სატელიტური ფოტოებისა და სხვა თანამედროვე ხელსაწყოების მეშვეობით, ამ ეტაპზე დედამიწის დიდი ნაწილი სრულყოფილად აღქმადია. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს უამრავი საიდუმლო ადგილი, მსოფლიოს ყველაზე შორეულ და მიუწვდომელ ნაწილებში მიმოფანტული.
ამჟამად არქეოლოგებმა სამხრეთ მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში უძველესი მაიას ქალაქი აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი. მას სიმბოლურად Ocomtún დაარქვეს, რაც „ქვის სვეტს“ ნიშნავს. გაშლილი ადგილი მოიცავს მოედნებს, პირამიდის სტილის დიდ შენობებს, ქვის სვეტებს და სხვა სტრუქტურებს, რომლებიც რგოლების ნიმუშებით ხასიათდება.

რა თქმა უნდა, ქალაქის დიდი ნაწილი დაკარგულია და არქეოლოგები ცდილობენ, ცალკეული დეტალები ერთიანი კომპლექსის სტრუქტურაში მოაქციონ. მათი თქმით, შესაძლოა, ქვის სვეტები თავდაპირველად ოთახების შესასვლელში ყოფილიყო განლაგებული, მოედანი კი რეკრეაციული ან რელიგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
მკვლევართა მიერ საველე სამუშაოების დაწყებამდე, LIDAR-ის სკანირება ჩატარდა მთელ ტერიტორიაზე. ტექნოლოგია იყენებს ლაზერის სხივების ანარეკლს, რათა აღმოაჩინოს შენობები, რომლებიც იმალება ხეებისა და ქვების ქვეშ ან მიღმა იმალება. „ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ადგილი, რომელიც მაღალმთიან ნახევარკუნძულზე მდებარეობს, გარშემორტყმული ფართო ჭაობებით“, — ამბობს ამბობს არქეოლოგი და ჯგუფის ლიდერი ივან შპრაიჩი.

მისი მონუმენტური ბირთვი 50 ჰექტარზე მეტს მოიცავს და სხვადასხვა დიდ ნაგებობას ვხვდებით, მათ შორის რამდენიმე პირამიდული შენობა 15 მეტრის სიმაღლეს აჭარბებს. შპრაიჩისა და მისი კოლეგების აზრით, ქალაქი მნიშვნელოვანი ადგილობრივი ცენტრი უნდა ყოფილიყო ახ. წ. 250-დან 1000 წლამდე — ანუ მაიას ცივილიზაციის თვალსაზრისით, კლასიკურ ეპოქაში. ადგილზე აღმოჩენილი კერამიკული ქოთნის ფრაგმენტის ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რეგიონის დასახლების პერიოდის შესახებ…
აღსანიშნავია, რომ ისეთი სისტემების წყალობით, როგორიც არის LIDAR, მეცნიერები სულ უფრო მეტ უძველეს ქალაქს იპოვიან, რაც კაცობრიობის ბევრ საიდუმლოს ამოხსნის…











