ფერებზე ძალიან ბევრი რამ კი შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მდგრადი დიზაინის შექმნისას? ფერთა სიმბოლიკას უნდა მივყვეთ თუ ტრენდებს, რომლებიც ობიექტის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს? შესაძლოა, გამოსავალი ფერების ფიზიკურ და სენსორულ ეფექტებთან მუშაობაც იყოს… ამიტომ, მოდით, ამ კითხვებზე ვიპოვოთ პასუხები.
სენსორულად ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, მუქი ფერები ნაკლებად მასშტაბურად ჩათვალონ, ვიდრე ნათელი ფერები — თეთრი ოთახი უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მუქი ლურჯი. შავი ფერი გამხდარს გვაჩენსო, ალბათ, ესეც გაგიგიათ, ეს კი იმიტომ, რომ ჩვენი მზერა ფერის დეკოდირებას სწორედ ამ გზით ახდენს. ხოლო ლურჯი და ცისფერი ცივ ფერებად თუ მიიჩნევა, წითელი თბილ ფერად გვევლინება.
მრავალი ესთეტიკური პრინციპიც არსებობს, რომლებიც ფერთა სიმბოლიკას მისდევს, აი, მაგალითად წითელი სიყვარულის ფერია, მწვანე კი იმედის… თუმცა ეს ყველაფერი თანამედროვეობის მოტანილი არ გეგონოთ, ფერების მიმართ ტრენდებსა თუ კულტურაზე დაფუძნებულმა მიდგომამ ისეთი მოაზროვნეები და ხელოვანებიც კი დააინტერესა, როგორებიც გოეთე და იოჰანეს იტენია.
ესთეტიკის ძირითადი უნივერსალური პრინციპები დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ზემოქმედებს განსხვავებული ფერები ადამიანთა გრძნობებზე და როგორ ვქმნით ჰარმონიულ კომპოზიციებს, რომლებზეც გავლენა არ აქვს ტრენდებს, კულტურასა თუ სიმბოლიკას.
The Art of Color: The Subjective Experience and Objective Rationale of Color 1961 წლის ნაშრომში იტენი ფერთა ჰარმონიებისა და კონტასტების სახელმძღვანელოს წესებს გვთავაზობს. მისთვის ჰარმონია წონასწორობასა და სიმეტრიულ კომპოზიციებში იმალება, რადგან როგორც ამბობს, თვალი ყოველთვის ეძებს სიმეტრიას და როცა ამას ფერთა კონტრასტიც ემატება, ჰარმონიის განცდას ბადებს, რაც უკვე სასიამოვნო ხდება.
ჰარმონიული კონტრასტი თვალს მშვიდ გამოცდილებას სთავაზობს, რადგან სამივე ძირითადი ფერი წარმოდგენილია (წითელი, ყვითელი და ლურჯი) და ადამიანებიც სამივე ფერის არსებობას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, თუ მწვანე წრეს დიდხანს უყურებთ, შემდეგ კი მზერას თეთრი ზედაპირისკენ გადაიტანთ, წითელ წრეს დაინახავთ — ამ პროცესს იტენმა ერთდროული კონტრასტის ილუზია უწოდა. თუმცა ეს მხოლოდ ორია იმ შვიდ ფერთა კონტრასტიდან, რომლებიც განსხვავებული ჰარმონიების შექმნაში გვეხმარება.
რაც შეეხება დანარჩენს, ესენია ტონალობათა კონტრასტი, ღია-მუქი, ცივი-თბილი, სატურაციისა თუ გაფართოების კონტრასტები. იტენის თქმით, ჩვენ რაღაცებს სწორედ შედარებებით აღვიქვამთ, შესაბამისად, განსხვავებულმა კონტრასტმა ჩვენს გრძნობებზეც განსხვავებულადვე შეიძლება, იმოქმედოს. ეს ყველაფერი კი გოეთეს ფერთა თეორიას ეფუძნება…
მოკლედ რომ გითხრათ, მათ ასოციაციები კი არა, არამედ ის აინტერესებთ, თუ როგორ მოქმედებს ფერები და მათი წონა, კომბინაციები თუ კონტრასტები ჩვენს სხეულსა და გონებაზე, ამასთან, რა გრძნობებს იწვევს ჩვენ ირგვლივ არსებული ტონები. შესაბამისად, ეს მიდგომა კულტურულად სპეციფიკურ სიმბოლურ ღირებულებებსაც აიგნორებს, რომლებიც ცვლადია და ადამიანთა ფერების უნივერსალურ გამოცდილებასაც ეწინააღმდეგება… გამოდის, მდგრადი დიზაინის შექმნის გასაღებიც სწორედ აქ იმალება…