in

ემბისის კორპორაციული მდგრადობა

უკვე ათი წელია, საქართველოს საფინანსო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს კომპანია ემბისი. ამ უკანასკნელის მიზანს კი პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს.

ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. უფრო კონკრეტულად, როგორი იყო 2023 წელი MBC-ისთვის, კომპანიის ოპერაციების დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, გვიზიარებს.

M: ეთო, პირველ რიგში იმაზე საუბრით დავიწყოთ, რა აქცევს ემბისის პასუხისმგებლიან კომპანიად და რა ნაბიჯებს დგამთ ამისთვის ყოველდღიურად?

შეიძლება ითქვას, არსებობის მანძილზე არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. 10 წლის წინ სულ ხუთნი ვიყავით, თუმცა თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა პასუხისმგებლობა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გვაქვს — ვგულისხმობ თანამშრომლებს, პარტნიორებს, ინვესტორებს და საზოგადოებას. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ცვლილებების კვალდაკვალ, ვაუმჯობესებდით მიდგომებს, რათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა შეგვენარჩუნებინა.

ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში მოქმედი სტანდარტები და ქცევის ნორმები სრულ თანხვედრაშია დამფუძნებლების, აქციონერების, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, დირექტორატის წევრების საჭიროებებთან თუ ღირებულებებთან. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის მსგავსება — რადგანაც ყველა ერთ პოზიციაზე ვართ, მნიშვნელოვნად გვიმარტივდება კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით სიახლეების დანერგვა. ალბათ, ქართულ რეალობაში მსგავსი მოცემულობა იშვიათი ფუფუნებაა…

M: ვისაუბროთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჯილდოებზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღეთ. რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი თქვენი ორგანიზაციისთვის?

სიმბოლურად დაემთხვა ემბისის 10 წლის იუბილე და მნიშვნელოვანი ჯილდოების თუ აღიარებების მიღება. პირველ რიგში, გავხდით „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი — კატეგორიაში: წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია“.

ამავდროულად, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 წლის“ კონკურსშიც გავიმარჯვეთ — მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში, ნომინაციაში — SDG4 (ხარისხიანი განათლება), ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალთან „ფინედუ“ და გვიხარია, რომ საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ჩვენი პარტნიორობა. 

წელს ზედიზედ მესამედ გავხდით წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის „ბარტას“ საპატიო ჯილდოს მფლობელები, კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები. ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის სთეიქჰოლდერების მხრიდან მეტ ნდობას განაპირობებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ემბისის გამჭვირვალობას.  

გარდა ამისა, 2023-ში გავხდი გაეროს მიერ ორგანიზებული SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებული, პირველი ქართველი ვარ, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო. ცოტა დეტალურად რომ ავხსნათ, SDG პიონერები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ კომპანიებში მუშაობით ხელს უწყობენ გაეროს მდგრადი მიზნების განხორციელებას. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა ძალები მოსინჯოს საერთაშორისო დონეზე.  ცხადია, გლობალური ჯილდის მიღება საამაყოსთან ერთად, საპასუხისმგებლოცაა.

ბუნებრივია, საქართველოს ბაზარზე არიან სხვა საფინანსო კომპანიები, რომელთაც ანალოგიური ან მსგავსი ჯილდოები მიუღიათ, თუმცა მათი უმეტესობა არსებობის 25-30-წლიან ისტორიას ითვლის. ჩვენ კი იმავე შედეგის მიღება ორჯერ და სამჯერ ნაკლებ პერიოდში შევძელით. ვფიქრობ, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით განსახორციელებელი საქმეები მარტივი არაა. ამიტომაც, მივესალმები მსგავს კონკურსებს. რა თქმა უნდა, ჯილდოები და აღიარებები დიდი მოტივაციაა ემბისისთვის. უპირველესად, ესაა დასტური იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ზოგადად, წახალისება ნებისმიერ საქმეს სჭირდება — არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის მასშტაბს თუ ოპერირების სფეროს, აღიარება შემდგომი განვითარების წინაპირობაა.

