in

„მოულოდნელობის ეფექტი“ ანუ როგორ შეიქმნა PSP-ის სარვამარტო კამპანია

8 მარტთან დაკავშირებით, ინტერნეტ სივრცეში PSP-ის ვიდეორგოლი გამოჩნდა. ვიდეორგოლზე კრეატიულმა სააგენტო Playmakers-მა და ფროდაქშენ კომპანია „ენკენი ფილმსმა“ იმუშავეს. სიუჟეტის მთავარი გმირი და მთხრობელი არის გოგო, რომელიც თავის წარმოსახვით ცხოვრებაზე გვიყვება და მაყურებელს უზიარებს მოგონებებს, რომლებიც საყვარელ ადამიანებთან აკავშირებს. ფერად, ბრჭვიალა სიუჟეტს მოულოდნელი დასასრული და მთავარი გზავნილი ანაცვლებს. თუკი ვიდეორგოლი ჯერ არ გინახავთ, არ დაგასპოილერებთ – უყურეთ და მომდევნო აბზაციდან განაგრძეთ კითხვა.

კამპანიის საშუალებით, შემოქმედებით ჯგუფს სურდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაეფიქრებინა სელექციურ აბორტზე. ონლაინ სივრცეში ვიდეორგოლის გამოჩენას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მაინც, რა იყო კამპანიის ჩანაფიქრი და როგორ მივიდა Playmakers-ის გუნდი შემოქმედებით გადაწყვეტამდე, სააგენტოს მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე გვესაუბრა.

M: რა იყო სააგენტოს დავალება, ქალთა დღესთან დაკავშირებული კამპანიისთვის და როგორ მიხვედით მის გადაწყვეტამდე? 

პსპსთან თანამშრომლობა ახალი წლის კამპანიით დავიწყეთ. ვიგრძენით, რომ ეს ბრენდი მზადაა გამბედაობისთვის და სურს ისაუბროს ისეთ თემებზე, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება ან შელამაზებულად მოგვეწოდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ რეალობასთან თვალის გასწორება. 8 მარტის კამპანიის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, აქცენტი ქალთა თემაზე გაკეთდა. გვინდოდა, ისეთ პრობლემაზე გვესაუბრა რომელიც რეალურად არსებობს, თუმცა ხანდახან მასზე საუბარს ვერიდებით. ასევე, გვქონდა რამდენიმე კონცეფცია სხვა აქტუალურ თემებზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი ამ კამპანიაზე გაკეთდა

M: რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი და რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი ამ ფორმით გადმოცემა? 

კამპანიის მთავარი სათქმელი არის ის, რომ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და გენდერული ნიშნით არ უნდა მივიღოთ გადაწყეტილება საერთოდ არაფერში, იქნება ეს შვილის გაჩენა, თუ მაგალითად, სამსახურში ადამიანის აყვანა. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წელიწადში, ათასობით გოგო ვერ დაიბადა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უბრალოდ ბიჭი ერჩივნათ, მიუღებელია. ერთი მხრივ, მრავალი ძალისხმევის შედეგად, ეს რიცხვი კლებადია და ეს დამაიმედებელია. მეორე მხრივ, პრობლემას თვალი გვინდა გავუსწოროთ, მეტი ვისაუბროთ და ერთად დავიყვანოთ ეს სტატისტიკა ნულამდე.

M: როგორ დაუკავშირეთ კამპანიის ვიზუალური სტილი მის კონტექსტს?

რაც შეეხება ვიზუალურ სტილსა და პროდუქტების ინტეგრაციას, ამას ცოტა ვრცლად მოვყვები. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა .. “Gender reveal party” სადაც მშობლები პომპეზურად იგებენ მათი მომავალი შვილის სქესს. ამ ღონისძიებებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ფერთა პალიტრა – ცისფერიბიჭის შემთხვევაში და ვარდისფერიგოგოს შემთხვევაში. ამიტომაც შეირჩა ეს სტერეოტიპული ფერი, თითქოს ვიდეო ალეგორიაა ამ ფართის. მეორე ნაწილი იყო პროდუქტების ინტეგრირება და თხრობის სტილი. ჩვენი მიზანი იყო მაყურებელთან, ასე ვთქვათ, კონტრასტითგვეთამაშა“, გვეჩვენებინა სტანდარტული პროდუქტული რეკლამა ბევრი კლიშეთი და ბოლოს გამოგვეჩინა ეს მწარე რეალობა, რომელიც ხშირად იმალება გაპრიალებული ვიდეოებისა და პროდუქტების უკან. ამ ხერხით გავაძლიერეთ მოულოდნელობის ეფექტი.

M: ვიდეორგოლი ენკენი ფილმსთან ერთად შეიქმნა. სამუშაო პროცესზეც გვიამბეთ…

„ენკენი ფილმსთან“ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. თითქმის ყველა ჩვენი კამპანია, ფაქტობრივად, საერთო მუშაობის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს და პროექტებზე ერთ გუნდად ვმუშაობთ. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო რეჟისორი/დამდგმელი ოპერატორი ომარ გელაშვილი და არტ დირექტორი ნუცა ტოგონიძე, რომლებიც ამ ვიდეოს თანაავტორები არიან და რომ არა მათი და ზოგადად მთელი გუნდის დიდი შრომა, პროდუქტი იმ სახით ვერ იარსებებდა, როგორიც ახლა არის.

როგორ არჩევს სილამაზისა და თავის მოვლის ბრენდებს VELI.store

„ავერსი” სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!