არქეოლოგებმა ჩიჩენ იცას არქეოლოგიურ მონაკვეთში მაიას ქვის დაფა აღმოაჩინეს, რომელზეც თამაშის პროცესია ასახული — კერძოდ, სპორტულ სამოსში გამოწყობილი ორი პიროვნება და ბურთი.
როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ფილა კლასიკურ ან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება, რომელიც 800-იანი წლების დასასრულით და 900-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. მსგავსი აღმოჩენა კი, სრული იეროგლიფური ტექსტით, იშვიათი შემთხვევაა. „უკვე 11 წელზე მეტია, ამ არეალში არა თუ სრული ტექსტის ჩანაწერი, არამედ იეროგლიფების მქონე ფილაც არ გვიპოვია“, — აღნიშნავს არქეოლოგი ფრანსისკო პერეს რუისი.
გამოსახულების შესწავლის შემდეგ, სანტიაგო ალბერტომ, რომელიც იკონოგრაფიულ და ეპიგრაფიკულ კვლევას ატარებდა, ასეთი რამ გაშიფრა: მარცხენა მოთამაშეს ბუმბულიანი თავსაბურავი ეფარა და ყვავილის ფორმის ელემენტებიანი სარტყელიც ჰქონდა; ამავდროულად, პერსონაჟის სახესთან ერთგვარ ხვეულა მონასმს ვხედავთ, რომელიც სუნთქვაზე ან ხმის გამოცემაზე მიუთითებს.
ხოლო მარჯვენა ფიგურას ე. წ. „გველის ჩალმა“ აცვია — როგორც ჩიჩენ იცაში ადრე აღმოჩენილი გამოსახულებებით ირკვევა, ზოგადად, სახასიათო იყო ეს ამ მოსახლეობისთვის.