„მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი დირექტორი ფლორიდაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს საუკეთესო დირექტორად დაასახელეს.
„მსოფლიო კონფერენციაზე, საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, „მაკდონალდსის“ 60 ქვეყნის 345 თანამშრომელი იყო წარდგენილი. მონაწილეები მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩიეს, შემდეგ კი 345 წევრისგან საუკეთესოთა კანდიდატები გამოავლინეს. მათ შორის საპატიო ადგილი „მაკდონალდს საქართველოს“ ბათუმის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ დაიმსახურა“.

ზოგადი კონცეფციის მიხედვით, „მაკდონალდსი“ დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი როლის ხაზგასმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„სალომეს გამარჯვება ძალიან სასიხარულოა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს აქვთ განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, რაც თანამშრომლებში ლოიალობის მაღალ დონესა და იმის აღიარებას განაპირობებს, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია,“- ამბობს „მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სალომე კალაძე „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია, მის მართვაში არსებული რესტორნები კი, მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით გამოირჩევა.
„მიხარია რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამორჩეული ადგილი მერგო. ძალიან სასიამოვნო იყო ფლორიდაში „მაკდონალდსის“ მმართველობასთან შეხვედრა, გავიცანი ჩემი უცხოელი კოლეგები. მათთან ურთიერთობა და გამოცდილებების გაზიარება ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ის, რომ საუკეთესოდ მაღიარეს, მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, ეს მთელი ჩვენი გუნდის ერთიანობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“, – ამბობს სალომე კალაძე.
[R]













