in

„ქედი ტვ“-დან McCANN Tbilisi-მდე, ანუ გზა 1992 წლიდან – დღემდე!

„თუ ეს საქმე არ გიყვარს, წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ხანდახან, არც ეს სიყვარულია საკმარისი, გადარჩენისთვის აუცილებელია კარგი ალღო და ბევრი შრომა“

„ჩვენთვის, მთავარი ინდიკატორი გუნდია, პროფესიონალები, ვისაც შეუძლია, ნებისმიერ გამოწვევას, თუ ამოცანას უპასუხოს, რომელიც სააგენტოში იქნება“

1992 წელი, თბილისი, საქართველო. . . ამ წინადადებაზე ბევრი ასოციაცია გაგიჩნდებათ, მაგრამ ალბათ, არც ერთი არ იქნება დაკავშირებული შემოქმედებით ინდუსტრიასთან. არა და, ზუსტად ამ დროს შეიქმნა სარეკლამო კომპანია „ქედი ტვ“. ის ერთ-ერთი იყო, ვინც სფეროს განვითარებას კი არა, საერთოდ არსებობას რომ ჩაუყარა საფუძველი და რამდენიმე წელიწადში, ამერიკული საერთაშორისო ბრენდის, 1912 წელს დაარსებული McCANN-ის ნაწილი, McCANN Tbilisi გახდა. დღევანდელთან შედარებით, როცა ჩვენთან, ინდუსტრიაც და ტექნოლოგიებიც ისე განვითარდა, რომ ქართული სააგენტოების ნამუშევრები, საერთაშორისო კონკურსებზე, სერიოზულ წარმატებებს აღწევს, 1990-იანებში შექმნილი ვიდეორგოლები თუ პოსტერები, შეიძლება, „ჰენდ მეიდ“ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის ნამდვილად არის ისტორია. მაგალითად, „ლაღიძის წყლების“ ვიდეორგოლი, რომელიც „ქედი ტვ“-მ, 1998 წელს გადაიღო.

დღეს სწორედ McCANN Tbilisi-ს შექმნაზე უნდა გიამბოთ, მის გზაზე „ქედი ტვ“-დან ამ დრომდე, სირთულეებზე, უპირატესობებზე. მაგრამ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

გია ალიხანაშვილი Gaa Holding-ის დამფუძნებელი და CEO): „ქედი ტვ“ ქართულ სარეკლამო ბაზარზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა ეს ინდუსტრია სულ ახალი გაჩენილი იყო, სრული მომსახურების სააგენტო კი საერთოდ არ არსებობდა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ჩვენი სააგენტოს სახელიც…

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ . . . 

გია ალიხანაშვილი

გია ალიხანაშვილი: „ქედი ტვ“ შეიქმნა 1992 წელს, რომელიც  ბიზნესს, იმ პერიოდისთვის, ახალ და მოთხოვნად სერვისებს სთავაზობდა. ამიტომ, მალევე გახდა ბაზრის ლიდერი. 1990-იანების დასაწყისში, საქართველოში არსებულმა, თითქმის, ყველა კომპანიამ, რომელსაც მარკეტინგული მომსახურება სჭირდებოდა, იცოდა, ვისთვის მიემართა – „ქედი ტვ“ ძალისხმევას არ იშურებდა, სრულყოფილი მომსახურება გაგვეწია მათთვის. სააგენტო ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ამ გზის გარკვეულ ეტაპზე მივხვდით, რომ რადიკალური ცვლილებები იყო საჭირო.

ეს ცვლილებები 1990-იანების ბოლოს დადგა – საქართველოში საერთაშორისო კომპანია McCANN შემოვიდა. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა? 

გია ალიხანაშვილი: 1999 წელს უდიდესი ამერიკული სააგენტოს McCann Erickson-ის წარმომადგენლები საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ – სურდათ, ლოკალური წარმომადგენლობა შეექმნათ, რომელიც საერთაშორისო ხარისხის მომსახურებას გაუწევდა კომპანიებს. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც „ქედი ტვ“-მ გაიმარჯვა. სწორედ აქედან დაიწყო ის გარდასახვები, რომელმაც სააგენტო დღემდე მოიყვანა. მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ რთული იყო, დაგვჭირდა როგორც სტრუქტურული რეორგანიზაცია და ცოდნის გაღრმავება, ისე სხვადასხვა პროფილური გუნდების ფორმირება. ვცდილობდით, ბოლომდე შეგვესწავლა და გამოგვეყენებინა ახალი შესაძლებლობები, რომელიც საერთაშორისო ქსელში გაწევრიანებას გვთავაზობდა.

თუმცა, საერთაშორისო ქსელში გაწევრიანება და მათი სტანდარტებით მუშაობა არ იქნებოდა მარტივი. მოდით, იმ  სირთულეებზეც ვისაუბროთ, რა პირობებში და რესურსებით მოახერხეთ ეს ყველაფერი. 

