26
Jul
2019

საქართველოში სტუდენტური პროგრამა – მწვანე ეკონომიკის სკოლა დაიწყო

26 Jul 2019

23 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამა — მწვანე ეკონომიკის სკოლა გაიხსნა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან. სკოლის ფარგლებში 20 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სამომავლოდ სკოლის ამოცანაზე მორგებულ ბიზნეს მოდელებს შექმნიან. აღნიშნული ამოცანის, ზოგადად სკოლისა და მწვანე ეკონომიკის შესახებ CENN-ის პროგრამის კოორდინატორ რეზო გეთიაშვილს გავესაუბრეთ:

M: სანამ მწვანე ეკონომიკის სკოლაზე გადავიდოდეთ, ჯერ მწვანე ეკონომიკის არსი განვმარტოთ..

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა და ინიცირება, რომლებიც ჭრიან გარემოსდაცვით პრობლემებს და ითვალისწინებენ გარემოსდაცვით რისკებს. ეს ტერმინი ერთგვარად ამეგობრებს ორ მიმართულებას: ეკონომიკასა და გარემოს. დღეს უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ გარემოს დაცვა შეუძლებელია, თუ მასში არ არის ეკონომიკური მიმართულება გამოყოფილი და, ასევე არ არის მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს.

M: რას გულისხმობს მწვანე ეკონომიკის სკოლა? 

მწვანე ეკონომიკის სკოლა არის ფართო დიაპაზონის მქონე ინიციატივა, რომელიც ახლახან ჩაისახა და ვითარდება ერთი კონკრეტული პროექტისა და ამ პროექტთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში. თვითონ სკოლა ფართო ფორმატისაა, თუმცა, დღეს იგი მიბმულია პროექტზე “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის”, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პროექტის არის სიღარიბის აღმოფხვრა ტყეების მდგრადი მართვით და შესაბამისად, ტყეებზე არსებული ზეწოლის შემცირება, რაც უკვე შეაჩერებს ტყეების დეგრადაციას და ზიანს, რომელიც დღეს მას ადგება.

M: მწვანე ეკონომიკის სკოლის წლევანდელი ამოცანა რა იქნება?

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა ამ სკოლისთვის – ტყის მერქნული, არამერქნული და ტურისტული რესურსებით სარგებლობის ბიზნესმოდელების შემუშავება, რომელიც იქნება გათვლილი როგორც საოჯახო ფერმერულ მეურნეობაზე, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესებზე. ჩვენთვის მთავარია, სოფლის განვითარებაში თავისი როლი ითამაშოს ბუნებრივმა რესურსებმა – კონკრეტულად, ტყეებმა და მან მისცეს შემოსავალი ადგილობრივ მოსახლეობას.

M: რატომ გადაწყვიტეთ ამ ამოცანაზე მუშაობა?

აქამდე, სამწუხაროდ, ეს მიმართულება ნაკლებად დაფინანსებული იყო – მას არ ექცეოდა შესაბამისი ყურადღება, მაგრამ ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ არსებობდა მოდელები და ცოდნა, ხელშემწყობი გარემო – არც საკანონმდებლო და არც ინსტიტუციური. შესაბამისად, აუცილებელი იყო ამ მხრივ ცვლილებების გამოწვევა.. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ეს მოდელები.

M: როგორ შეირჩნენ ის აპლიკანტები, რომლებიც ამ მოდელებს შექმნიან?

დავუკავშირდით ბიზნესის ფაკულტეტებს, ყველაფერ ამას მივეცით საგანმანათლებლო ხასიათი. ჩავატარეთ შესარჩევი ეტაპი –  ვითანამშრომლეთ ექვს უნივერსიტეტთან: როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. მომზადდა სააპლიკაციო ფორმა, ჩატარდა ღია კარის დღეები ამ უნივერსიტეტებში, რომლის ფარგლებშიც მათ მიეწოდათ სრული ინფორმაცია. შემოვიდა სამოცამდე აპლიკაცია და კომისიამ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია ოცი საუკეთესო.

M: როგორი განვითარება მოჰყვა ამ ყველაფერს? 

შემდეგ უკვე მათ მიეწოდათ 25 კონცეფცია – სტარტაპები, რომელთა ნაწილი მომზადდა CENN-ის მიერ. აღნიშნული სტარტაპები კი შეირჩა ამგვარად: ACT-თან ერთად შევისწავლეთ ოთხი რეგიონის: აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ადგილობრივი ტრადიციები. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო ფოკუს-ჯგუფები, გამოიკითხა 800-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ვიპოვეთ ადგილობრივი მეწარმეები, მსხვილი კომპანიები, რომლებიც უკვე ბაზარზე არიან და მოვიწვიეთ ისინი. ზემოთ ხსენებული სტარტაპები სწორედ ამ პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციებიდან წამოვიდა. სტუდენტებმა ამ ოცდახუთი სტარტაპიდან თავიანთი მოსაზრებით შეარჩიეს 11 და შექმნეს 10 გუნდი. შემიძლია ვთქვა, რომ სწორად და საინტერესოდ შეარჩიეს სტუდენტებმა ეს სტარტაპები და მწვანე ეკონომიკის სკოლის მოდელმა მგონი რომ გაამართლა..

M: უახლოეს მომავალში რა გეგმები აქვს სკოლას და სტუდენტებს? 

გუნდებად დაყოფილი სტუდენტები მალე წავლენ ამ რეგიონებში, შეისწავლიან ამ ადგილებს და ჩაატარებენ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც საჭიროა ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად – ანუ იმ სტარტაპ კონცეფციებს ისინი აქ აქცევენ ბიზნეს გეგმებად. დაახლოებით თვენახევარში ჩვენ უკვე გვექნება ეს ბიზნეს გეგმები. სექტემბერში გვექნება შეხვედრა ამ ბიზნეს მოდელების განსახილველად, სადაც სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს სტუმრები იქნებიან მოწვეულები. 11 ბიზნეს მოდელიდან შეირჩევა 4 საუკეთესო, რომლებზეც შემდგომ უკვე სტუდენტები ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ და დაიწყება ამ გეგმების რეალურ პროექტებად მომზადება. იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდებთან თანამშრომლობა წლები გაგრძელდება. რაც მთავარია, სტუდენტებს საავტორო უფლებები გაჰყვებათ ბოლომდე.

M: ოდნავ უფრო შორეულ პერსპექტივაში რა გეგმები გაქვთ?

გვაქვს იმედი, რომ მომავალ წელს უკვე სხვა თემატიკით შევარჩევთ ახალ გუნდებს, მწვანე ეკონომიკის სკოლა მიიღებს სტაბილურ ხასიათს და დაფარავს სხვა მიმართულებებსაც.

[R]

განხილვა