13
Feb
2020

„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს

13 Feb 2020

„მაკდონალდს საქართველო“ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო კომპანია „HAVI ლოგისტიკთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს. კომპანია HAVI უზრუნველყოფს „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას. ამასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება 12 თებერვალს გაფორმდა.

ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, კომპანიის მმართველი დირექტორი თენგიზ კაპანაძე, HAVI ლოჯისტიკის ვიცე – პრეზიდენტი ქრისტიან ნოვაკი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე კომპანიის მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კომპანია HAVI „მაკდონალდსის“ კორპორაციას 45 წელია ლოგისტიკურ სერვისს უწევს და იგი მიჩნეულია, როგორც საუკეთესო პარტნიორი და მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო და საიმედო საერთაშორისო ლოგისტიკური პროვაიდერი.

„გვეამაყება, რომ ისეთი მაღალი დონის კომპანია, როგორიც HAVI ლოგისტიკია, საქართველოში იწყებს ოპერირებას. HAVI „მაკდონალდსის“ ქსელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში უწევს პარტნიორობას, 2020 წლიდან კი ამ რიცხვს საქართველოც უერთდება. კომპანიის უცხოელი წარმომადგენლები პირადად უხელმძღვანელებენ და წარმართავენ „მაკდონალდსის“ რესტორნების მომარაგების პროცესს, დანერგავენ უახლეს სტანდარტებს და უმაღლეს ხარისხს “, – აცხადებენ კომპანიაში.

HAVI ლოგისტიკი  წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც უზურნველყოფს წამყვანი ბრენდებისათვის ლოგისტიკურ მომსახურებას 100-ზე მეტ  ქვეყანაში. იგი დაფუძნებულია 1974 წელს და აერთიანებს 10 000 მდე დასაქმებულ ადამიანს.

„მაკდონალდს საქართველო“ მომსახურებით და ინოვაციების დანერგვის კუთხით ევროპაში გამორჩეულია. კომპანიამ უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა.  მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს „მაკდონალდსი“ მომსახურების მხრივ, ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

[R]

განხილვა