თითქოს, დღეს სამყარო ზრდის იდეოლოგითაა შეპყრობილი. ჩვენ ვქმნით ბრენდებს, რათა გაიზარდონ და ამ პროცესში თავადვე ვგრძნობთ თავს დაცულად. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ზრდის ტვირთის ზიდვას ყოველთვის ვერ მოვახერხებთ და ამას სიზიფეს მითსაც კი ადარებენ…
რა როლი ენიჭება ბრენდინგს ამ გარემოში?
წლების მანძილზე ამ მდგომარეობას ბრენდინგი ეწინააღმდეგებოდა, 20 წლის წინ კი აქ სტრატეგიები შემდეგნაირად ყალიბდებოდა: „ჰიპერკონკურენტულ და მომარაგებით გაჯერებულ სამყაროში მხოლოდ ჩემი ბრენდი სთავაზობს უნიკალურ სარგებელს მომხმარებლებს“ — ეს გვეუბნება, რომ მსოფლიოში უკმაყოფილო მომხმარებლები არიან და მათი ყურადღების მისაპყრობად საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ექსპერტთა აზრით, ეს სისტემის ლოგიკას ეჭვქვეშ ნამდვილად არ აყენებს და უბრალოდ ყველაზე მოგებიანი პროექტების ზრდისკენ ისწრაფვის.
ბრენდინგი იმეორებს იმ სტატუს-კვოს, რომელსაც დიდი ხანია არამდგრადად ვიცნობთ
ჩვენ იმ შედეგების სისტემაში ვცხოვრობთ, რომელიც ზრდისა და უკმაყოფილების ლოგიკას ეფუძნება. ამაზე ციფრებიც მოწმობს — 2007 წლის შემდეგ, რაც სტივ ჯობსმა iPhone გამოუშვა, Apple-მა მილიონობით ტელეფონი გაყიდა, მაგრამ ეს არასდროსაა საკმარისი. ბრენდის ზრდა მიჰყვება ტექნოლოგიებს, რომლებსაც უკვე საუკუნის „მეორე პანდემია“ უწოდეს. ამასთან, კონკრეტული სექტორი არასამართლიანი შრომის პრაქტიკითა და დიდი ოდენობით ელექტრონული ნარჩენების გამოწვევით არის ცნობილი.
ის, რაც მსოფლიოს სჭირდება მდგრადობაა
ექსპერტთა აზრით, ახალი მითების, უკეთესი ამბებისა და მეტად მკვეთრი ხედვის განვითარების დროა. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კოლაფსის დინამიკის გააზრება. უკეთესი ცხოვრებისთვის სოციალური პროგრესის ახალი ხედვა გვჭირდება, რომელიც იმაზე უკეთესია, ვიდრე ზრდის მითში არსებული. ჩვენ გვჭირდება ის, რაც იაზრებს, რომ ზრდის დასასრული პროგრესის ან ბრენდების დასასრულს არ გულისხმობს.
მდგრადობა მოხალისეობრივი გადასვლაა სამართლიან და ეკოლოგიურად მდგრად საზოგადოებაზე, რაც სიღრმისეულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციასაც გულისხმობს. ეს ეწინააღმდეგება ლოგიკას, რომ მეტი ყოველთვის უკეთესია. ვიცით, რომ გადავაჭარბეთ იმ ლიმიტებს, რომლებიც დედამიწას შეუძლია, შემოგვთავაზოს…
გამოდის, მდგრადობა ღირებულებების ცვლილებასაც გულისხმობს და წარმატების ახალ მნიშვნელობას გვთავაზობს. უფრო მეტი ფულის დაგროვების ნაცვლად, მიზანი მეტად ჯანსაღი სოციალური კავშირების შექმნაა, რათა მივიდეთ საზოგადოებამდე, რომელშიც ეკონომიკა სტაბილურია, შემოსავლები ლიმიტირებული, სერვისები უნივერსალური, სამუშაო დრო შემცირებული და ა. შ. ტერმინი Degrowth (ამ შემთხვევაში მდგრადობა) ხომ სწორედ იმ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, რომლის დროსაც მიღებული ეკონომიკური სიმდიდრე არც იზრდება და არც მცირდება.
წინსვლა მდგრადობით
საკმაოდ სიღრმისეული და დემოკრატიული დიალოგებია საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის მართლა საჭირო. თუმცა ამასობაში, რამდენიმე ცვლილებასაც შემოგთავაზებთ, რომლებიც მდგრადობისკენ სვლაში დაგეხმარებათ:
- ის ბრენდები განავითარეთ, რომლებსაც მაღალი ღირებულება აქვთ და მხოლოდ მოგებასა თუ მაღალ ROI-ს არ გთავაზობთ. დაიწყეთ უნივერსალური და შეუცვლელი ძირითადი ადამიანური საჭიროებებით;
- სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ეცადოთ ჭარბი რაღაცებით, რათა არასაჭირო ნარჩენებისგან თავის არიდება შეძლოთ;
- შექმენით გამძლე, ფუნქციური და ლამაზი დიზაინი;
- ერთჯერადი პროდუქტების ნაცვლად, ხელი შეუწყვეთ კომპანიაში ნივთების შეკეთების კულტურას;
- გაზარდეთ მეორეული ბრენდების ღირებულება.
მდგრადი ბრენდები თანამშრომლობენ და არ ეჯიბრებიან ერთმანეთს — ისინი მოკავშირეები არიან საერთო მიზნით, რათა სამყაროზე გრძელვადიანი სასარგებლო გავლენა ჰქონდეთ. აქ გამოწვევა მხოლოდ ადამიანების დარწმუნებაა იმაში, რომ ნაკლები, მხოლოდ საჭირო რაღაცები იყიდონ…
წყარო: BrandingMag