15
მარ
2018

„ახლობლების ახლობლებთან საქმის დაჭერა ცუდია!“ – May-ს #შეცდომების 9 პუნქტი

15 მარ 2018

Startauperi
Startauperi


მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. 1 დღის წინ, ორგანული მინისგან დამზადებული ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპმა May – საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კომპანიის რებრენდიგის შესახებ ამცნობდა საზოგადოებას: „წელიწად-ნახევარია, რაც May ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ჩვენი და ჩვენი კონკურენტების განვითარებამ გვანახა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“. MAY-ს თანადამფუძნებელმა, ნინო ზექალაშვილმა სწორედ ის მიზეზები და შედეგები გაგვიზიარა, #შეცდომების სახით, რამაც აუცილებელი გახადა ცვლილებები კომპანიაში.

შეცდომა 1 – ახლობლების ახლობლებთან საქმის დაჭერა ცუდია – თუ პროდუქტი კარგი არ გამოვიდა, შეიძლება ვერ მივედავოთ და ასე ჩვენ ვზარალდებით ფინანსურად და ჩვენი რეპუტაციაც ილახება. თავდაპირველად, ჩვენი პროდუქციის წარმოება სწორედ ასე დავიწყეთ, რამაც გაყიდვების შემცირებამდე მიგვიყვანა და გამოსავალი დროულად ვნახეთ, როცა ვარჩიეთ, სრულიად უცხო ხალხთან თანამშრომლობა, ჩვენი მოთხოვნების წაყენებით.

შეცდომა 2 – საქმე მიანდეთ მხოლოდ პროფესიონალებს. თავდაპირველად, „იაფი მუშახელით“ შეიძლება დაიწყო სტარტაპი, მაგრამ ბრენდის განვითარებისთვის დეტალებზე დაკვირვება და ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. ამიტომ, არ მოგერიდოთ ფასის გაზრდა , თუ ის იმითაა განპირობებული, რომ პროდუქტი ანდეთ მუშა პროფესიონალებს. თუმცა, საწყის ეტაპზე მაღალი დონის პროფესიონალთან თანამშრომლობამ ფინანსურად დიდი ზარალი მოგვაყენა, რადგან მაღალი თვითღირებულების გამო კონკრეტული მოდელების ძალიან მაღალი ფასის დადება გახდა საჭირო, სხვებთან შედარებით და ეს მოდელები არ გაყიდულა საქართველოში და იმ მცირე და საშუალო სეგმენტზე, რაზეც დავიწყეთ პოზიციონირება. სექტემბრიდან ჩვენ დავიწყეთ წარმოება ახალ ატელიეში, სადაც პროდუქტის კერვა 50% -ით მეტი გვიჯდება, ვიდრე მანამდე და ფასის ოდნავ ზრდამ გაყიდვების რაოდენოდა არ შეამცირა, პირიქით, გაზარდა. შეცდომა 3 – მნიშვნელოვანია, განსაზღვრო, რა დაგეხმარება ცნობადობისთვის. ცნობილ სახეებთან ძვირადღირებული პროდუქტის გაგზავნა, თუ ისინი მას სოც. ქსელში არ გააპიარებენ, ბრენდისთვის წამგებიანია მატერიალურადაც და მორალურადაც.

შეცდომა 4 – ბრენდულ მაღაზიებში პროდუქციის შეტანა, როდესაც ისინი ფასს 70%-ით აძვირებენ და შენც იმავე ფასში გთხოვენ იმ კონკრეტული მოდელების გაყიდვას – ასევე უარყოფითად მოქმედებს რეპუტაციაზე, რადგან მისაღებ ფასს შეჩვეული მომხმარებლის განაწყენებას იწვევს, იმ მოდელებზე მოთხოვნის ვარდნას და შესაბამისად, გარკვეული სეგმენტის დაკარგვას. ასეც მოხდა, ჩვენს შემთხვევაში, ამიტომ არცერთ მაღაზიასთან არ ვთანამშრომლობთ ამ პირობებით.

