6
Feb
2017

ME – ქართული სამოსი, რომელიც ელეგანტურობისა და კომფორტის მოყვარულებისთვის იქმნება

6 Feb 2017

Startauperi
Startauperi


მარიკა ჭანტურია

 “ME“ ახალი ქართული სამოსის ბრენდია, რომელიც ერთი წელია, ბაზარზე გამოჩნდა და ქართული მოდის ინდუსტრიაში, განსხვავებული, ფერადი, ელეგანტური და ამავდროულად, პრაქტიკული სტილით ცდილობს თავის დამკვიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება ლათინური ასოებით იწერება, გამოითქმის, როგორც „მე“. მარკეტერი ესაუბრა მის შემქმნელს, მარიკა ჭანტურიას, მოდის დიზაინერს, თბილისის მოდის კვირეული 2016-ის — “New Commers-ის“ ერთ-ერთ გამარჯვებულს იმაზე, თუ სად იქმნება და რას სთავაზობს მომხმარებელს “ME“, ვისთვის არის განკუთვნილი სამოსი და სად შეიძლება შეძენა. 

M: მარიკა, მოგვიყევი შენზე, რა გამოცდილებით გამოჩნდი ქართული მოდის ინდუსტრიაში?
კერვა 10-11 წლიდან დავიწყე, ვქსოვ და ტყავზე ვმუშაობ. სამხატვრო აკადემიის გარდა, ვსწავლობდი შერვაშიძის კოლეჯში, შემდეგ თათა ვარდანაშვილის საავტორო პროფესიულ სასწავლებელში, სადაც ტანსაცმლის ტექნოლოგიური დამუშავება და კონსტრუირება ვისწავლე. სწავლის დასრულების შემდეგ უკვე თვითონ ვასწავლიდი კერვის ტექნოლოგიას, იმავე სასწავლებელში.


M: რას უკავშირდება ბრენდის სახელი, რატომ “ME“?

მიყვარს ელეგანტურობა, სიმარტივე და პრაქტიკულობა. შევეცადე, ეს ბრენდის სახელში გამომეხატა.

M: რას გვთავაზობს “ME“ და სად შეიძლება სამოსის შეძენა?
“ME“ გთავაზობთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სრულ ასორტიმენტს, რასაც კოსტიუმი მოიცავს. ამ ეტაპზე, ჩემი ნამუშევრები co-mode+-სა და ინტერნეტმაღაზიებში იყიდება.

ფოტო: co-mode+, მოსაცმელი: ME

M: ვინ არიან “ME-ს“ მომხმარებლები და შენ რა სეგმენტისთვის გქონდა განსაზღვრული?
ჩემი თაობის ადამიანები, რომლებიც თვალს ადევნებენ მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ამავდროულად, აფასებენ პრაქტიკულობასა და კომფორტს. ვცდილობ, ფასები ხელმისაწვდომი იყოს, რომ ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს შეძენა.

M: სად არის შენი სამუშაო სივრცე?
ჯერჯერობით, სახლში ვმუშაობ, მაგრამ წელს უკვე ვაპირებ საკუთარი სალონის გახსნას.

M: რა ხელსაწყოები გჭირდება სამოსის შესაქმნელად?
სამკერვალო ნივთების გარდა ხშირად ვიყენებ ჩაქუჩსა და მეტალის სხვადასხვა ინსტრუმენტს.

M: უფრო მეტად, რაზე მუშაობა გსიამოვნებს?
ძალიან მიყვარს საპატარძლო კაბების შექმნა, რადგან ისინი განსაკუთრებული დღისთვისაა განკუთვნილი.

M: რა მასალისგან მზადდება შენი სამოსი?
მასალა ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ბუნებრივი ქსოვილებით ვიმუშაო, თუმცა სხვა მასალებსაც ვიყენებ, საჭიროების მიხედვით, ფეხსაცმელში – მხოლოდ ნატურალურს.

M: რატომ უნდა შევიძინოთ “ME“?
დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ იმაში, რომ სამოსი საინტერესოსთან ერთად იყოს ხარისხიანი და კომფორტული. მე თვითონ ვქმნი თითოეულ მოდელს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დეტალებს, მათს დამუშავებას. ბაზარზე ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს. გარკვეულწილად, ეს არის ექსპერიმენტებისა და ძიების ეტაპი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი შემოქმედების ძირითადი მიმართულება არის თანამედროვე, პრაქტიკული ადამიანებისთვის ელეგანტური სამოსის შექმნა.

 

 

განხილვა