თემო ბლიუმგარდტი (McCANN Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი): რა თქმა უნდა. რაღაც დათმობებზე წასვლაც მოგვიხდა – ბევრი ადგილობრივი კლიენტის მომსახურება ვეღარ შევძელით, რამაც მეორეს მხრივ, განვითარებისკენ უბიძგა ადგილობრივ სარეკლამო ბაზარზე არსებულ პატარა სააგენტოებს. გახსნის დღიდან, McCANN-ის ქსელში მიმდინარე თუ  ბაზარზე არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, იგივე პროცესები მიდიოდა ჩვენთანაც, საქართველოს წარმომადგენლობაში, იქნებოდა ეს  სტრუქტურული, თუ საკადრო ცვლილებები. თუმცა, McCANN, გლობალური მასშტაბით, ყოველთვის მიჰყვება თავის ფილოსოფიას “TRUTH WELL TOLD”. 

ჩვენი, როგორც სააგენტოს ამოცანაა, დამკვეთს დავეხმაროთ მისი ბიზნეს-ამოცანების შესრულებაში. კლიენტთან ერთად ვადევნებთ თვალს, როგორ იცვლება მათი ბიზნესი ამ თანამშრომლობის შედეგად, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რა და როგორ გარდავქმნათ .

„ხმაურიანი“, „დასამახსოვრებელი“ „კარგი“ კამპანიები არ არსებობს. არსებობს კამპანიები, რომლებმაც უპასუხეს იმ ბიზნეს ამოცანებს, რომელიც პროდუქტს ჰქონდა.

გია ალიხანაშვილი:  მოკლედ, ცვლილებების ტალღას მშვიდი ცურვით ავყევით და მალევე ახალი ჰორიზონტებიც დავინახეთ 2003 წელს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში McCANN-ის წარმომადგენლობა გავხსენით.

Coca-Cola, Mastercard, Samsung, Nestle, Beko, L`oreal, Japan Tobacco International, Ferrero, Microsoft, Unilever – ეს იმ საერთაშორისო კორპორაციების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უკვე წლებია, წარმატებით ვემსახურებით. რა თქმა უნდა, არც ქართულ კომპანიებს ვივიწყებთ და ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი სერვისი იყოს ხარისხიანი, ინოვაციური და თანმიმდევრული. მსოფლიოსა და ქვეყნის პულსაციას მუდამ ყურს ვუგდებთ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხს ვუწყობთ. შესაბამისად, კლიენტებს სრულიად ინოვაციურ სერვისებს ვთავაზობთ, რაშიც საერთაშორისო ოჯახის წევრობაც ძალიან გვეხმარება.

რამდენიმე წლის წინ, McCann Erickson-მა გლობალური რებრენდინგი დაიწყო და ჩამოყალიბდა McCANN World Group. შესაბამისად, ჩვენს სააგენტოსაც McCANN Tbilisi ეწოდა. რებრენდინგს ცვლილებების ახალი ტალღა მოჰყვა, თუმცა, უკვე ყველანაირი შტორმისთვის ვიყავით მზად.  

რა იყო და არის McCANN-ის უპირატესობა სხვა ადგილობრივ სააგენტოებთან შედარებით?

თემო ბლიუმგარდტი: როგორც გლობალური ქსელის წევრს, გვაქვს შესაძლებლობა, პლანეტის ნებისმიერი წერტილის გამოცდილება ვნახოთ, სადაც McCANN-ია. რთულია, იპოვო ბრენდი, კატეგორია, მიმართულება, ამ საერთაშორისო კომპანიას ცოდნა და გამოცდილება რომ არ ჰქონდეს. ამიტომ, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია. გამორჩეულია მუშაობის სტილი, სტრუქტურა, რაც კომპანიას გლობალურად გააჩნია და იმავე მეთოდებით ვმუშაობთ ჩვენც, საქართველოში. ეს ის სტანდარტებია, რომელიც წარმოადგენს ღერძს კლიენტსა და სააგენტოს  შორის და ქმნის სწორ, შესაბამის, ურთიერთმოგებიანი თანამშრომლობის ფორმას. McCANN-ის გლობალური ფილოსოფია ხომ სწორად ასეთია:

“When The agency and client truly works together, great things happened“.

დღეს სად არის თქვენი კომპანია? განვითარების რა ეტაპზეა McCANN საქართველოში? 

გია ალიხანაშვილი: დღეს, საქართველოში, „მაკენის მსოფლიო ჯგუფის“ სამი სააგენტო ფუნქციონირებს: McCANN Tbilisi, UM Georgia , KEDI/Momentum Georgia, რომელშიც 70-მდე თანამშრომელია. მოვახერხეთ, გაგვეძლო ყველა გამოწვევისათვის, მათ შორის პანდემიისთვის. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ თანამშრომლები და პარტნიორი კომპანიები, რომლებსაც გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ. ჩვენი ჯგუფი, საქართველოს, ბაზრის ტოპ სეგმენტს ემსახურება, კომპანიებს, რომლებმაც იციან რატომ და რა სახით სჭირდებათ ჩვენთან თანამშრომლობა. აქ ნამუშევარი კადრები დიდი წარმატებით აგრძელებენ კარიერას როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურებში.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ჯგუფის ასეთი წარმატება საქართველოში? 

