რა ასოციაცია გიჩნდებათ, ადამიანებზე, რომლებსაც ყოველდღიურობის შეცვლა შეუძლიათ? პირველი, ალბათ, მათ სიახლე და პროგრესი უკავშირდება. #Progressmakers ზუსტად ახასიათებს პერსონაჟებს, რეალურ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც ყველა რომ შევხვედრივართ – ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მნიშვნელოვან სიახლეებს ქმნიან და ამბობენ განსხვავებულ სიტყვას, თავიანთ სფეროში. „მეამამ“ სწორედ ასეთი გმირები გააერთიანა ახალ პროექტში „ადამიანები, რომლებიც ცვლიან ყოველდღიურობას“. უფრო ზუსტად, 15 ასეთი გმირი.
პირველ ეტაპზე იყო საუბრები ლევან ბახიასთან, დეა კულუმბეგაშვილთან, ირაკლი რუსაძესთან, ანანო დოლაბერიძესთან და შოთა ჩინჩალაძესთან, მათი ხედვები ვიდეო-ინტერვიუებში AT.ge-სტან. შემდეგ – ჯინო დილინის, ლუიზა ჩათალაშვილის, დათა თავაძის, ანუშკა ჩხეიძის, გიორგი და შოთა მიქაიების ფოტო – ინტერვიუები, რომლებიც Hammock Magazine-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. პროექტი JamProject-ის გადაღებული ფილმებით დასრულდა, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ტუსია ღარიბაშვილი, გიორგი ხმალაძე, თამარ ქაფიანიძე, ლუკა თოფურია და ლევან სონღულაშვილი არიან. ისინი საკუთარ ემოციებსა და ოცნებებზე, მასწავლებლის პირველ შექებაზე, ხეზე სახლის აშენების ან კოსმოსში გაფრენის სურვილზე გვიყვებიან. მუსიკა კი, რომელიც სულ პირველი ბგერიდან და კადრიდან, მოსმენისთანავე აგეკვიატებათ, ლუკა თოფურიამ შექმნა.
დღეს ზუსტად ამ მინი ფილმებზე, ასევე – მთლიანი კამპანიის იდეასა და მიზნებზე, „მეამას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელთან მაგდა გუგავასთან, JamProject-ის დამფუძნებლებთან გრიგორ დევეჯიევთან და მერაბ ჭუმბურიძესთან ერთად გიამბობთ.
მაგდა გუგავა: „მეამა“ არის კომპანია, რომელიც ახალი და განსხვავებული მიდგომებით ქმნის ინოვაციურ პროდუქციასა და მომსახურებას. ჩვენ ყავის მოხმარების ათასწლოვან ტრადიციას ვცვლით, მომხმარებელს კი ყავის ახალ კულტურასა და გამოცდილებას ვუზიარებთ.
კამპანიაზე რომ დავიწყეთ მუშაობა, მთავარი იდეა ისეთი ადამიანების წარმოჩენა იყო, რომლებიც, პირველ რიგში, საქართველოში და შემდეგ უკვე მის ფარგლებს გარეთ ქმნიან პროგრესს და ახდენენ მნიშვნელოვან ძვრებს, სხვადასხვა სფეროში. ამ პროექტით, საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გავაცანით ძალიან საინტერესო პიროვნებები, ვაჩვენეთ, როგორ ფიქრობენ ისინი განსხვავებულად და როგორ ქმნიან, საკუთარ სფეროში, მნიშვნელოვან სიახლეებს, ცვლიან ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობას. „მეამასთვის“, როგორც პროგრესის შემქმნელი ქართული კომპანიისთვის, საინტერესოა ისეთი ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობა, თავიანთი იდეებითა და ნოვატორული ბუნებით რომ ქმნიან ახალ სტანდარტებს.
პერსონაჟები როგორ შეარჩიეთ ამ კამპანიისთვის?
მაგდა გუგავა: პროექტის უმთავრესი გამოწვევა, რა თქმა უნდა, გმირების აღმოჩენა იყო, ისეთი ადამიანების, ვინც საკუთარი ხედვებით თუ მიდგომებით თანხვედრაში იქნებოდნენ „მეამას“ ძირეულ ფასეულობებთან და ფილოსოფიასთან. პროცესში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებიც საქართველოში მნიშვნელოვან ძვრებს ახდენენ ხელოვნების, ბიზნესის, არქიტექტურის და სხვა მრავალი მიმართულებით. საბოლოოდ, შევარჩიეთ 15 ადამიანი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად წარმატებული გამოვიდა.
გრიგორ დევეჯიევი: მე კამპანიის დასკვნითი ეტაპის, ბოლო 5 ფილმის პერსონაჟებზე ვისაუბრებ. ზოგადად, JAM PROJECT-ის მთავარი ნიშა მოდის ინდუსტრიაა და არა – სარეკლამო ბიზნესი. შესაბამისად, ამ პროექტზე მუშაობა გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. მთავარი ამოცანა გახლდათ, პირველ რიგში, ჩვენთვის გაგვეხადა საინტერესო პროექტის ყველა ეტაპი – „მეამას“ გაცნობიდან, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. და რაც მთავარია, გვინდოდა, რომ შინაარსობრივი ყოფილიყო მთლიანი პროცესი და არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი. აქ ჩვენი გამოწვევა იყო, შეგვექმნა ალტერნატიული კონტენტი, რომელიც თავისი შინაარსითა და ვიზუალური თხრობის სტილით, სრულიად ახლებურად დაგვანახებდა ამ ადამიანების შინაგან სამყაროს. თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, სასურველ შედეგს მხოლოდ არასტანდარტული და ექსპერიმენტული პროცესი მოგვცემდა. ამის გარანტიას გვაძლევდა „მეამას“ არა მხოლოდ მზაობა, არამედ მოტივაციაც, შეეცვალა ამ ინდუსტრიაში აპრობირებული შინაარსობრივი და ვიზუალური მიდგომები.
ზუსტად კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ამ 5 ფილმზე, მინდა, ვისაუბროთ. აქ პერსონაჟები პირად საკითხებზე, საკუთარ ფიქრებსა და განცდებზე გვიყვებიან და არა, ვთქვათ, საქმეზე, კარიერაზე. რატომ?
მაგდა გუგავა: „მეამას“ ახალი პროექტის არსი და მიზანი სწორედ ეს იყო – ის ადამიანები, რომლებიც ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას, საზოგადოებას სულ სხვა კუთხით გაეცნო, ჩაეხედა მათ ფიქრებში, მოგონებებში, ოცნებებში და ემოციურად ემოგზაურათ მათ შინაგან სამყაროში. მოგზაურობა ხომ ბევრი სახის არსებობს, მაგრამ ინდივიდის ქვეცნობიერ სამყაროში შეღწევა, მისი ნააზრევის და ფიქრების გადმოცემა, ყველაზე საინტერესო ადამიანური გამოცდილებაა.
მერაბ ჭუმბურიძე: JamProject-მა სრული შემოქმედებითი თავისუფლება მიიღო. პირველ რიგში, უარი ვთქვით სტანდარტულ სარეკლამო გამოსახულებაზე, სცენარსა და რეჟისურაზე. გმირებთან ურთიერთობის სრული თავისუფლების გამო, გვქონდა საშუალება, მთლიანად შეგვეცვალა კომუნიკაციის ფორმები და მაქსიმალურად დავახლოვებოდით მათ. ჩვენი გუნდის სამუშაო ფრაზაც ეს იყო – „რაც შეიძლება ახლოს, სადამდეც მიგვიშვებენ“. ურთიერთობის დროს მივხვდით, რომ პირველ რიგში, მათზე უნდა გვესაუბრა, როგორც უბრალო ადამიანებზე, ბავშვობისა და ზრდასრულობის სხვადასხვა, თითქოს, უმნიშვნელო გამოცდილებებზე, ოცნებებზე, იმედგაცრუებებსა და გადაწყვეტილებებზე, რადგან ის, ვისაც ისინი დღეს წარმოადგენენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ პატარა ამბების შედეგია.
გრიგორ დევეჯიევი: ამ მიგნებამ უფრო გაგვათავისუფლა. თავიდანვე იყო გამოწვევა, მაქსიმალურად აგვევლო გვერდი მათი პროფესიული მიღწევებისთვის, რადგან ეს ინფორმაცია ხომ ყველასთვის, სხვადასხვა წყაროებით, ისედაც ხელმისაწვდომია?! გვინდოდა, შეგვექმნა, ატმოსფერო, სადაც ვიზუალი უკვე მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე, სიმბოლური ნაწილი გახდებოდა.
არასტანდარტულია ფილმების კადრები, რეჟისურა . . .
მერაბ ჭუმბურიძე: ყველა სცენარი, კადრები და რეჟისურა გმირებთან საუბრების პროცესში შეგროვებული სიმბოლოებისგანაა აგებული და შთაგონებული. მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალურად, გამოგვერიცხა ხელოვნურობა და ერთის მხრივ, მხატვრული, არა დოკუმენტური კადრები გმირების ძალიან გულწრფელი საუბრით დაგვებალანსებინა. ფილმები გახმოვანებულია ჩვენი გაცნობის ჩანაწერებით, რომ არ დაკარგულიყო პირველი შეხვედრისა და საუბრის ნამდვილი მუხტი, მოტივაცია. გვინდა, მაყურებელს ჰქონდეს განცდა, რომ გმირი მას ესაუბრება.
გრიგორ დევეჯიევი: სხვისი მზა წარმატება, თითქოს, გვაშინებს და რატომღაც, გვგონია, რომ ასეთი ადამიანი ჩვენგან შორს არის. გვეჩვენება, რომ ეს წარმატებაც მიუღწეველია, თუმცა, რეალურად, ასე არაა. ზუსტად ამიტომ გვინდოდა, პარალელები გაჩენილიყო მაყურებელსა და გმირს შორის – სკოლაში პირველად მარტო წასვლის, კოსმოსში გაფრენის და ხეზე სახლის აშენების სურვილი, მასწავლებლის პირველი შექების სიხარული და ზაფხულის არდადეგების მოგონებები, სწორედ ისაა, რითაც ყველანი ვიწყებთ, დანარჩენი უკვე ჩვენს ხელშია.
ახლა მთლიან კამპანიაზე ვისაუბროთ – ვინ არიან Progressmakers? ანუ ის 15 პერსონაჟი, ვინც „მეამას“ ახალი პროექტით აბსოლუტურად სხვა კუთხით გავიცანით?
მაგდა გუგავა: ისინი არიან სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ინტერესების მქონე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ახალ სიტყვას ამბობენ, სხვადასხვა სფეროში. ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო ნამდვილად არსებობენ და სწორედ ისინი ქმნიან სიახლეებს, რომლითაც ყველანი ერთად ვსაზრდოობთ.
კამპანიის ბოლო ფილმიც გამოვიდა. ამ ეტაპზე, შესაძლოა, ციფრებით შეფასებაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ თუნდაც, სოციალურ ქსელში მიღებული გამოხმაურებებით, რა შეგიძლიათ თქვათ?
მაგდა გუგავა: ჩვენი გუნდისა და პროექტში ჩართული თითოეული ადამიანისთვის, იდეა, შინაარსი, თავად განხორციელების პროცესი იმდენად საინტერესო იყო, გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობთ, პროექტი შედგა. „მეამას“ მთავარი ღირებულებების ხაზგასმაში სწორედ ის ადამიანები დაგვეხმარნენ, ვინც იმავე მიდგომებითა და ღირებულებებით ქმნიან მნიშვნელოვან სიახლეებს საქართველოში და ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას. სანამ ციფრებზე შევძლებთ საუბარს, სასურველ შედეგებზე უკვე მეტყველებს ყველა ის შეფასება, რაც თითოეულ ინტერვიუს, თუ ფილმს მოჰყვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩერდებით, „მეამას“ გუნდი კიდევ უფრო მეტი მოტივაციით და სტიმულით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ სიახლეს შემოგთავაზებთ.
[R]