in

“გარესამყაროსთან კომუნიკაცია ვიზუალური ენით უკეთესად გამომდის” – მაია აბაშიძე #თაობა


“გამჭვირვალე” – ალბათ, ეს ის სიტყვაა, რომელიც მის შემოქმედებას ძალიან უხდება. მის ნამუშევრებს ასევე შეიძლება ეწოდოს: სადა, მინიმალისტური და ძალიან ნაზიც.. ამ სტატიაში ხელოვან მაია აბაშიძის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომელსაც გარემოსთან კომუნიკაცია ყველაზე კარგად ვიზუალური ენით გამოსდის. შეიძლება ითქვას, რომ ხატვა მისთვის ჰარმონიისა და ბალანსის პოვნისა და გამოსახვის პროცესია. მისი შემოქმედების შესახებ #თაობა მაია აბაშიძეს გაესაუბრა:

M: ვინ არის მაია აბაშიძე? – გაგვაცანით თქვენი თავი..

ვარ ადამიანი, დედა, მხატვარი, მოქალაქე.

M: როგორ აღმოჩნდით ხელოვნებაში – რა წინაპირობები უძღოდა თქვენს ხელოვანად ჩამოყალიბებას?

ხელოვნების მიმართულებით წასვლა განაპირობა ჩემმა ხასიათმა და ოჯახმა. ოჯახის წევრების დიდი ნაწილი ხელოვანები იყვნენ და არიან, ვფიქრობ ჩემს დაბადებამდე უკვე იყო განსაზღვრული, რომ მეც მათ გზას დავადგებოდი. ხასიათს რაც შეეხება, გარესამყაროსთან კომუნიკაცია ვიზუალური ენით უკეთესად გამომდის. მეც ბევრი სხვა მხატვარივით, ბავშვობიდან ვხატავ, შეუჩერებლად. ჩემს თავს ყოველთვის ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანად წარმოვიდგენდი, სხვა მიმართულება არც განიხილებოდა.

M: მოგვიყევით თქვენს განათლებაზეც – სად მიიღეთ? როგორი იყო ეს პროცესი თქვენთვის?

2010 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. სპეციალობას მასწავლიდა უაღრესად საინტერესო ადამიანი და პროფესიონალი ნოდარ სუმბაძე, მისი ლექციების გამო დავდიოდი ძირითადად.

ჩემი მხატვრად და ილუსტრატორად ჩამოყალიბება სწავლის დასრულების შემდგომ პერიოდში მოხდა, ნელ-ნელა მიმდინარეობდა ეს პროცესი, ჯერ ვისრუტავდი გარე სამყაროდან ცოდნას, სხვადასხვა მედიუმში ვცდიდი ჩემს თავს, ეს პროცესი არ დასრულებულა, სულ გრძელდება უსასრულოდ..

M: გაიხსენეთ პროექტები/გამოფენები, რომლებშიც მიგიღიათ მონაწილეობა და რომლებიც განსაკუთრებულად გახსენდებათ..

საქართველოში გამოფენა არ მქონია, არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა, ბოლო პროექტი, სადაც ვიმუშავე იყო დრეზდენსა და ლაიფციგში, სადაც ორი თვე დავყავი. ამ ორი თვის თავზე იყო შემაჯამებელი გამოფენა, გავაკეთე რამდენიმე ნამუშევარი. ერთ-ერთი ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ინსტალაციის სახით და ერქვა “დღიური”, მოიცავდა ჩემი იქ ცხოვრების 2 თვეს, ყოველი დღე აღნიშნული იყო კონკრეტული ფრაზით, სიტყვით, რომელიც ამ დღის გადახდენილ ამბებს გამოხატავდა. ნამუშევარი იყო ინტერაქციული სახის, დამთვალიერებელს შეეძლო მონაწილეობის მიღება და კონკრეტულ თარიღზე საკუთარი ამბავი გადმოეცა მოკლე ფრაზით. ასევე, ბოლოდროინდელი პროექტია ვიდეო მიტროფანე ლაღიძის შესახებ, რომელიც ჟურნალ ჰემოკთან ერთად გავაკეთე, ვიდეოში ჩემი ილუსტრაციები ავამოძრავე, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის, ჩემი ნახატები არასდროს ამიმოძრავებია და მგონია, რომ კარგად გავართვით თავი ამ დავალებას.

M: როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის თქვენთან ინსპირაცია? რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ ხატოთ?

ინსპირაცია შინაგანი მდგომარეობიდან მოდის ძირითადად, ყოფილა სიზმრები, ჩემი ოჯახის წევრები, ბავშვობიდან გონებაში დალექილი კადრები. ვხატავდი ძველი სლაიდებიდან ჩემი ბავშვობის სცენებს, რომლებსაც ახალ შინაარს ვძენდი. 50-60-იანი წლების ცხოვრების ამსახველი ფოტოებიდან დამიჭერია საინტერესო სილუეტები, გარემო, რომელიც შემდგომ ჩემს ამბავში ჩამისვამს. ხატვა ჩემთვის არის თერაპია, თავისუფლება, გონების რესტარტი, მეტი ბიძგი არც არის საჭირო.

M: როგორი გარემო პირობებია საჭირო იმისთვის, რომ იმუშაოთ? და ზოგადად, თქვენი აზრით, როგორია მხატვრისთვის იდეალური სამუშაო გარემო?

ჩემთვის იდეალური სამუშაო გარემო არ უკავშირდება კონკრეტულ ადგილს, ეს უფრო მდგომარეობაა. სადაც თავს ვგრძნობ თვისუფლად და კონცენტრირებულად, იქ ვიწყებ ხატვას. მე ბევრ დროს ვუთმობ ფიქრს, შემეცნებას, რომელიც მუშაობის პროცესის შემადგენელი ნაწილია. ტილოსთან მუშაობის პროცესს უფრო ცოტა დროს ვახმარ, ვიდრე ნამუშევარზე ფიქრს.

M: როგორ ფიქრობთ, რას ყვებიან თქვენი პერსონაჟები? რისი თქმა სურთ მათ?

ჩემი ნამუშევრები რამდენიმე სერიას მოიცავს, ხდება რომ არც არაფერს ყვებიან ისინი, უბრალოდ მდგომარეობას გამოხატავენ. ბოლო სერიაში არიან ქალები ან ცხოველები, რომლებიც ისვენებენ, ფიქრობენ, სძინავთ ან უბრალოდ მშვიდად არიან, ბალანსი იპოვეს.

M: ამჟამად როგორია თქვენი საქმიანობა?

ამჟამად დაკავებული ვარ მხატვრობით, ილუსტრაციით და გრაფიკული დიზაინით. დროს შეძლებისდაგვარად ვანაწილებ ამ საქმიანობებს შორის. ვმუშაობ წიგნების დიზაინზე, ძირითადად, მხატვრული გამოცემების ყდებს ვაკეთებ, წიგნის წაკითხვის დროს ყოველთვის წარმოვიდგენდი გარემოს, მოქმედ გმირებს, ფერებს, სილუეტებს, ბავშვი რომ ვიყავი, ეს ყველაფერი გადმომქონდა სახატავ რვეულში. რვა წლის წინ შემომთავაზეს მეცადა ბედი წიგნის დიზაინში, სამუშაო პროცესი ძალიან მომეწონა და ასე გამოცხვა 50-მდე წიგნი.

M: გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც..

ვაგრძელებ ბოლო სერიის ხატვას, მასზე ფიქრს და ამ ყველაფრის შეთავსებას დედობასთან.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


რა სხვაობაა ბრენდინგსა და მარკეტინგს შორის – შოთა ჩინჩალაძის #აზრები

„პირველად საქართველოსა და კავკასიაში! – იაპონური მენეჯმენტის ცენტრის გახსნა და ვებინარი: ხარჯების შემცირების გასაღები“