როგორ ფიქრობთ, სოციალურმა ქსელმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდების თაობაზე? თუ ბოლოდროინდელ სტატისტიკებს დავუჯერებთ, ზეტ თაობის 73% შფოთვასა და დეპრესიას ებრძვის. ამას ემატება გარეგნობასთან დაკავშირებული ზეწოლა სოციალურ მედიაში, სადაც გინდა თუ არა, სულ იმაზე უნდა იფიქრო, რომ კარგად გამოიყურებოდე.
მეორე მხრივ, სოციალური მედია შეიძლება გამოიყენო, როგორც პლატფორმა რჩევებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. სწორედ აქ შემოდის კოსმეტიკურ ბრენდ Maybelline-ის მიმდინარე, Brave Together ინიციატივა, რომელიც ცდილობს, რომ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მან თავისი ბოლო კამპანიის ფარგლებში, ფილმი გამოუშვა. ნამუშევრის უკან დგას კრეატიული სააგენტო Nice and Serious, რომელიც თანამშრომლობდა Maybelline-თან. მათ ერთად შეკრიბეს 16-24 წლის ახალგაზრდები და შეეცადნენ, შეესწავლათ სოციალური მედიის გავლენა. ფილმი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებისა და სოციალური ქსელების დამოკიდებულებაზე. ნაჩვენებია პერსონაჟი, რომლის მიხედვითაც ერთდროულად ვხედავთ როგორც მის დადებით, ისე უარყოფით ზეგავლენას. ამით ფილმის შემქმნელები ცდილობენ, მოუწოდონ ახალგაზრდებს, გამოიკვლიონ, თუ რა გრძნობებს იწვევს მათში ონლაინჩვევები და საჭიროების შემთხვევაში მოიძიონ მხარდაჭერა.
ამ რთული ნარატივის მოკლედ გადმოსაცემად, შემქმნელებმა კარგად შეისწავლეს ის ემოციური კონტრასტი, რომელიც იქმნება იმით, თუ როგორ ურთიერთობენ ახალგაზრდები სოციალურ მედიასთან. აღსანიშნავია, რომ მეტი რეალურობისა და დამაჯერებლობისთვის ფილმის სტილიც ასე კონტრასტულად არის გადაწყვეტილი – მუქი ტონები მარჯვნივ და თბილი ფერები მარცხნივ. მაყურებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ხმასაც – მხიარული ხმები ხაზს უსვამს მთავარი გმირი გოგონას პოზიტიურ სოციალურ ინტერაქციას, ხოლო უფრო მძიმე ხმა გამოყენებულია ცუდი ონლაინგამოცდილების გამოსახატავად.












