I’m lovin’ it – ეს ის სლოგანია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და მის ხსენებაზე ყველას „მაკდონალდსის” გემრიელი მენიუ გვახსენდება. ბურგერის ფუნთუშებში ჩაწყობილმა კატლეტმა, ყველმა და სოუსებმა, რომელსაც გარნირად კარტოფილი ფრი მოჰყვება, თავის დროზე გასტრონომიული რევოლუცია მოახდინა და მთელ მსოფლიოს ვირუსულად მოედო. ამ დროიდან დღემდე „მაკდონალდსი” არის ბრენდი მთელი ოჯახისთვის, ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, შეყვარებულებისთვისა და საქმიანი წახემსებისთვისაც კი.
როგორ შეძლო ბრენდმა ამხელა პოპულარობის მოპოვება და რატომ გვიყვარს ასე მაკდონალდსის არა მხოლოდ საკვები, არამედ მთელი ის აურა და ემოცია, რომელიც მისგან მოდის? დღეს მისი წარმატების ისტორიას მოგიყვებით…
ძმების მიერ დაწყებული საერთო ბიზნესი
ძმებმა – მაკ და დიკ მაკდონალდებმა 1940 წელს სწრაფი კვების სტენდი გახსნეს, რომელსაც მაინცდამაინც დიდი ცნობადობა არ მოუპოვებია. წარმატების მისაღწევად ძმებმა არაერთი ნაბიჯი გაიარეს.
პირველი ასეთი ნაბიჯი იყო სტენდიდან მანქანების დრაივზე გადასვლა, სადაც მომხმარებელს შეეძლო ფანჯრიდან აეღო თავისი შეკვეთა. გარდა ამისა, მათ დაიწყეს ხარჯებისა და ბიუჯეტის დათვლა ისე, რომ შეენარჩუნებინათ დაბალი ფასები მუდმივად კარგ პროდუქტზე. სიჩქარე, დაბალი ფასები და მისაღები მოცულობა – ეს იყო ძმებ მაკდონალდების კონცეფცია. 1954 წლისთვის მათ ლიცენზირებული ჰქონდათ ათი სხვა დრაივ-ინი, თუმცა თითოეულ მათგანს ხარვეზები ჰქონდა და გამართულად ვერ მუშაობდა. ამის მიუხედავად, ფანჯრებთან ხშირად ნახავდით რიგებს, სადაც ხალხი თავის შეკვეთას უცდიდა.
ახალი მოთამაშე
რეი კროკი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ შემთხვევით ჩაუარა მაკდონალდების დრაივ-ინს და იქ შეყრილი ხალხი შენიშნა. რეი კროკი იყო ადამიანი, რომელიც მეორე ადგილს არასოდეს სჯერდებოდა და გამოუსწორებელი მეოცნებე გახლდათ.
ის პირდაპირ მივიდა ძმებთან და მაკდონალდსის ფრანშიზას გახსნა შესთავაზა, რაზეც ძმებისგან თავაზიანი უარი მიიღო. მაკდონალდები კმაყოფილები იყვნენ იმ საქმიანობით, რომელსაც ეწეოდნენ, თუმცა რეი ასე ადვილად არ დანებდა.
მან ძმებს უთხრა, რომ დაეხმარებოდა ყველა ფილიალის გახსნაში, თავის თავზე აიღებდა ყველა მძიმე სამუშაოს და ძმებს მხოლოდ ჰონორარის აღება დაევალებოდათ იმ მოგებიდან, რომელსაც ის კომპანიას მოუტანდა. ეს ისეთი შემოთავაზება აღმოჩნდა, როგორზეც ძმები უკვე დათანხმდნენ და იმ დღეს მათ შორის კონტრაქტი გაფორმდა.
საუკეთესო კარტოფილი შტატში
პირველი მაღაზია რეისთან ერთად 1955 წელს ილინოისში გაიხსნა. ის თავდაუზოგავად შრომობდა, შეიძინა ფრანგული კარტოფილი ფრის შესაწვავი აპარატები, გრილი ბურგერებისთვის. მისმა კარტოფილმა მალე მოიპოვა აღიარება. ერთ-ერთმა მომწოდებელმა მას ასეთი რამეც კი უთხრა: „რეი, შენ ფიქრობ, რომ ბურგერების ბიზნესში ხარ, მაგრამ სინამდვილეში შენ გაქვს საუკეთესო კარტოფილი ფრი და სწორედ მისი წყალობით გადიხარ მოგებაზე”.
კროკი „მაკდონალდსის” მფლობელი ხდება
გახსნიდან ერთ წელიწადში კროკმა მოახერხა 11 ფრანშიზას გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ამ რიცხვს არ დასჯერდა და კვლავ განაგრძო გაფართოება. ამასთან, მან Franchise Realty Corporation დააარსა და ის მალე იქცა მაკდონალდსის მოგების ერთ-ერთ უდიდეს გენერატორად.
მიუხედავად წარმატებისა, კროკი უკმაყოფილო იყო ძმებ მაკდონალდებთან შეთანხმებით, რადგან ის შემოსავლის დაბალ პროცენტს იღებდა. 1961 წელს მან სთხოვა ძმებს, დაესახელებინათ მათი ფასი და 2,7 მილიონ დოლარად იყიდა კომპანია და სახელი.
ციფრები, რომლებსაც თვით რეი კროკიც ვერ წარმოიდგენდა
რეი კროკი 1984 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრენდის გუნდმა მის მიერ დასახული სტრატეგიის, გეგმისა და მიზნების განხორციელება გააგრძელა. იგივე მეთოდების გამოყენებით, რომლებიც კროკმა მოიპოვა, კომპანია აგრძელებს თავისი როლის შენარჩუნებას სწრაფი კვების სამყაროში. 2008 წელს მას სულ ცოტათი დააკლდა Subway-მდე და მთლიანი ლოკაციების რაოდენობის მიხედვით – 31,672-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. თითო მაღაზიაზე საშუალო გაყიდვებით მისი მოგებაა $2.2 მილიონი, მაკდონალდსი რჩება უდავო ლიდერად, სისტემის მასშტაბით 70 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვით. 2008 წლის მონაცემებით, ის ოცდაერთ მილიარდზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ეს არის ის ციფრები, რომელთა წარმოდგენაც ალბათ თით რეი კროკსაც კი არ შეეძლო.
ვინ დაძრა „მაკდონალდსი”?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა რეალურად რომ შევაფასოთ, ძმები მაკდონალდები რომ არა, არავინ იცის, რეი კროკი რას გააკეთებდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ასეთი პოტენციალის მქონე პიროვნება იპოვიდა რამე სხვა ბიზნესს ასაყვავებლად, ფაქტი ერთია, რომ ის სწორ დროს მოხვდა დრაივ-ინზე, სადაც ერთად მიქუჩებული ხალხი დაინახა და მიხვდა, რომ აქედან დიდი ბიზნესის აწყობა შეიძლებოდა.
მისი ღვაწლი და მონაწილეობა, ყოველი ნაბიჯი თუ სტრატეგია, რომელიც ამ ადამიანმა გადადგა და მოიფიქრა, შეუფასებელია ბრენდისთვის. ამიტომ შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ მაკდონალდებმა დაძრეს საქმე, ხოლო კროკს ეყო გამბედაობა და იდეები საიმისოდ, რომ მათი დაწყებული საქმე საერთაშორისო კორპორაციად გადაექცია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი