12
Dec
2016

მე რომ რეკრუტერი ვიყო – მედეა ტაბატაძე

12 Dec 2016

სამსახურის ძიების პროცესზე ხშირად ვწერთ და ვსაუბრობთ,  რეკრუტერის სამუშაოებიც ყველასათვის ცნობილია. ვაკანსიაზე მუშაობის პროცესში, რეკრუტერს უამრავი CV- ს ნახვა და საუკეთესოს შერჩევა უწევს. ჩვენ არ დაგვითვლია, თუმცა ამბობენ, რომ რეკრუტერი ერთი CV -ს გაცნობას, საშუალოდ, 6 წამს ანდომებს, რადგან ნებისმიერ ვაკანსიაზე დაინტერესება მაღალია, რეკრუტერს უამრავი ინფორმაციის გაცნობა უწევს.  ფაქტიურად სურვილი მოვხვდეთ შერჩეული კანდიდატების სიაში, ჩვენს მხარესაა და ჩვენი გასაკეთებლია.

უამრავი რჩევა არსებობს, თუ როგორ შევქმნათ ისეთი CV, რომელიც 6 წამში რეკრუტერის ყურადღებას მიიპყრობს. თუმცა, აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი მარტივი მეთოდი, რომელიც ჩვენ ვცადეთ და ვფიქრობთ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

CV

ვინაიდან, ყველა ვაკანსიაზე რეკრუტერები CV -ს გაგზავნას გვთხოვენ, ვიდრე ელექტრონულ ფოსტას მივამაგრებთ ჩვენს CV- ს და send ღილაკს მივმართავთ, ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს -“მე რომ კომპანიის რეკრუტერი ვიყო, იქნებოდა ეს CV საინტერესო და მომეწონებოდა? “ თუ ამ კითხვას გულწრფელად ვუპასუხებთ, აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ CV -ს, აუცილებლად ვიპოვით “რაღაცას” შესაცვლელს, შევცვლით და მერე გავაგზავნით რეკრუტერთან.

ინტერვიუ

ძალიან კარგად ვიცით, თანამშრომლის შერჩევა გასაუბრების გარეშე არ ხდება. ამ საკითხზეც უამრავი რჩევაა ინტერნეტის “ტალღებში” და მეგობრების რჩევებსაც ხშირად ვითვალისწინებთ. სამწუხაროა, რომ ინტერვიუსთვის მომზადება ქაოტურად ან საერთოდ არ ხდება. ეს კი ჩვენს ინტერვიუს ხარვეზიანს ხდის. ვიდრე გასაუბრებაზე მივალთ, აქაც შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს- “მე რომ რეკრუტერი ვიყო, მომეწონებოდა თუ არა კანდიდატი, ვინც არ იცის როგორ ისაუბროს საკუთარ შედეგებზე, საკუთარ თავზე  და თუნდაც იმაზე, თუ რატომ უნდა სამსახური?” არ დაგვავიწყდეს, სამუშაოს მაძიებლების მესიჯები თითქმის მსგავსია: “დავამთავრე უნივერსიტეტი”, “დავიწყე მუშაობა”,”ვიმუშავე”, “ამოვწურე” “მინდა განვითარება”… ხოდა, თუ გინდათ გახდეთ კომპანიის წევრი, თქვენ რომ რეკრუტერი იყოთ, კიდევ ასეთი მსგავსი პასუხი მოგეწონებოდათ? მგონი არა… მეგობრებისგან რჩევის მიღების გარდა, უმჯობესია კარგად გავიაზროთ, რატომ ვართ კარგი, საინტერესო და საჭირო კომპანიისთვის და ჩვენ რატომ ან რისთვის გვჭირდება კომპანიაში მუშაობა.

კიდევ ერთი, როდესაც რეკრუტერი გვეკითხება “რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?” ამაზეც შაბლონურს პასუხებს ვცემთ : “წარმატებული კომპანიაა”, “საინტერესო სამუშაოა”, “ბევრს ვისწავლი და განვვითარდები”. მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ მსგავსი პასუხები ძალიან ზოგადია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ  “მე რომ რეკრუტერი ვიყო, ეს პასუხები საინტერესო იქნებოდა?”; ხომ არ  მირჩევნია კანდიდატმა მიამბოს ჩვენს კომპანიაზე უფრო მეტი  და თან, რეალურად მეტი (მაგალითად : ჩვენი კომპანიის რომელიმე პროექტი, პროდუქტი, სერვისი და სხვ)?  ცხადია, უკეთესია, როდესაც კომპანიის წარმატებებულ ან საინტერესო პროექტზე ვსაუბრობთ, ვიდრე იმაზე “რომ კომპანია წარმატებულია”. რეალური ინფორმაცია  რეკრუტერს ნამდვილად უდასტურებს, რომ ჩვენ გვინდა მათთან მუშაობა.

სატელეფონო ზარი

კიდევ ერთი საინტერესო რჩევა – ინტერვიუზე ან შერჩევის რომელიმე პროცესზე მიწვევა სატელეფონო ზარით ხდება. თუ CV- ს ვაგზავნით, უკეთესია ერთი ტელეფონის ნომრის მითითება და შემდეგ, ტელეფონთან ყურადღებით ყოფნა. თქვენ რომ რეკრუტერი იყოთ, მოგეწონებათ ბევრი missed call კანდიდატთან? თქვენ რომ რეკრუტერი იყოთ, მოგეწონებათ ზარზე კანდიდატის პასუხი “რომელი კომპანიიდან მირეკავთ, ბევრგან გავაგზავნე cv?”. მგონი არა..

და თუ გადაიფიქრეთ…

ერთი საინტერესო ქცევა – როდესაც სამუშაოს აქტიურად ვეძებთ, ბევრ ვაკანსიაზე ვაგზავნით CV- ს. ვინაიდან რეკრუტინგი ხანგრძლივი პროცესია (არ სრულდება არც ორ კვირაში და არც სამში) და რომელიმე ვაკანსიისადმი აღარ გვაქვს ინტერესი, კიდევ ერთი კითხვაა- “მე რომ რეკრუტერი ვიყო, მომეწონება კანდიდატმა მიპასუხოს, აღარ მაინტერესებს თქვენი ვაკანსია?” არა, არ მოგვეწონება და აუცილებლად ნეგატიურ კომენტარებს მივაყოლებთ ზარის ადრესატს. ვინაიდან “მსოფლიო ძალიან პატარაა” და რეკომენდაციებს ხშირად ვკითხულობთ, კარგ  შეფასებას და პატივისცემასაც დავიმსახურებთ, თუკი კომპანიის რეკრუტერს დავურეკავთ ან მივწერთ, რომ ჩვენი გეგმები შეიცვალა და ვეღარ მივიღებთ კომპანიის მიერ გამოცხადებულ პროცესში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, საპასუხო მეილს მალევე მივიღებთ, რომელიც ასე დასრულდება “გმადლობთ რომ შეგვატყობინეთ, გისურვებთ წარმატებებს და იმედს ვიტოვებთ, მომავალში შედგება ჩვენი თანამშრომლობა”

მოკლედ, ჩვენ რომ რეკრუტერები ვიყოთ, სხვანაირად  დავინახავდით რას ვაკეთებთ არასწორად. იქნებ ვცადოთ, რეკრუტერის თვალით შევხედოთ ჩვენს ქმედებებს და რაღაცას აუცილებლად შევცვლით.

წარმატებებს გისურვებთ!

განხილვა