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს და პროექტ “ქედა-ლიდერის” ფარგლებში ავიღეთ გრანტი. დაფინანსებამ შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ სამი ნომერი გამეკეთებინა თავისი ჰოლით და გამეუმჯობესებინა ის სერვისები, რომლებიც აქამდე მქონდა. კმაყოფილი ვარ იმდენად, რამდენადაც ამ პროექტმა, ფაქტობრივად, გამაფართოებინა ჩემი საქმიანობა და მისი განვითარების, დახვეწის შესაძლებლობა მომცა.

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მომტანია მახოს მარანი როგორც სოფლისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის?
პირველ რიგში, იზრდება ჩვენი სოფლის რეპუტაცია – როგორც სტუმართმოყვარე, კარგი მასპინძლობის მქონე ადგილის, რაც ასევე ზრდის ამ სოფლის ცნობადობასა და პოპულარობას. ამასთანავე, დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მზარეულები – მეზობლები, რომლებიც გვეხმარებიან სტუმრების გამასპინძლებაში. ტურისტების მიღება ზრდის ტურისტულ პოტენციალსაც როგორც ჩვენს სოფელში, ისე მთლიანად ქედასა და აჭარაში. ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, ასე თუ ისე, სასარგებლოა.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
თუკი მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა და ძველებურად აღდგა მუშაობა, ვფიქრობ, კვლავაც გავზარდო ნომრების რაოდენობა. კიდევ ერთხელ შევეცდები დაფინანსების მოპოვებას, რათა დაახლოებით 5-6 კოტეჯი ჩავდგა და 50-60 კაციანი ჯგუფები მივიღო სამომავლოდ. ყველაზე დიდი გეგმა ჩემთვის დღესდღეობით ესაა.

[R]











