in

მაყუთა ორანგუტანგები

საინვესტიციო სამყაროში მომუშავე ყველა ადამიანს, მგონი, ერთხელ მაინც მოხვედრია „არაფერშუაში ტიპისგან“ უკომიკურესი კომენტარი, რომლის მიზანიც ინვესტიციების/ტრეიდინგისა და სამი მარწყვის ლოდინის გაიგივებაა. იმ წარმოდგენის უკან, რომ ამ სფეროში წარმატება მხოლოდ ბედზე და გამართლებაზეა დამოკიდებული, დგას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპოთეზა — “Random Walk Theory”, რომლის თანახმადაც, ფინანსურ ბაზრებს შემთხვევითობის პრინციპი ამოძრავებს.

ეკონომიკის პროფესორმა და “Random Walk Down The Wall Street”-ის ავტორმა, ბარტონ მალკიელმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, ჰიპოთეტური აქციის საწყის ფასად $50 იქნა არჩეული და ყოველდღიურად, თუ აგდებულ მონეტაზე ერთი მხარე ამოვიდოდა, ამ აქციის ფასს ზრდიდნენ ნახევარი პუნქტით, მეორე მხარის ამოსვლისას კი, იმავე ოდენობით ამცირებდნენ. როდესაც მსგავსი პრინციპით დახატული აქციის ფასის გრაფიკი მიუტანეს ერთ-ერთ ტრეიდერს/ჩარტიტს, პასუხი იყო: „დავითრიეთ! უეჭველი საყიდელია“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ აქციის მოძრაობა სრულიად შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული, ტრეიდერების დარცის-მსროლელ მაიმუნებთან შედარება, მგონი, უსაფუძვლო ნარატივი არ უნდა იყოს.

სათქმელის მარტივად გადმოსაცემად, წარმოგიდგენთ მონეტის აგდების შეჯიბრს 3,500,000 ქართველს შორის. ყოველდღე თითოეული მონაწილე ერთხელ აგდებს მონეტას და ის, ვინც სწორად იწინასწარმეტყველებს, თუ რომელ მხარეზე დაჯდება ეს მონეტა, გადადის შემდეგ რაუნდში და ასევე, გავარდნილი მონაწილისგან (ანუ ის, ვინც ვერ შეძლებს მონეტის მხარის ამოცნობას) 1 ლარს იღებს. ასეთი წესებით, 17 დღეში სადღაც 27 კაცი დარჩება და თითოეულს დაახლოებით 131 000 ლარი ექნება მოგებული. დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ 27 კაციდან ყველას თავში ექნება ავარდნილი და რომელიმე უეჭველი წიგნს დაწერს — „მონეტის აგდების მასტერკლასი“, ან „როგორ ვაქციე 1 ლარი 130 000-ად“. იდეაში, 3 500 000 ორანგუტანგი რომ აგეღო ქართველის მაგივრად, მათემატიკურად მაინც მსგავს შედეგს მიიღებდი და გეყოლებოდა 131 000 ლარიანი net worth-ის მქონე ორანგუტანგი. ამგვარად რომ შეხედო, ლოგიკურია ადამიანმა თქვას, რომ თანხის მოგება ამ შეჯიბრში სრულიად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ გითხარი, რომ ეს 27 ორანგუტანგი ერთი და იგივე ზოოპარკიდან მოდის, ალბათ, დაინტერესდები ხომ ამ ზოოპარკით??? როგორც მინიმუმ, გაიკითხავ, თუ რას აჭმევენ ამათ.

ამ მაგალითის მოყვანის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საინვესტიციო სამყაროში რეალურად არსებობენ ნიჭიერი ორანგუტანგები/ინვესტორები, რომელთა ისტორია “Random Walk Theory”-ის ეწინააღმდეგება, რადგან რთულად წარმოსადგენია შემთხვევითი იყოს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ზოოპარკში აღზრდილი ორანგუტანგებიდან ყველა მაგრად აგდებდეს მონეტას. ეს ზოოპარკი არის ბენჯამინ გრაჰამის და დეივიდ დოდის საკლასო ოთახი, რომელმაც მრავალი წარმატებული ინვესტორი აღზარდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე წარმოდგენილია იმ ინვესტორთა პორტფელების ამონაგებები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ გრაჰამისა და დოდის სწავლებასთან — Value Investing-თან. ის, რომ ქვემოთ წარმოდგენილმა ყველა ინვესტორმა შეძლო ბაზრის საშუალო ამონაგებზე ბევრად უკეთესი შედეგის დადება, არ მგონია,  შემთხვევითი იყოს.

Value Investing, რომლის ფუნდამენტური პრინციპი დაუფასებელ კომპანიაში წილის შეძენაა, მაკრო-ეკონომიკური მოცემულობის მიუხედავად, ძალიან საინტერესო მიდგომაა ინვესტიციებისადმი. საინტერესო, მაგრამ ემოციურად რთული, რადგან იმ “delayed gratification”-ის გაძლებას, რაც თან ახლავს დიდი ხნით ლოდინს შენი დაუფასებელი კომპანიის დაფასებას, სერიოზული მენტალური მზადყოფნა ესაჭიროება. როგორც რენდომ ბაბუ იტყოდა: “No matter how great the talent or efforts, some things just take time. You can’t produce a baby in one month by getting nine women pregnant”.

Moral of the Story — სანამ გაიფიქრებ, რომ შეუძლებელია იცოდე აქციის ფასი აიწევს თუ დაიწევს და ყველაფერი შემთხვევითია, გახსოვდეს, რომ არსებობს ხალხი, არა შემთხვევითი ორანგუტანგები, რომლებმაც 100 აგდებული მონეტიდან, მინიმუმ 51-ზე მაინც იციან, რომელი მხარე დაჯდება. ინვესტირება/ტრეიდინგი სამი მარწყვისგან ძალიან შორსაა.

ზუსტად ამ თემას განიხილავს სამი ინტელექტუალი ქვემოთ წამროდგენილ პოდკასტში, ამიტომ, go ahead and give it a listen

ავტორი: სანდრო გოცაძე

[პარტნიორის კონტენტი]

2023 წლის პროგნოზები: ბრენდის გამოცდილების მომავალი

როგორ ვიგებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი პროდუქტი ბაზრის რეალურ საჭიროებას?