კერძო სექტორი ანტისტიგმა კამპანიას #დაინახეყველაფერი უერთდება – სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ახალგაზრდების შესახებ ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ანტისტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“ იწყებს მორიგ „ონლაინ“ ვიქტორინას, რომლის მიზანია, ინტერნეტის მომხმარებლებმა თავად შეაფასონ აქვთ თუ არა შშმ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმები თუ ცრურწმენები, უპასუხონ შეკითხვებს და სწორი პასუხების შემთხვევაში, საჩუქრად მიიღონ კამპანიის მარდამჭერი სარესტორნო ქსელის „მაკდონალდსის“ ვაუჩერები. ეს კერძო სექტორისა და კამპანიის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში კამპანიას არაერთი ბიზნესი შემოუერთდა, როგორიცაა კინოთეატრების ქსელი „კავეა“.
„შშმ ახალგაზრდების მიმართ არსებული სტიგმის შემცირების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. 2017 წელს „მაკდონალდს საქართველოს“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა. კომპანია შემოუერთდა ანტისტიგმა კამპანიას და მხარს უჭერს შშმ ადამიანებზე ცნობიერების ამაღლებასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას“.
„ონლაინ“ ვიქტორინაში მონაწილეობა შესაძლებელია მედია პლატფორმებზე publica.ge-სა და on.ge-ზე მთელი თვის განმავლობაში.
კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
კამპანიას 2016 წლიდან ახორციელებს საკონსულტაციო სააგენტო Action Global Communications, რომელიც სხვადასხვა სტრატეგიული მეთოდების გამოყენებით მუშაობს სოციალურ ცვლილებებზე. შედეგად სტიგმა, რომელიც კამპანიის დასაწყისში არსებობდა, რამდენიმე ათეული პროცენტით შემცირდა.
დამატებითი ინფორმაცია:
შშმ ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 28%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შშმ ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი. თუმცა, აღნიშნულ ნეგატიური განწყობები შემცირდა, რადგანაც 2015 წლის მონაცემებით სტიგმის მატარებელი იყო მოსახლეობის 40%.
ანტისტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:
- გაიაზროს შშმ პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში
- დაამყაროს კონტაქტი შშმ პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში
- ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შშმ პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს
- ისწავლოს შშმ პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.
[R]













