in

მძლეოსნობა ოლიმპიურ თამაშებზე

მძლეოსნობა ოლიმპიადებზე პირველად 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამოჩნდა და მას მერე ყველა თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი. თავდაპირველად, ტურნირში მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ, 1928 წელს ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში გამართული ოლიმპიადიდან მოყოლებული კი მასში ქალებიც ჩაერთვნენ.

1956 წლიდან დაწყებული, როდესაც ოლიმპიურ თამაშებს 20 კილომეტრზე სპორტული სიარულის დისციპლინა დაემატა, კაცთა პროგრამაში ერთადერთი ცვლილება მოხდა: 1976 წელს შეჯიბრი უკვე 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში შედგა.დისციპლინათა მაქსიმალური რაოდენობა, სადაც კი მედლები გათამაშებულა, 52-ს შეადგენს.

მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი აშშ-ს ჰყავს, რომლის წარმომადგენლებსაც ოლიმპიადებზე 334 ოქროს, 259 ვერცხლისა და 204 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული, შემდეგ კი ყოფილი საბჭოთა კავშირი (64, 55, 74) და დიდი ბრიტანეთი (55, 80, 70) მოდიან. რეკორდი მძლეოსნობაში, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო, სწორედ ამერიკელ ბობ ბიმონს ეკუთვნის: ის 1968 წლის ოლიმპიადაზე 8.90 მეტრზე გადახტა და ეს დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება. 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 8 რეკორდი დამყარდა: 5 კაცებში და 3 ქალებში.

ტოკიოს ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში შეჯიბრი 30 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება და სულ მედლების 48 კომპლექტი გათამაშდება – 24 კაცებში, 23 ქალებში და ერთიც შერეული. საერთო დისციპლინებია: სირბილი 100, 200, 400, 800 1 500, 5 000 და 10 000 მეტრზე, თარჯრბენი 110 და 400 მეტრზე, სტიპლჩეიზი 3 000 მეტრზე, მარათონი, სპორტული სიარული 20 კმ-ზე, სიგრძეზე ხტომა, ჭოკით ხტომა, ბირთვის კვრა, ბადროს ტყორცნა, უროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა, ესტაფეტა 4X100 მეტრზე და ესტაფეტა 4X400 მეტრზე.
ამას დამატებული, კაცებში ვლინდება გამარჯვებული 50 კმ-ზე სპორტულ სიარულსა და ათჭიდში, ხოლო ქალებში – შვიდჭიდში. ერთიც შერეული დისციპლინაა: ესტაფეტა 4X400 მეტრზე. მძლეოსნობაში ოლიმპიურ ტურნირს იაპონიის ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც ჯერ კიდევ 1964 წლის ოლიმპიადა მიიღო, მისი სრული რეაბილიტაცია კი 2019 წლის დეკემბერში მოხდა.

მძლეოსნობა საქართველოში

საქართველოში პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ედგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. მალევე სტარტი აიღო ტრადიციულმა შეხვედრებმა თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის. მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა 1922 წლიდან დაიწყო, საქართველოს პირველი რეკორდსმენი კი ბორის დიაჩკოვი იყო, რომელმაც 100 მეტრი 12.4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს იმავე დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა და გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (348.5 სმ), 1939 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49.11 მ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა.

მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე და ტარიელ ბიწაძე.

ისტორიული მნიშვნელობის იყო 1960 წელს რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს ჯონ თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამმხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ.) – სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს 5 წარმომადგენელი ყავს, თუმცა, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული სამწუხარო ტრადიციის თანახმად, მათ მედლებისთვის ბრძოლის რეალური შანსი არ ეძლევათ. ოლიმპიურ თამაშებში 30 ივლისს პირველი ბირთვის მკვრელი სოფიკო შათირიშვილი ჩაებმება, შემდეგ კი საქმეში ბაჩანა ხორავას, გიორგი მუჯარიძეს, ბენიკ აბრამიანსა და ლაშა ღულელაურს ვიხილავთ.

ქართველი მძლეოსნების განრიგი

30 ივლისი: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
31 ივლისი: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). კვალიფიკაცია
1 აგვისტო: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). ფინალი
2 აგვისტო: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). ფინალი
3 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ლაშა ღულელაური (სამხტომი). კვალიფიკაცია და ფინალი
5 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). ფინალი
5 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). ფინალი

„ყველა დროის საუკეთესო პორნო არა PornHub-ზე, არამედ – მუზეუმშია“

SEU-მ და SEU DEVELOPMENT-მა, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს