10
Sep
2019

CENN-მა ივლისი-აგვისტოს თვეებში მწვანე ბანაკის ორ ნაკადს უმასპინძლა

10 Sep 2019

CENN–მა ევროკავშირისა და GWC-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 2019 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, მწვანე ბანაკის „წყალი და ადამიანის უფლებები“ ორ ნაკადს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით 52 მოსწავლე იღებდა. ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარების, ტოლერანტობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებას ადგილობრივ დონეზე. მწვანე ბანაკის საგანმანათლებლო მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WaSH), როგორც ადამიანის უფლება – მსოფლიოში და საქართველოში არსებული პრობლემები, გამოწვევები და გადაჭრის გზები;
  • წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა;
  • ადამიანის უფლებები და თანასწორობა;
  • ამბის თხრობა საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
  • მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs);
  • სოფლად განვითარების პერსპექტივები და სუფთა წყლის როლი მდგრადი სოფლის მეურნეობაში;
  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვა და სანიტარია, ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა;
  • ჰაერის დაბინძურება და სახელმწიფო პოლიტიკა;
  • ბიომრავალფეროვნება და ტყის მდგრადი მართვა;
  • საერთაშორისო განათლება – სხვა ქვეყნებში სწავლის შესაძლებლობები
  • მედიაწიგნიერება და პროპაგანდა, ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარება და კიბერუსაფრთხოება;
  • გარემოსდაცვითი პრობლემების ლობირება და ადვოკატირება;
  • გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება – თემის მობილიზება და ფონდების მოძიება.

“ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვენლოვანია. სწორედ ამიტომ, CENN უკვე 10 წელია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ბანაკების განმავლობაში, მონაწილეები სწავლობენ არა მხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებს, ასევე ივითარებენ მნიშვენლოვან უნარებს, რომელიც მათ ეხმარება, საკუთარ თემში დაბრუნების შემდეგ, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და იმუშაონ არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაზე”, – გიორგი ორკოდაშვილი, CENN

საგანმანათლებლო მოდული ასევე მოიცავდა ლიდერულ, გუნდურ და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს. მწვანე ბანაკის მონაწილეები ესტუმრნენ შპს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს და დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ფერმას. მწვანე ბანაკები “წყალი და ადამიანის უფლებები“ განხორციელდა პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში. პროექტების ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით. პროექტი: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება CENN–ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი: WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

[R]

განხილვა