1970 წელს, როცა The Rolling Stones-მა, “Brown Sugar“ დაუკრა, ბენდი სცენიდან ლამის სტვენითა და უკმაყოფილო შეძახილებით გააცილეს. მიზეზი ის იყო, რომ სიმღერა იმ დროისთვის მსმენელს საერთოდ არ ჰქონდა მოსმენილი და ოფიციალურად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდოდა. კონცერტზე კი ხალხი უკვე ნაცნობ ჰიტებს ელოდა.
ეს ისტორია ახლა შეიძლება არც არავის გახსენებოდა, რომ არა McLaren-ის ახალი ბრენდის იდენტობის გარშემო ატეხილი რეაქცია. ცვლილებას სოციალურ ქსელებში საკმაოდ ხმაურიანი, უმეტესად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რაც, გარკვეულწილად, ირონიულია, რადგან McLaren-ის ისტორია სწორედ მუდმივ ცვლილებას, გაუმჯობესებასა და ახალი გზების ძიებას უკავშირდება.
60 წელზე მეტია, კომპანია ცდილობს ავტომობილები გახადოს უკეთესი, სწრაფი, მსუბუქი და ეფექტური; და ამას ხშირად უკვე გამორჩეული პროდუქტის კიდევ ერთხელ გადააზრებით აკეთებს.
მაინც რა შეცვალა McLaren-მა
McLaren-ის განახლებულ იდენტობაში შეიცვალა wordmark, რომელიც მაკლარენების ოჯახის მემკვიდრეობიდან მოდის, გაფართოვდა ფერთა პალიტრა და შეიქმნა საერთო ვიზუალური სისტემა Racing-ისა და Automotive-ის მიმართულებებისთვის. ამასთან, შენარჩუნდა ბრენდისთვის ნაცნობი Papaya-ს ფერი, Speedmark და kiwi-ს სიმბოლო.
McLaren-ის Instagram-სა და სოციალურ კონტენტში გამოჩნდა მინიმალისტური ტიპოგრაფია, ზედმიწევნით გათვლილი ფერები, დახვეწილი არტდირექტურა და ის ვიზუალური ენა, რომელსაც მოდის ბრენდები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ.
სოციალურ ქსელებში ამას „Chanel-იფიკაციაც“ კი უწოდეს. სხვებმა McLaren-ის ახალ ვიზუალურ იდენტობაში Marriott Bonvoy-სა და ამავე სახელწოდების სამშენებლო კომპანიასთან მსგავსებაც დაინახეს. ბრენდის ავტორის შეფასებით კი, ეს შედარებები განსაკუთრებით პრობლემურია ბრენდისთვის, რომელიც სწორედ გამორჩეულობისკენ ისწრაფვის.

McLaren-ის „Chanel-იფიკაცია“
უფრო ფართო ლუქსსეგმენტზე გადასვლას, კომერციული თვალსაზრისით, შეიძლება თავისი ლოგიკა ჰქონდეს, თუმცა, რადგან McLaren ისედაც ლუქსბრენდია, ახალი ვიზუალური მიმართულება აჩენს კითხვას: რამდენად გამოხატავს ეს ესთეტიკა იმ თვისებებს, რომლებმაც McLaren-ის ღირებულება თავდაპირველად შექმნა?
ახალი იდენტობის პარალელურად McLaren-მა რამდენიმე ნარატიული ფილმიც გამოუშვა, რომლებიც ვიზუალური ენის გამო ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა.
McLaren-მა საკუთარი “Brown Sugar“ უნდა შექმნას
სწორედ ამიტომ, ისევ ვუბრუნდებით The Rolling Stones-ის ისტორიას. 1970 წლისთვის ჯგუფს უკვე ჰქონდა ისეთი კატალოგი, რომლის საფუძველზეც თავისუფლად შეეძლო მთელი კარიერა ძველი ჰიტების შესრულებაში გაეტარებინა. ნაცვლად ამისა, ისინი ახალ მუსიკას ქმნიდნენ, რისკავდნენ მსმენელის რეაქციით და აგრძელებდნენ ექსპერიმენტებს. შედეგად, ახალი სიმღერებიც ჰიტებად იქცა.
დღეს, ახალი იდენტობის შემთხვევაში, ჯერ უცნობია, გახსნის თუ არა ახალი ბრენდინგი McLaren-ისთვის ახალ ბაზრებს, დააშორებს თუ არა არსებულ აუდიტორიას, თუ ორივე შედეგს ერთდროულად მოიტანს.
ამაზე პასუხს მხოლოდ დრო გაგვცემს.
ერთი რამ კი ნათელია: ბრენდის მემკვიდრეობა მაშინ არის ღირებული, როცა ის მომავლის შექმნაში გვეხმარება და არა მხოლოდ მაშინ, როცა წარსულის გამეორების საშუალებას გვაძლევს.












