in

Mazda MX-30 – „მაზდას“ პირველი ელექტრომობილი უკვე საქართველოშია!

Mazda-მ, თავისი არსებობის მანძილზე, პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა. ის უკვე საქართველოშია და  „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ არის ხელმისაწვდომი. ავტომობილი  წარმოდგენილია შოურუმში, სადაც მსურველებს „ტესტ-დრაივსაც“ სთავაზობენ. MX-30 საკმაოდ კომპაქტური SUV-ია, რომელსაც საკმაოდ მსუბუქი და ეკოლოგიური ელემენტი აქვს.

ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, „მაზდას“ განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური  და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ. მაშინ, როცა მსოფლიოს ავტომწარმოებლები ერთმანეთს ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე ებრძვიან, Mazda-მ გამიზნულად შექმნა ელექტრომობილი, რომლის ელემენტიც მხოლოდ  300კგ-ს იწონის, ხოლო ერთი დამუხტვით მას დაახლოებით 250 კმ-ს გავლა შეუძლია. ეს შესაძლოა, ბევრი არ არის, თუმცა MX-30-ის ელემენტის წარმოებაც და უტილიზაციაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ შექმნილი ელემენტები.

,,MX -30 უკვე ჩვენს შოურუმშია. „თეგეტას“ პრემიუმ ავტომობილების მიმართულებისთვის ამ სიახლეს ორი დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ შეგვიძლია Mazda-ს სრულად ელექტრომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ და რაც მთავარია, ეს არის ეკომეგობრული მანქანა, როგორც ტექნიკურად, ისე გადამუშავებული მასალით შექმნილი სალონით. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება  „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად, მაქსიმალურად მოკლე დროში სთავაზობს“, –  ამბობს  Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე. 

ინოვაციურია ელექტრომობილის ინტერიერიც, რომლის კარების შიდა შეფუთვა და ცენტრალური კონსოლი, პლასტმასას ბოთლებისა და ღვინის ბოთლის სახურავების გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. ზოგადად, MX-30-ის ინტერიერში საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული ვეგანური მასალა. ამგვარი მეთოდით, Mazda-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით.

კრეატიული გადაწყვეტილებაა კარის გაღების კონცეფციაც – ელექტრომობილს არ გააჩნია B საყრდენი და კარებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იღება.

MX-30-ის ნებისმიერ ვერსიაში შეხვდებით ორ, 7 და 8,8-დუიმიან ეკრანს, ცენტრალურ კონსოლზე. მას, ასევე. გააჩნია სწრაფი გასართობ-საინფორმაციო სისტემა Mazda Connect, რომელიც „სმარტფონებს“, Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მეშვეობით უკავშირდება. აქვს Head up ეკრანიც, რომლის მეშვეობითაც საქარე მინაზე გამოდის მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ავტომობილს 145 ცხენის ძალა და 271-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც ქალაქისთვის საკმაოდ დიდი სიმძლავრეა. MX-30 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 9,7 წამში ჩქარდება.

50-კილოვატიანი სწრაფი დამტენით მისი დატენა 30 წუთშია შესაძლებელი, ხოლო სახლის ჩვეულებრივ „როზეტში“, მის დატენას 12 საათი სჭირდება.

ტექნიკური მონაცემები:

Mazda MX-30 E-Skyactiv

  • ძრავა: სინქრონული ელექტრომოტორი
  • სიმძლავრე: 107 კვ (145 ცხ. ძ.)
  • მაბრუნი მომენტი: 271 ნმ
  • ელემენტი: 35,5 კვ.სთ ავტომობილის წონა: 1645 კგ
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4395/1795/1555 მმ 0-100 კმ/სთ: 9,7 წამში
  • მაქსიმალური სისწრაფე: 140 კმ/სთ (დარეგულირებული)
  • ხარჯი: 19,0 კვ.სთ/100 კმ-ზე
  • ერთი დამუხტვის რესურსი: 250 კმ-მდე

 

[R]

Fiat-ის ახალი 500X – „ცხოვრების ნამდვილი სილამაზე“

როგორ შეუძლიათ მენეჯერებს თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესება?