in

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია მეამასგან

გზა დამოუკიდებლობამდე გრძელი და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, მისი შენარჩუნებისა და განმტკიცების პროცესი კიდევ უფრო ღრმა და საინტერესოა. დამოუკიდებლობის იდეას ყოველ ჯერზე გააზრება, მის შენებას კი მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. დამოუკიდებლობა პროცესია, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

მეამას კამპანია სვლა დამოუკიდებლობისთვის იმ ადამიანებს, ქმედებებს, მიზნებსა და ღირებულებებს აერთიანებს, რაც ყოველ წელს ხელახლა წერს 26 მაისის ისტორიას. ამ ისტორიას კი ერთად ვქმნით პროგრესისკენ, თავისუფლებისკენ, გაძლიერებისკენ, შთაგონებისკენ, ერთმანეთისკენ სვლით. ეს ღირებულებები ქმნის სწორედ მეამას სვლას და მათზე სიღრმისეულად სასაუბროდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იდეალური დრო იყო.

26 მაისისთვის მეამამ შექმნა ვიდეორგოლი და ტიპოგრაფია, რომელიც კამპანიის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ფორმატში გაიშლება.

M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?

ათინა ბრეგვაძე, ქოფირაითერი: გვსურს, ხაზი გავუსვათ ყოველი დღის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას დამოუკიდებლობისთვის. ვფიქრობთ, რომ სწორი ღირებულებებით უწყვეტი სვლა არის ის, რითაც ვინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობისთვის სვლა ჩვენთვის მოიცავს იმ ხუთ ღირებულებას, რომელსაც მეამა თავისი დაარსების დღიდან იზიარებს. ამ ღირებულებებზე ვისაუბრეთ როგორც ვიდეორგოლში, ისე ყველა სხვა საკომუნიკაციო არხში. თითოეული ეს ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება და, ჩემი აზრით, დამოუკიდებლობისთვის სვლის განუყოფელი ნაწილია.

სვლა პროგრესისკენ

ანუ, მუდმივი განვითარება და ძველის ახლებურად გაცოცხლება შენს ყოველდღიურობაში.

სვლა შთაგონებისკენ

ანუ, გარე სამყაროს უწყვეტი კვლევა და ინსპირაციის ძიება ყველგან და ყოველთვის.

სვლა გაძლიერებისკენ

ანუ, სხვა ადამიანებში უნიკალურობის დანახვა და მათთვის შინაგანი ძალის გადაცემა.

სვლა ერთმანეთისკენ

ანუ, მუხტის, ემოციების, იდეების ყოველდღიური მიმოცვლა და ერთმანეთზე ზრუნვა.

სვლა თავისუფლებისკენ

ანუ, შინაგანი მისწრაფებებისკენ უშიშრად სწრაფვა და თვითგამოხატვა.

თითოეული ეს ღირებულება და სვლა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

M: როგორ გაჩნდა ვიდეორგოლის შექმნის იდეა?

ქეთა ქარჩავა, სოციალური მედიის მენეჯერი: ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, მითუმეტეს ისეთ დღეს, როგორიც 26 მაისია. ვიდეო რგოლი ამის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო.

ასევე, გვსურდა, მთავარი იდეა ესთეტიკური ფორმით გადმოგვეცა და ადამიანებში მეტი ემოციური რეზონანსი გამოგვეწვია. არ გვინდოდა, რომ სათქმელი აბსტრაქტული აღქმის დონეზე დარჩენილიყო. ამიტომაც გადავიღეთ ვიდეო და დამოუკიდებლობისთვის სვლის იდეა მეტად ხელშესახები და ემოციური გავხადეთ.

M: როგორია ვიდეოს კონცეფცია და რა იდეას გამოხატავს?

ქეთა ქარჩავა: ვიდეორგოლში რამდენიმე პერსონაჟს ვხედავთ — თითოეული მათგანი საერთო ღირებულებებით მიისწრაფვის სხვადასხვა მიზნისკენ. შესაძლოა, ისინი ვერც აცნობიერებენ, მაგრამ ამ სვლით ერთიანი მიზნისკენაც მიდიან, ეს მიზანი კი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

ვიდეო აწყობილია ფრაგმენტული კადრებით, რომელსაც ფონად საქართველოს სხვადასხვა წერტილში ჩაწერილი ნამდვილი ისტორიები და ხმები ადევს. გვსურდა გაგვეგო, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანებისთვის 26 მაისი და რას ნიშნავს მათთვის ის ღირებულებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

M: საინტერესოა, უშუალოდ ვინ იმუშავა ვიდეორგოლის შექმნაზე?

ქეთა ქარჩავა: მეამაში გვიყვარს ყოველ პროექტთან ინდივიდუალური მიდგომა და ამოცანების არასტანდარტული გზებით ამოხსნა. ჩვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში კი ხშირად გვეხმარებიან გამორჩეული ხედვის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და საქმეს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით ასრულებენ.

26 მაისის ვიდეო რგოლი მეამასთვის ქართულმა კომპანია JAM PROJECT-მა შექმნა. JAM PROJECT-ის შემოქმედებით გუნდთან მეამას კოლაბორაციის დიდი ისტორია აკავშირებს. გასულ წელს ერთად ვიმუშავეთ პროექტზე, რომელშიც მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერიით ადამიანებს უფრო ახლოს გავაცანით ის ინდივიდები, რომლებიც ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას. ეს პროექტი როგორც ჩვენთვის, ასევე JAM PROJECT-ის გუნდისთვის საინტერესო აღმოჩნდა, მისი შექმნის პროცესი კი საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავლებით აღსავსე. ამჯერადაც ვიცოდით, რომ ისინი საუკეთესოდ გადმოსცემდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზე საუბარიც დამოუკიდებლობის კამპანიაში გვსურდა.

„მართლაც საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენთვის,  ჩვენ აქაც გამოვიყენეთ, JAMPROJECT-ის პრინციპი, რომელიც შექმნილისა და რეალურის ძალიან მყიფე ზღვარზე გავლას გულისხმობს და რომლითაც ჩვენ მეამას პირველ პროექტზეც ვიმუშავეთ. გადავწყვიტეთ, ვიდეოს ორი კომპონენტი, გახმოვანება და გამოსახულება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოგვეყენებინა და ამით მაყურებელთან დაახლოების ორმაგი ეფექტისთვის მიგვეღწია. ვიდეოს  ვიზუალური ნაწილი აგებულია დოკუმენტური ესთეტიკით გადაღებულ მიკრო ისტორიებზე, უფრო სწორედ სიმბოლოებზე, ერთი შეხედვით გამორჩეულ, თუმცა ამავდროულად ძალიან უნივერსალურ ამბებზე.

ფონად მაყურებელს რეალური ადამიანების, სიუჟეტისგან დამოუკიდებელი, თუმცა იდეურად დაკავშირებული, ძალიან გულწრფელი ფრაზები ესმის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მეამას გუნდი აბსოლუტურად იზიარებდა ჩვენ მიდგომებს, საერთო სულისკვეთებით ვმუშაობდით და ერთობლივად ვთქვით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი – ეს ჩვენ ვართ, ეს ფილმიც ჩვენზეა და გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე და ერთად ქმნის საქართველოს  დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“,გრიგორ დევეჯიევ (ჯიჯი), JAMPROJECT-ის დამფუძნებელი. 

საგულისხმოა, რომ მეამამ, კამპანიის ფარგლებში, ვიდეოსთან ერთად შექმნა აუდიო დოკუმენტების სერია, სადაც სხვადასხვა ადამიანი დამოუკიდებლობის ხუთი ღირებულების შესახებ საუბრობს. თითოეული ხმა გვიყვება საკუთარი გამოცდილებების შესახებ და სხვადასხვა პრიზმიდან გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყოს დამოუკიდებელი.

მოისმინე სვლა დამოუკიდებლობისთვის | მეამას ხმა

რა შეცდომებს უშვებენ ქართული კომპანიები ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებისას?

„მონა ლიზას“ ნამცხვარი ესროლეს