in

McDonald’s-მა სასმელების ჩასადები ჩანთად აქცია

McDonald’s-ის მუყაოს სასმელების ჩასადებს ავსტრალიაში ახალი ვერსია გამოუჩნდა: McCafé Tray Bag ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ჩანთაა, რომელსაც ფართო მხრის სამაგრი, ოქროსფერი დეტალები და ტუჩის ბზინვარებისა თუ საწრუპისთვის განკუთვნილი ჯიბე აქვს. მასში ოთხი სასმელი ეტევა და თავდაპირველი ჩასადების ფუნქციასაც ინარჩუნებს.

BOG
BOG

იდეა მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებით გაჩნდა. Wieden+Kennedy Sydney-ის კრეატორებმა ჰანა ლოუსონმა და ჯესიკა ბილმა სოციალურ ქსელებში ნახეს, როგორ იყენებდნენ ადამიანები McDonald’s-ის სასმელების ჩასადებებს ჩანთებივით: ჭიქებისთვის განკუთვნილ ადგილებში სათვალეს, ტელეფონს, ყურსასმენებსა და კოსმეტიკას აწყობდნენ.

სააგენტომ ეს თვითნებური გამოყენება შეზღუდული გამოშვების აქსესუარად გადაამუშავა. ჩანთისთვის ლეღვისფერი შეარჩიეს, რომელიც, კრეატორების განმარტებით, McCafé-ს ვიზუალურ იდენტობასაც შეესაბამება და მოდის კოლექციაშიც ბუნებრივად გამოჩნდებოდა. პროექტს „sipwear“ უწოდეს, რითაც სასმელისა და ჩაცმულობის კავშირი სახელშიც გამოხატეს.

დიზაინის შემუშავებისას მთავარი პირობა პრაქტიკულობა იყო. გუნდმა მუყაოს ჩასადების ზომები თითქმის უცვლელად შეინარჩუნა, მათ შორის ჭიქების დასაფიქსირებელი შიდა დეტალებიც. რამდენიმე პროტოტიპზე გამოცადეს მხრის სამაგრის მიმაგრების ადგილები, რათა ოთხი სასმლის ტარება კომფორტული ყოფილიყო და დაღვრის რისკი შეემცირებინათ.

კამპანიის ფოტოებიც მოდის გადაღების სტილშია შესრულებული. Photoplay-ის ფოტოგრაფ სარა ადამსონის კადრებში ჩანთა ვერცხლისფერ ქუსლიან ფეხსაცმელს, შოკოლადისფერ ტყავის ქურთუკსა და ღია ფერის ტრენჩს ერწყმის. ამ გარემოში მისი უჩვეულო ფორმა განსაკუთრებით ჩანს, თუმცა სტილიზაცია ყოველდღიურ ჩაცმულობასთან შეთავსების მაგალითებსაც გვთავაზობს.

McCafé Tray Bag სასმელის ყიდვის გარშემო ჩამოყალიბებულ ჩვევებს ეყრდნობა: გზად ყავის აღებას, მეგობრებისთვის სასმელების წაღებას ან დღის განმავლობაში საკუთარი თავისთვის მცირე სიამოვნების მინიჭებას. აქსესუარი ამ ჩვეულ მოქმედებას თამაშის ელემენტს ამატებს და McCafé-ს ახალი მენიუსთვის ყურადღების მიპყრობას ემსახურება.

Asics დივანზე მცხოვრებ ადამიანს დოკუმენტურ ფილმს უძღვნის

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით