„მაქსთერმი” 2005 წლიდან სტაბილურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. კომპანია კონცენტრირებული იყო გათბობის სისტემებისა და წყალ-კანალიზაციის მიმართულებით, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა ახალი ხაზი – იტალიური პრემიუმ ხარისხის აბაზანის კერამიკული ავეჯი: უნიტაზი, ბიდე, ნიჟარა, საშხაპე სისტემები და ნიჟარის შემრევები, აბაზანის აქსესუარები. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა რებრენდინგი, არსებული ლოგოს განახლება, რომლის მიზანიც მაქსთერმის ახალი იდენტობის წარმოჩენა იყო – მაქსთერმის, როგორც პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული შოურუმის, სადაც ყველაფერია გათბობის, წყალკანალიზაციისა და სანტექნიკის მიმართულებით.
მაქსთერმისა და commschool–ის კურსდამთავრებულთა კლუბის პარტნიორობის ფარგლებში, სპეციალურად სკოლის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა რამდენიმეეტაპიანი ანაზღაურებადი კონკურსი საუკეთესო სტუდენტის გამოსავლენად, რომელიც კომპანიის ლოგოსა და კომპანიის ვიზუალური სტილის მიმართულებით იმუშავებდა.
„ქომსქულზე არჩევანი რამდენიმე ფაქტორის გამო შევაჩერეთ, ერთ-ერთი კი სწორედ ის იყო, რომ პროგრამის ფინალური პროექტის ფარგლებში სტუდენტებს უკვე ჰქონდათ ნამუშევარი რებრენდინგზე. კონკურსის მიზანი, ერთი მხრივ ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერებისთვის ხელისშეწყობა და მოტივაცია იყო, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიისთვის მრავალფეროვანი არჩევანის ქონა რედიზაინის პროცესში. შედეგად, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ნამუშევარი ვიხილეთ, რამაც არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაართულა“, – აცხადებენ კომპანიაში.
კონკურსში მონაწილეობა 20-მდე გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულმა მიიღო. ბოლო ეტაპზე შეირჩა კანდიდატი, თამარ მოსაშვილი, რომლის ნამუშევარიც ყველაზე ახლოს იყო დავალებასთან როგორც იდეურად, ისე ტექნიკური შესრულების ნაწილში. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა სრულყოფილი ბრენდბუქი, სადაც შეხვდებით მაქსთერმის განახლებულ ლოგოს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით და ხაზს უსვამს კომპანიის სოლიდურობას.
განახლებული ვიზუალების მიხედვით დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანიაც, რომლის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად, საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებაც იგეგმება.
[პარტნიორის კონტენტი]