M: როგორც ვიცით, კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას… რა პრინციპითაა ეს მიმართულებები გადანაწილებული?

ემბისიმ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების ინიციატივების განხორციელება 2018 წელს დაიწყო. უბრალოდ, ეს იყო ცალკეული პროექტები, 2 წლის წინ კი სტრატეგია შევცვალეთ და მიმართულებები განვაზოგადეთ. შედეგად, ეს ხუთი სტრატეგია მივიღეთ:

  • ეთიკური და მდგრადი კორპორაციული მმართველობა;
  • პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ;
  • პასუხისმგებლობა მომხმარებლების მიმართ;
  • საზოგადოების მხარდაჭერა;
  • გარემოსდაცვა.

M: მოგვიყევით ემბისის კორპორაციული მდგრადობის პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით. რა არის თქვენი მიზანი მათი განხორციელებისას და გარდა უშუალოდ ორგანიზაციისა, ქვეყნისთვის რა სარგებელი მოაქვს თითოეულ მათგანს?

როდესაც საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მასშტაბური პროგრამები და მიმართულებები გვაქვს — მათ შორისაა ფინანსური განათლების პროექტი, რომელიც ფაქტობრივად ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიცავს; ასევე, სოციალური საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა; ქალების გაძლიერების პროგრამა; ახალგაზრდების გაძლიერების და პრო ბონო აქტივობები.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო ხარისხიანად გამოდის პროექტების განხორციელება. რაც შეეხება ემბისისის განვითარების ქვეყნის სარგებლობასთან თანხვედრას, ჩვენი ყველა პროექტის წარმატება პირდაპირპროპორციულია ქვეყნის სარგებელთან — თუნდაც როცა თანამშრომლებისთვის გატარებულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ეს მინიმუმ 250 ადამიანს ეხება; ხოლო მომხმარებლების რიცხვი, რომელთაც 10 წლის განმავლობაში მოვემსახურეთ, მინიმუმ 135 000-ია. შესაბამისად, საკმაოდ დიდ მასშტაბებს ვფარავთ, რაც ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება.

M: რას ნიშნავს პირველი გავლენის ინვესტორის სტატუსი?

პირველი გავლენის ფონდის ინვესტორობა ფილანთროპიული ხასიათის მატარებელია და გულისხმობს სოციალური საწარმოების ფინანსურ თუ არაფინანსურ მხარდაჭერას. ზოგადად, უკვე რამდენიმე წელია, სოციალურ საწარმოებთან ვთანამშრომლობთ, რაც სხვადასხვა ფორმით ხორციელდება — მაგალითად, ფინანსური დახმარება; კომპანიის ექსპერტიზის, გამოცდილების გაზიარება; პრო ბონო შესყიდვები და ა. შ. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ასეთმა მჭიდრო თანამშრომლობამ მიგვიყვანა გრძელვადიან და მდგრად მიდგომებამდე. რეალურად, ამგვარი ინვესტიციებით წვლილი შეგვაქვს საწარმოების განვითარებაში — გვსურს, მათ გაზომვადი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევაში დავეხმაროთ.

M: როგორია ემბისის სამომავლო გეგმები? და თქვენ, როგორც ოპერაციულ დირექტორს, რა კონკრეტული მიზნები გაქვთ?

ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ჩემი პირადი და კომპანიის მიზნები აბსოლუტურ თანხვედრაშია. კერძოდ, დაახლოებით ერთი თვის წინ შევიტანეთ განაცხადი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მთელი გუნდი აქტიური მოლოდინის რეჟიმში ვართ. ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს საკმაოდ რთული გზაა, თავისი მნიშვნელოვანი გამოწვევებით, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოა. ჩვენი გუნდის პოტენციალი კი იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველაფერს სათანადოდ გავუმკლავდებით — თანაც თანამშრომლების უმრავლესობას სწორედ საბანკო გამოცდილება აქვს. მთლიანობაში მიხარია, რომ განვითარების ასეთ საინტერესო ტრანსფორმაციულ პროცესში ვერთვებით.

[R]

„მილკას” დიდი საახალწლო საჩუქარი ცნობილია

ნახეთ: Disney 100 წლის იუბილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღნიშნავს