როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტი „სარწმუნო მქადაგებლად“ იქცა — თითქოს, თუ ის გვეტყვის, ყველაფერი სწორი და მართებულია. ზოგადად, ფსიქოლოგები ჩეტბოტებთან მიმართებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანებს ხელოვნური სისტემების უფრო მეტად სჯერათ ხოლმე, ვიდრე ერთმანეთის.
თუმცა ამ შემთხვევაში არა ფსიქოლოგიურ, არამედ მარკეტინგულ ნაწილზე ვისაუბრებთ. Mcdonald’s-მა ცნობილ AI მოდელს, ChatGPT-ს ჰკითხეს: „რომელია მსოფლიოს ყველაზე საკულტო ბურგერი?“ ჩეტბოტმა კი ბრენდისთვის სასურველი პასუხი გასცა: Big Mac.
შემდეგ სისტემამ განმარტა, რატომ ფიქრობდა ასე. მან თქვა, რომ მსოფლიო ბევრი საკულტო ბურგერითაა სავსე, მაგრამ Big Mac ყველაზე მეტადაა აღიარებული. აქვე დასძინა ისტორია, რომლის მიხედვითაც, ის პირველად 1967 წელს შეიქმნა და მალევე იქცა ბრენდის იდენტობის განუყოფელ ნაწილად.
„მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსი თითქმის მთელ მსოფლიოში გვხვდება, ბევრ ქვეყანაში მენიუ ადგილობრივების გემოვნებასაა მორგებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში Big Mac უცვლელი კომპონენტია“, — აცხადებენ ბრენდში.