თემო ბლიუმგარდტი: ბრენდები, რომლებიც წლებია ჩვენთან მუშაობენ, დღესაც აგრძელებენ თანამშრომლობას, რადგან მათ ბიზნეს ამოცანებს ბაზარზე ვპასუხობთ. მიგვაჩნია, რომ მრავალწლიანი ადგილობრივი გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ პირველი ქართული ქსელური სააგენტო ვიყავით საქართველოში?! თუმცა, მთავარი ინდიკატორი მაინც გუნდია, პროფესიონალები, ვისაც შეუძლია, ნებისმიერ გამოწვევას, თუ ამოცანას უპასუხოს, რომელიც სააგენტოში იქნება.

„მარკეტინგი და რეკლამა საკმაოდ სტრესული და ძალიან დინამიური სფეროებია. თუ ეს საქმე არ გიყვარს, წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ხანდახან, არც ეს სიყვარულია საკმარისი, გადარჩენისთვის აუცილებელია კარგი ალღო და ბევრი შრომა“ – გია ალიხანაშვილი

საერთაშორისო სააგენტოები, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში ერთი საერთო „გაიდლაინებით“ ხელმძღვანელობენ, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ადგილობრივ რეალობაზე მორგება. McCANN Tbilisi როგორ ახერხებს ამას?

თემო ბლიუმგარდტი: საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობისას მსგავსი სირთულეები არ არსებობს. ჩვენ არა მარტო აქ, არამედ გლობალურად გვაქვს ამ კლიენტების ნდობა და წლებია, მას ვამართლებთ.

რაც შეეხება ლოკალურ კლიენტებს? 

თემო ბლიუმგარდტი

თემო ბლიუმგარდტი: ვერ ვიტყოდი, რომ მათთან პრობლემებია, უფრო წინაღობებს დავარქმევდი. ხშირია შემთხვევები, როცა უბრალოდ, ბოლომდე გააზრებული არ არის სააგენტოს როლი მათი მხრიდან. განგვიხილავენ, როგორც „მომწოდებელს“ და „რეკლამის გამკეთებელს“. არა და, ჩვენ ვხდებით ორგანიზაციების გუნდის წევრები, მუშაობას ვიწყებთ კონსულტაციებით და პროექტს მივყვებით ბოლომდე.  მარტივი ამბავია – დიდი სხვაობაა თანაგუნდელსა და რეკლამის დამამზადებელს შორს.

ახლა რა ტენდენციები და სირთულეებია საერთაშორისო და ადგილობრივ სარეკლამო ინდუსტრიებში? რა სხვაობა მათ შორის?

თემო ბლიუმგარდტი: ახლა არსებულ გამოწვევებსა მარტივად COVID-19 შეიძლება დავარქვათ. ფაქტობრივად, ყველა სექტორსა თუ ინდუსტრიაზე აისახა პანდემია, ვიღაცაზე – ნაკლებად, ვიღაცაზე – მეტად თუმცა, გრძელვადიანად დაზარალდა ყველა. მთავარი გამოწვევა მაინც მომავლის არაპროგნოზირებაა. მაგალითად, ბრენდები თავს იკავებენ დამატებით ინვესტიციებზე, რადგან დაზუსტებით არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ეს პრობლემები შეგვეხო ჩვენც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სირთულეების დაძლევაში ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გია ალიხანაშვილი: მიუხედავად ურთულესი 2020 წლისა, განვითარების ტემპს არ ვაჩერებთ. სულ ცოტა ხნის წინ, პორტალი Advertising.ge „ჩავუშვით“, რომელიც უნიკალურ საშუალებას აძლევს კომპანიებს, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ ნებისმიერი სარეკლამო მომსახურება.

წელს, სექტემბერში ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი McCANNEDU – Truth Well Told დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცემს უნიკალურ შანსს, მიიღონ პრაქტიკული განათლება მარკეტინგსა და რეკლამაში და 100%-იანი გარანტიით დასაქმდნენ სააგენტოებში.

თემო ბლიუმგარდტი: ვგეგმავთ, უფრო მეტი ვიმუშაოთ ადგილობრივ კლიენტებთან. გვაქვს ამბიცია და გეგმა, ადგილობრივ ბაზარზე ის სტანდარტები დავნერგოთ, რომელიც უკვე დიდი ხანია, მუშაობს ამერიკასა და ევროპაში. ზოგადად, გუნდში მიგვაჩნია, რომ სარეკლამო სააგენტოებს შეგვიძლია, დიდი გავლენა მოვახდინოთ ინდუსტრიაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივი, რომელიც იმ ე.წ. დასავლურ სტანდარტებს შემოიტანს და დანერგავს ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, მთავარი რეცეპტი კი აქ ღიაობა და გამჭვირვალეობაა.

 

 

ნახეთ: შანხაის ცაზე 1500 დრონით გიგანტური QR კოდის გამოსახულება შექმნეს

რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუკი დამსაქმებელი კომპანია მუდმივ დისტანციურ სამუშაოზე გადადის?