31
Oct
2019

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

31 Oct 2019

„მაკდონალდს საქართველოს“ და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში (ძმები კაკაბაძეების #1) გაიმართა.

„მაკდონალდსის“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზანი ადგილობრივი, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს, მსოფლიოში Global Gap-ის აუდიტის გავლაში დაეხმარებიან და სრულად ჩართავენ პროცესებში.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში,  „მაკდონალდსი“ ხელს შეუწყობს ქართული აგროკულტურის განვითარებას. და მისცემს შანსს  ქართულ  კომპანიებს რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაკდონალდსის ქსელი ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომარაგდეს.“ – ამბობენ „მაკდონალდსში“.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის ბოსტნეულით მომარაგება მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც წარმატებით ექნებათ Global Gap აუდიტი გავლილი და დააკმაყოფილებენ  მაკდონალდსის სტანდარტების მოთხოვნებს.

მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს წარმოადგენს. მისი მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვა.

„მაკდონალდსი“ სწრაფი კვების რესტორნების გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ, ქსელი, სხვადასხვა რეგიონში ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის. ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას“.

[R]

განხილვა