ვიზუალურ ხელოვნებაში პლაკატი საინფორმაციო-სარეკლამო საშუალებაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში უდიდესი ადგილი უკავია — დაწყებული მე-19 საუკუნიდან, გაგრძელებული ახლა, ციფრულ ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა რეალობამ ბევრი „ტრადიციული“ ფორმა გააქრო დროსთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ვერ თავსებადობის გამო, პლაკატი/პოსტერი კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას.
ხშირად ამბობენ, რომ ხელოვნება დროის სარკეა და ეს ასეცაა, უბრალოდ, კონკრეტულად პლაკატები განსაკუთრებით ითავსებს ამ როლს, რადგან საზოგადოებაში არსებულ რეალურ პრობლემებს მიესადაგება. ყველასთვის ხელშესახები და თითქმის ერთნაირად ნაცნობია… მაგალითად, თუ ხელოვნების ნიმუშების სანახავად მუზეუმებსა და გალერეებს უნდა ვეწვიოთ, პლაკატები ქუჩებშია გამოფენილი, თანაც არა თუ ერთი, არამედ ბევრი. და როგორც ენდი უორჰოლი ამბობდა, პოპ-არტის მთელი ხიბლიც ამ ხელშესახებობაშია, როდესაც ხელოვნება არა თუ განყენებულია ხალხისგან, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის გვერდით თანაარსებობს.
თუმცა დღეს არც ენდიზე ვისაუბრებთ და არც ამერიკულ რეალობაზე — სანაცვლოდ, მე-20 საუკუნის საქართველოს პლაკატებს შევეხებით, რომლებიც განვლილი პერიოდის სარკედ გვექცა. თითოეულ მათგანში იგრძნობა ის იდეები, რომლებზეც იმდროინდელი საზოგადოება იდგა, მოწოდებებით, გაფრთხილებებითა და, ამ გადმოსახედიდან, ერთგვარად სახალისო ვიზუალური გამოხატულებებითაც.
თეატრის აფიშებით დაწყებული, გზებზე წესების დაცვის მოწოდებებითა და ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვით დასრულებული, მე-20 საუკუნის პლაკატების ნაწილი ვიზუალურად საინტერესო გადაწყვეტებს მოიცავს — როგორც გამოსახულებების, ისე ფონტის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ზოგიერთი საბჭოეთის პერიოდს განეკუთვნება და შესაბამისად, პროპაგანდისტულ ხასიათსაც ატარებდა, როგორც „სანიმუშო მოქალაქის“ ხატი.
რა თქმა უნდა, სიგარეტთან ერთად, ალკოჰოლის საწინააღმდეგო პლაკატებსაც შევხვდებოდით. და როგორც იმ დროს შეეფერებოდა, ამ ნარატივსაც „ბრძოლის ხასიათი“ გასდევდა, როგორც მანკიერი ჩვევის წინააღმდეგ წასვლა. ალტერნატივად კი დაბალაკოჰოლურ სასმელებს უწევდნენ პოპულარიზაციას — მაგალითად, „მცირე ალკოჰოლიანი შუშხუნა სასმელი თბილისი“.
ამას მოსდევდა გზის წესების დაცვისკენ მოწოდება:
თურმე, ცეცხლისაც ძალიან ეშინოდათ:
უკვე 1996-97 წლებში ასეთი პლაკატიც იხილა საზოგადოებამ, როცა პროპაგანდისტული მოწოდებების ნაცვლად რეკლამის ხასიათმა წამოიწია წინ. როგორც ჩანს, ბორჯომის შემთხვევაში ბევრი ცდილობდა ბოთლის გაყალბებას და ბრენდის სახელით პოზიციონირებას, რასაც შესაბამისად გამოეხმაურნენ.
დაბოლოს ამით დავასრულოთ იმის ნიშნად, რომ დროთა განმავლობაში საბჭოთა პერიოდის გავლენები სრულად ჩამოშორდა სფეროს და პლაკატების ვიზუალური თუ შინაარსობრივი ნაწილის გადააზრება დავიწყეთ და პლაკატმა გაცილებით თავისუფალი საზღვრები შეიძინა.
*ფოტოები აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის გაციფრულებული არქივიდან.
ავტორი: ქეთია ბელქანია