შეცდომა 5 – მაისში დახლი ისე გავხსენით „თბილისი მოლში“, რომ საზაფხულო გაყიდვების ვარდნა არ გაგვითვალისწინებია და საბოლოოდ, ფინანსური რესურსი ამოიწურა ისე, რომ აღარ დაგვრჩა ბრენდის საარსებო თანხა, ქირის ფული და მოგვიწია მისი დახურვა. დახლი დღემდე გვიდევს საწყობში და მასზე დახარჯული თანხაც დანაკარგია. პლუს, პროდუქციის მრავალფეროვნებისთვის, ჩვენი დიზაინით შევუკვეთეთ ერთ დიზაინერს საყურეები და წინასწარ გადავუხადეთ სრული თანხა. ეს საყურეები არ გაყიდულა საერთოდ, რამაც ასევე, საკმაოდ გვაზარალა ფინანსურად. შეცდომა 6 – ახალი ლოგო როცა დაგვჭირდა, დავუკვეთეთ ნაცნობის ნაცნობს, რომელმაც იაფად გაგვიკეთა ის, რასაც გვეგონა, რომ ვეძებდით. თუმცა, აღმოჩნდა ინტერნეტსივრცეში მოძიებული ლოგოს იდენტური, რომელსაც ლათინური ჩაწერით, პირველივე ჯერზე ამოაგდებს გუგლი. აქაც ვიზარალეთ.

შეცდომა 7 – ატელიეში გადავწყვიტეთ ტანსაცმელზე გადასვლა, ჩვენმა პროფესიონალმა მკერავმა საკმაოდ ძვირად და ხარისხიანად შეგვიკერა, თუმცა მოგებაც რომ დაგვრჩენოდა, ბუნებრივია, არარეალური ფასის დადება დაგვჭირდა. ამიტომაც, არ გაიყიდა და დაგვრჩა ჩვენ.

შეცდომა 8 – ჩვენი ჩანთები იყიდება პოლონეთის, რუსეთისა და უკრაინის მაღაზიებში. აქედან ხელშეკრულება მხოლოდ პოლონეთთან გვაქვს. დანარჩენ ორ ქვეყანაში „სიტყვაზე მენდეს“ პრინციპითაა გაგზავნილი და როცა იყიდება, თანხა მაშინ გვერიცხება, რაც ჩვენთვის დისკომფორტია იმის გათვალისწინებით, რომ დაცულობისა და დაზღვევის გრძნობა არ გვაქვს. ამიტომ, ყველა სტარტაპს ვურჩევ, სანამ გაგზავნიან სადმე მოდელებს, აუცილებლად დადონ ხელშეკრულება საკუთარი ინტერესების დაცვითა და ვადების მითითებით, წინასწარი ავანსის მოთხოვნით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მათი აქტივები დაიკარგოს და საბოლოოდ, არაფერი დარჩეთ. მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთი მაღაზიიდან ჩვენი მოდელები 6 თვის მერე დაგვიბრუნეს დაზიანებულ მდგომარეობაში და ბუნებრივია, აქაც ვეღარ გავყიდეთ.

შეცდომა 9 – ვიცით, საქართველოში რთულია, მაგრამ სანამ ყველა არ გაიაზრებს, რომ რასაც ვქმნით, ღირებულია, ყველა ჩვენს ახლობელსა და ახლობლის ახლობელს ენდომება ჩვენი პროდუქტი იმ ფასად, რა ფასიც გვიჯდება, მაგრამ არა იმ ფასად, რასაც ვაფასებთ ჩვენი ნერვებისა და დროის დანახარჯით. შეცდომები მნიშვნელოვანია! მიუხედავად ბევრი ფინანსური  ზარალისა და იმისა, რომ მოგებას თითქმის არასდროს ვიტოვებთ და მაინც ვერ წავედით იმაზე შორს, ვიდრე ახლა ვართ, არ ვნანობთ არცერთ ნაბიჯს, რადგან ახლა ჩვენს ბრენდინგზე მუშობს ერთი კარგი კომპანია და თუ აქამდე ასე ახლობლობა-ნაცნობობით გვეგონა, რომ თანხებს ვზოგავდით და სინამდვილეში ვიზარალეთ, ახლა საჭირო ბიუჯეტის გამოყოფით, გავალთ სასურველ შედეგზე.

განხილვა