14
ივლ
2017

„მაკდონალდსი“ – ეკონომიკური განვითარების გზა

14 ივლ 2017

დღეს ქუთაისში რიგით მეორე, საქართველოში კი უკვე მეთორმეტე „მაკდონალდსი“ გაიხსნა. აღმაშენებლის მოედნის #1-ში მდებარე ახალი „მაკდონალდსი“ უპრეცენდენტო მასშტაბისაა: რესტორნის ფუნქციებთან ერთად, გადამზადების ცენტრის ფუნქციებსაც ითავსებს, რის გამოც პროექტი გაორმაგებული ინვესტიციით განხორციელდა — მშენებლობასა და აღჭურვილობაზე დახარჯულმა თანხამ 6 171 000 ლარი შეადგინა.

BOG PLUS

„მაკდონალდსი საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ საქართველოში ბრენდის შემოსვლიდან დღემდე „მაკდონალდსის“ ეკონომიკასა და მომსახურების სფეროზე გავლენა მიმოიხილა.

„ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სხვა განვითარებად ქვეყნებთან ერთად, ნატვრად აქვთ ქცეული, მათ ქვეყანაში „მაკდონალდსი“ რომ არსებობდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ არის, მაგალითად, ალბანეთში — ევროპის ცენტრში, სხვადასხვა მიზეზის გამო, „მაკდონალდსი“ არ არის. ამიტომაც, ჩვენი მიღწევა, რომ მოსკოვის შემდეგ „მაკდონალდის“ პირველი რესტორანი ამიერკავკასიაში საქართველოში აშენდა, მართლაც მნიშვნელოვანია. „მაკდონალდსის“ კონცეფციის დიდ გლობალურ ბრენდებს ასეთი ფილოსოფია აქვთ: „სადაც შევდივართ, იმ ქვეყნის ეკომონიკა ყალიბდება, იზრდება და სხვა ინვესტორებსაც სტიმულს აძლევს, რომ იმ ქვეყანაში ბიზნესი აწარმოონ“, — ყველაფერი ხომ მაგალითია, „მაკდონალდსზე“ დიდი მაგალითი უცხოელ ინვესტორებს ვინ უნდა შესთავაზოს!“

როდესაც საქართველოში „მაკდონალდსი“ შემოვიდა, ქვეყანაში არა მხოლოდ საერთაშორისო სარესტორნო ქსელები, არამედ — ბიზნესის და მარკეტინგის თეორიული ცოდნაც კი არ არსებობდა. ჭყონიას განმარტებით, ქვეყანა გლობალური ცივილიზაციის ნაწილი ვერასოდეს გახდება, თუ იქ საერთაშორისო ბრენდები არ ოპერირებენ; ამიტომაც „მაკდონალდსის“ არსებობას მისთვის მოგებაზე მეტად განვითარების დატვირთვა აქვს:

„კარგია, რომ ბიზნესმენების ახალი თაობა სხვანაირად ფიქრობს. ჩემი ასაკის ადამიანების მენტალიტეტით, აუცილებლად მეტალის გადამამუშავებელი უზარმაზარი ქარხანა ან გრანდიოზული ჰესი უნდა ააშენო, შედარებით პატარა მასშტაბის ინვესტიციას სერიოზულად არ მიიჩნევენ. ბიზნესი კი არა სიდიდეზე, არამედ — ფილოსოფიურ მიდგომაზეა დამოკიდებული: ინვესტიციის შეფასებას იმ ფაქტორებზე დაყრდნობით უნდა ვახდენდეთ, რა შედეგის მოტანა შეუძლია ბიზნესს და არა მისი ზომით და მასშტაბებით! მესის სიმაღლე 1.60 სანტიმეტრია, დღევანდელი ღირებულება კი 400 მილიონი, რაც მთელი საქართველოს ენერგეტიკის ღირებულებას — 200 მილიონს ორჯერ აღემატება! ჰოდა რომელი სჯობს, მესი გყავდეს საქართველოში თუ ენერგოსისტემა? ჩვენ კი ვამბობთ, მაგრები ვართ-თქო, თუმცა მესი რომ განვაბაჟოთ, საქართველოს ეკონომიკა დაიღუპება.

სწორედ ამიტომ, „მაკდონალდსს“ არ აღვიქვამ მხოლოდ იმ ჭრილში, რომ მე მეკუთვნის, მას განვითარების დატვირთვა აქვს: საქართველოს სხვადასხვა ქალაქის იმ ადგილებში, სადაც „მაკდონალდსის“ რესტორნები ავაშენეთ, სიტუაცია შეიცვალა— ახალგაზრდებს კომფორტის ზონა გაუჩნდათ, იკრიბებიან, მიირთმევენ და საშინაო დავალებებსაც კი იქ აკეთებენ. მაგალითად, ქუთაისის ახალი ობიექტის მშენებლობისას, შევცვალეთ მთელი მიმდებარე ტერიტორია — გავალამაზეთ გზა, შევასწორეთ ფერდობის ფორმა, დავრგეთ ხეები და იქაურობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად ვაქციეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესტორნები ევროპის დივიზიონის საუკეთესო სამეულში შევიდა, უამრავი ჯილდო გვაქვს მიღებული როგორც მომსახურების, ასევე — ადგილმდებარეობის, სტრუქტურის და სხვა დამსახურებების გამო მონიჭებული; ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ იმ წესებით ვცხოვრობთ, რითაც მთელი განვითარებული სამყარო. ქართველებს ძალიან კი გვინდა დასავლურ სამყაროში ინტეგრირება, მაგრამ არ გვესმის, რომ ხინკლის და ტარხუნის ლიმონათით ამ შედეგს ვერ მივაღწევთ; თანაც არ შეიძლება, მხოლოდ წარსულით იტრაბახო და მომავალზე არსოდეს იფიქრო, როგორც ამას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აკეთებენ!

ტურიზმის განვითარება „მაკდონალდსის“ და მსგავსი ფორმატის ბრენდების გარეშე შეუძლებელია. უცხოელმა არ იცის, რას აღნიშნავენ ქართული აბრები, მეორე მხრივ კი უჭირს გადაწყვეტილების მიღება, უცნობი პროდუქტი დააგემოვნოს. თუმცა ამასთანავე, ლოკალურ დონეზე ბევრი ვიმუშავეთ, რომ „მაკდონალდსის“ კონცეფციის ადაპტირება აქაური ცხოვრების წესზეც მოგვეხდინა — შევქმენით სამარხვო, სეზონური მენიუები და ა.შ. სხვათა შორის, ერთადერთი საუზმის მენიუს დანერგვა გავიჭირდა: „მაკდონალდსს“ არაჩვეულებრივი საუზმის მენიუ აქვს, თუმცა სამწუხაროდ ქართველებს შუადღის 12 საათამდე სძინავთ და მხოლოდ ლანჩის დროს იღვიძებენ“.

[R]

განხილვა