2022 დასასრულს უახლოვდება და დროა, შევაჯამოთ ქართულ კრეატიულ სააგენტოებში რა ხდებოდა წლის განმავლობაში. დღევანდელ სტატიაში კი McCann Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი, თემო ბლიუმგარდტი გვიყვება, როგორ ჩაიარა განვლილმა თვეებმა, რა სიახლეები იყო წინა პერიოდებთან შედარებით და როგორია სააგენტოს სამომავლო გეგმები.
„McCann-ში წლევანდელი წელი დაგეგმილი და განსაზღვრული მიზნებით დავიწყეთ და გვიხარია, რომ ყველა ეს გეგმა შესრულდა. 2 წლის წინ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ კომპანიებთან ჩვენი ახალი სტრატეგიის შესაბამისად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება და სტანდარტები დავაგროვეთ საერთაშორისო დიდ კომპანიებთან თუ კორპორაციებთან… ჩვენ კი გვსურდა, ეს ყველაფერი ადგილობრივი კომპანიებისთვისაც შეგვეთავაზებინა და დაგვენერგა კიდეც.
ახლა კი, წლის ბოლოს, ასეთი სურათი მივიღეთ: ჩვენი პორტფოლიოს დიდ ნაწილს ადგილობრივი კომპანიები იკავებენ, რომელთაც როგორც კრეატივის, ისე მედიისა თუ წარმოების მიმართულებით აქტიურად ვემუშავებით.
შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. განსაკუთრებით, პარტნიორების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ პოსტპანდემიური პერიოდი ჯერ კიდევ იგრძნობა ინდუსტრიაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, წელს ვხურავთ ისე, როგორც წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი. რეალურად, მთლიანობაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიჭირს ერთი კონკრეტულის გამოყოფა — სააგენტო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც წლის განმავლობაში მუდმივად ახლის ძიებაშია, აკეთებს კორექტირებებსა თუ ცვლილებებს. მთავარია, რეაგირება დროული იყოს, მიღებული გამოცდილებიდან თუ პრაქტიკიდან და შესაბამისად იმოქმედო.

რაც შეეხება 2023 წელს, გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური გეგმები.
ვგეგმავთ, გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა ადგილობრივ კომპანიებთან. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ მომსახურებაზე იზრდება, პირველ რიგში, აქ იგულისხმება გამჭვირვალობა, მაღალი სტანდარტის კლიენტ სერვისი და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული კრეატიული თუ მედია მხარდაჭერა.
ასევე, ვაპირებთ ახალი პლატფორმა advertising.ge-ის პრეზენტაციას ბაზარზე, რომელიც გააერთიანებს ჩვენთან შემავალ 6 პროფილურ სააგენტოს მედიის, კრეტივის, მარკეტინგის, ღონისძიებების ორგანიზების, ციფრული მედიისა და წარმოების მიმართულებით. შესაბამისად, პოტენციურ პარტნიორებს შეეძლებათ, მიიღონ Full Service მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ერთი პროექტ მენეჯერი და მისი მეშვეობით იღებთ ნებისმიერ მომსახურებას. ასე ძალიან ბევრი დრო და ფინანსები იზოგება ჩვენი პარტნიორებისთვის.
გარდა ამისა, ვაპირებთ, გავააქტიუროთ ქართული ოფისი, მივცეთ მას უფრო მეტი რეგიონალური მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ უცხოურ ბრენდებს, ჩვენი გავლით შემოვიდნენ კავკასიასა და აზიის ცენტრალურ რეგიონებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და რამდენიმე ბრენდი შევიდა ჩვენი გავლით როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ოფისებში. რეალურად, უკვე წლებია, ჰაბი ვართ რამდენიმე პიონერისთვის — ამიტომაც, ჩვენი რეგიონალური შესაძლებლობები ნამდვილად დიდი და ხაზგასამემლია. შეგვიძლია, თბილისიდან რეგიონის ნებისმიერ ქვეყანაში ვემუშაოთ ბრენდებს, რადგან ჩვენი ოფისები ყველგანაა წარმოდგენილი.
მოკლედ, 2023-ში გეგმები ბევრია“.